skip to content
ახალი ამბები

ქართული ოცნების დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებენ

2020 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების შემდეგ, ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობას და საპარლამენტო თანამდებობას მმართველი პარტიის დეპუტატები ტოვებენ.

საპარლამენტო თანამდებობიდან გადადგომისა და საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ ამ დროისათვის პარლამენტის 8 წევრმა განაცხადა. მათ შორის არიან:

  • თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
  • სოფიო ქაცარავა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
  • დიმიტრი ცქიტიშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
  • თამარ ხულორდავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
  • ირინე ფრუიძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
  • გიორგი მოსიძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი
  • მარიამ ჯაში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე
  • ზაზა ხუციშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე

გადადგომის მიზეზებზე საუბრისას, პარლამენტის თამჯდომარის ყოფილმა პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ის პასუხისმგებლობას გრძნობს იმაზე, რომ თვეების განმავლობაში ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას ჰპირდებოდა, თუმცა ეს დაპირება არ შესრულდა.

„მე არ მქონია უმრავლესობიდან გასვლის სურვილი. ეს არც დაგეგმილი და არც ორგანიზებული ყოფილა. მე მინდოდა დარჩენა საპარლამენტო უმრავლესობასთან, მაგრამ დღევანდელი კენჭისყრის შედეგები მე უბრალოდ სხვა გზას არ მიტოვებს, როგორც ერთ პარლამენტის წევრს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ქართული ოცნების უმრავლესობა 104 დეპუტატს აერთიანებდა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას დღევანდელ სხდომაზე ხმა მმართველი პარტიის 57 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 2020 წლიდან საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების წინააღმდეგ ძირითადად ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატები იყვნენ, თუმცა მათ მხარი პარტიული სიით არჩეულმა დეპუტატებმაც აუბეს.

საპარლამენტო ოპოზიციის 44 დეპუტატმა პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭირა, თუმცა კანონპროექტმა მისი მიღებისათვის საჭირო 113 ხმის მოპოვება ვერ შეძლო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button