ახალი ამბები

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად რუსლან აბაშიძე აირჩიეს

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ კარიერული დიპლომატი, რუსლან აბაშიძე აირჩია.

აბაშიძეს 2019 წლის იანვრიდან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობა უკავია. 2009-2013 წლებში ის საქართველოს ელჩი იყო ესტონეთში. მანამდე მას რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა (2006-2009).

აბაშიძის კანდიდატურა მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე დასამტკიცებლად საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს წარედგინება. მანამდე ის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იქნება. დამტკიცების შემთხვევაში, აბაშიძე ვახტანგ ყოლბაიას შეცვლის. მას აღნიშნული თანამდებობა 2013 წლიდან ეკავა.

გადაწყვეტილებას წინ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ჯემალ გამახარიას არჩევა უძღოდა.

აფხაზეთის მთავრობა და უმაღლესი საბჭო 90-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ დევნილობაში იმყოფება. თბილისი ამ ორ სტრუქტურას რეგიონის ერთადერთ ლეგიტიმურ ადმინისტრაციულ ხელისუფლებად მიიჩნევს.

თავის ახალ რანგში, აბაშიძე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ქართული დელეგაციის წევრი იქნება.

აფხაზეთის მთავრობა ოთხ სამინისტროს და სამ დეპარტამენტს აერთიანებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button