skip to content
ახალი ამბები

აფხაზეთის „მთავრობის მეთაური“ რეგიონის „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად“ დაინიშნა

ოკუპირებული აფხაზეთის „მინისტრთა კაბინეტის“ თავმჯდომარე ვალერი ბგანბა რეგიონის „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი“ გახდა. მან ეს პოსტი რაულ ხაჯიმბას გადადგომის შემდეგ დაიკავა, რომელმაც თანამდებობა 12 იანვარს დატოვა.

ადგილობრივი მედიის 13 იანვრის ცნობით, რეგიონის 35-წევრიანმა „პარლამენტმა“ დღევანდელ საგანგებო სხდომაზე ხაჯიმბას გადადგომას და „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად“ ბგანბას დანიშვნას მხარი დაუჭირა.

ხაჯიმბას გადადგომამდე, აფხაზეთის „საარჩევნო ადმინისტრაციამ“ ვადამდელი არჩევნები 22 მარტს დანიშნა. ამ განცხადებამდე 2 დღით ადრე, „უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატამ“ პარასკევს გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც 8 სექტემბერს გამართული „საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური“ ბათილად ცნო.

9 იანვარს, პროტესტის ფონზე, რომელზეც მოსახლეობა ხაჯიმბას გადადგომასა და ვადამდელ არჩევნებს ითხოვდა, აფხაზეთის „პარლამენტმა“ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდა, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა.

პარლამენტის მოწოდებას წინ ასობით ადამიანის მიერ ხაჯიმბას ადმინისტრაციის შენობის შტურმით აღება უძღოდა. ხაჯიმბამ მოვლენები „სახელმწიფო გადატრიალების“ მცდელობად შეაფასა.

იმავდროულად, რუსეთის ოფიციალური პირები აფხაზეთის კრიზისის მოგვარებაში ჩაერივნენ. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, რაშიდ ნურგალიევი ოკუპირებულ რეგიონში პარასკევს ჩავიდა და ხაჯიმბასთან შეხვედრები პარასკევს და შაბათს გამართა. კვირას შუადღისას, კრიზისის მოგვარების მიზნით, ნურგალიევმა რაულ ხაჯიმბასა და ოპოზიციონერებს, ასლან ბჟანიასა და ალხას კვიცინიას შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლი იკისრა.

რუსული მედიის ინფორმაციით, 12 იანვრის საღამოს, ხაჯიმბას გადადგომამდე მცირე ხნით ადრე, სოხუმში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ჩავიდა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვლადისლავ სურკოვი თავის თანაშემწედ აფხაზეთთან და ცხინვალთან ურთიერთობების საკითხებში 2013 წლის სექტემბერში დანიშნა.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არჩევნებს თბილისი და საერთაშორისო საზოგადოება, რუსეთისა და იმ ოთხი ქვეყნის (ნაურუ, ვენესუელა, სირია და ნიკარაგუა) გარდა, რომლებმაც ორი რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს, უკანონოდ მიიჩნევს.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button