skip to content
ახალი ამბები

არჩილ თალაკვაძე პარლამენტში ანგარიშით ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე წარდგა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე 18 თებერვალს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგა და საკანონმდებლო ორგანოს გასული წლის საქმიანობა შეაჯამა. სხდომას პროტესტის ნიშნად ოპოზიციის არცერთი წევრი დასწრებია.

დეპუტატების, მთავრობის წევრების, ასევე აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წინაშე გამოსვლისას, თალაკვაძემ განაცხადა, რომ ახლანდელ „პოლიტიკურ ოპოზიციაში“ არიან ადამიანები, რომელთაც „თავის დროზე სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებს მიჰყიდეს, ბრძოლის ველზე ჯარისკაცები დატოვეს და [2008 წლის აგვისტოს ომის დროს] მშვიდობიანი მოსახლეობა საომარ ზონაში მიატოვეს“.

როდესაც თალაკვაძე ოპოზიციას იმის გამო აკრიტიკებდა, რომ მათ ევროპის საბჭოში იმ რეზოლუციას მოაწერეს ხელი, რომელიც „საქართველოს საომარი მოქმედებების დაწყებაში ადანაშაულებდა“, სხდომათა დარბაზში ევროპული საქართველოს დეპუტატები – ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი შემოვიდნენ, რომლებსაც მეგაფონებში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჰქონდათ ჩართული. ორივე დეპუტატს დარბაზი მაშინვე დაატოვებინეს.

2018 წელს მიღებული რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარემ წინა წლის საქმიანობის შემაჯამებელი და მომავალი წლის პრიორიტეტების განმსაზღვრელი ანგარიში დეპუტატებს გაზაფხულის პლენარული სხდომის პირველ კვირაში უნდა წარუდგინოს.

თავის გამოსვლაში არჩილ თალაკვაძემ ასევე ისაუბრა საპარლამენტო არჩევნების წინ ოპოზიციის „სუბიექტურ და ზოგჯერ დესტრუქციულ დამოკიდებულებაზე“. მისი თქმით, ოპოზიციის ზოგ წარმომადგენელს საზოგადოების ნულოვანი ან დაბალი მხარდაჭერა აქვს, „წინასაარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ატარებს და ცდილობს საკუთარი ქვეყნისა და ხელისუფლების იმიჯის დაზიანებით მიიღოს შედეგი“.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ 2018 წელს ქართულმა ოცნებამ დანაპირები შეასრულა და კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ 2024 წლიდან საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავა. მისივე თქმით, მმართველი პარტია საარჩევნო სისტემის რეფორმირების თემაზე ოპოზიციასთან დიალოგს ემხრობა და რომ არსებული შერეული საარჩევნო სისტემის ცვლილების კომპრომისული წინადადებითაც გამოვიდა.

ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლებისგან ცოტა ხნის წინ მიღებულ კრიტიკულ წერილებზე საუბრისას, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მათთან კომუნიკაციაში შეფერხება მას შემდეგ გაჩნდა, რაც საგარეო ურთიერთობებში პასუხისმგებელმა მმართველი პარტიის დეპუტატებმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს. თალაკვაძისვე თქმით, დღეს მმართველ პარტიას დასავლელ პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია აქვს და მათ ინფორმაციას მომავალ არჩევნებზეც მიაწვდის.

დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა, რომელმაც თალაკვაძის გამოსვლისას საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართო, განაცხადა, რომ ამ ჰიმნის სულისკვეთება საუკეთესოდ აღწერს საქართველოს პარლამენტში არსებულ ვითარებას. მოგვიანებით, ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ დღევანდელი პლენარული სხდომა კომუნისტური პარტიის რიგითი სხდომა იყო. მან თალაკვაძის კომენტარს „ცინიკური“ უწოდა.

„ქვეყანაში გყავთ პოლიტპატიმრები. გიგი უგულავა პირდაპირ მოლაპარაკებების მაგიდიდან აიყვანეს და ციხეში ჩააგდეს. დაკავებით ემუქრებიან ყველა ლიდერს ოპოზიციის და საქმეები აღძრული კრიტიკული მედიის მენეჯერების წინააღმდეგ… საქართველოს არ უნდა საბჭოთა კავშირში დაბრუნება“, – განაცხადა ნადირაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button