skip to content
ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ პარლამენტში ნაცმოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შესასწავლად საგამოძიებო კომისია დაკომპლექტდა

„ქართული ოცნების“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანომ  ნაწილობრივ დააკომპლექტა კომისია, რომლის მიზანიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს „რეჟიმის დანაშაულების“ გამოძიებაა. მან ასევე დაიმუქრა, რომ კომისიასთან თანამშრომლობაზე უარს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოყვება.

მათიკაშვილის თქმით, კომიტეტმა კომისიაში ათი წევრის კვოტა დაადგინა, სადაც ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ხუთი ადგილი ექნება, „ხალხის ძალას“ – ორი, ხოლო „ევროპელ სოციალისტებს“ – ერთი. „ორი ადგილი დარჩება ვაკანტური, რომელიც შეივსება  მას შემდეგ, რაც გახარიას პარტია გაამართლებს საკუთარი ამომრჩევლის ნდობას და შემოვა პარლამენტში და ბუნებრივია, აითვისებს [ამ ადგილებს]“, – განაცხადა მან.

მათიკაშვილის თქმით, ვინც უარს იტყვის თანამშრომლობაზე, სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს კონკრეტული პუნქტი და მას შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება. ამის მაგალითად, მან პოლონეთი მოიყვანა, სადაც მისი თქმით, ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა არ ითანამშრომლობა პარლამენტის საგამოძიებო სტრუქტურასთან და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მისი პარტია არ ითანამშრომლებს კომისიასთან.

პარლამენტის საგამოძიებო კომისია წინა ხელისუფლების სავარაუდო „დანაშაულების“ გამოსაძიებლად შეიქმნა. მათიკაშვილის თქმით, კომისიის მუშაობა იქნება საჯარო და გამჭვირვალე. კომისიას სამთვიანი მანდატი ექნება, რომელიც შეიძლება მაქსიმუმ ექვს თვემდე გაგრძელდეს. გამოძიება არმიის გენერლებსა და ჯარისკაცებს არ შეეხება.

საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტს არ აქვს ლეგიტიმაცია, რადგან ის 26 ოქტომბრის სადავო არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა. მმართველი პარტიის გარდა, მანდატების მისაღებად საჭირო 5%-იანი ბარიერი ოთხმა ოპოზიციურმა ძალამ გადალახა. ესენია: კოალიცია ცვლილებისთვის, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა, ძლიერი საქართველო და გახარია საქართველოსთვის.

სამშაბათს, 4 თებერვალს, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნისას, მმართველი პარტიის დეპუტატებმა სამი ოპოზიციური ძალის დეპუტატებს უფლებამოსილებები შეუჩერეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button