skip to content
ახალი ამბები

ციხელაშვილმა ევროპარლამენტარებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა 21 იანვარს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამოსვილისას საქართველოში, კერძოდ კი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

ციხელაშვილის თქმით, „მოუგვარებელი კონფლიქტი და რუსეთის მიერ მისი ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაცია“ საქართველოს მთავარ გამოწვევად რჩება. „ჩვენ საქმე არ გვაქვს გაყინულ კონფლიქტთან; ვითარება სულაც არ არის უძრავი, არამედ დინამიურია ადგილზე და ის ნეგატიურია, როდესაც საქმე უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ შედეგებს ეხება“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ოკუპირებული რეგიონების მთავრობები „ემხრობიან რუსეთის სრულ კონტროლს ცხოვრების ყველა სფეროზე“. მან აღნიშნა, რომ აფხაზეთი და ცხინვალი „სულ უფრო იზოლირებული და მილიტარიზებული გახდნენ“ და რომ რუსეთის სამხედრო პერსონალის რაოდენობა „ათიათასამდე გაიზარდა“ მაშინ, როდესაც ორივე ოკუპირებულმა რეგიონმა თავისი თავდაპირველი მოსახლეობის 70% და 80% დაკარგა, შესაბამისად.

ციხელაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ამ ტერიტორიებზე ყოველწლიურად 130 სამხედრო წვრთა ტარდება, რაც მათ, განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთს, რომლის ამჟამინდელი მოსახლეობაც 20 000-ს შეადგენს, [რუსეთის] სამხედრო ბაზად აქცევს“.

„იმავდროულად, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებს კვლავ არ აქვთ წვდომა [ოკუპირებულ რეგიონებზე], რაც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების დარღვევაა“, – განაცხადა ციხელაშვილმა და დასძინა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 50 რაუნდი „სწორედ ამ საკითხის მოგვარებას ემსახურება“.

სახელმწიფო მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ „ძალიან რთული გარემოს მიუხედავად“, საქართველო „მზადაა ერთადერთ ხელმისაწვდომ და უკიდურესად მნიშვნელოვან ფორმატში პროგრესის შესაძლებლობები გამონახოს“.

ციხელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა, რაც მისი თქმით, 300 000 ქართველს შეადგენს „დევნილობაში იმყოფება და არ აქვს შესაძლებლობვა, რომ საკუთარ სახლებს დაუბრუნდეს, ხოლო დანარჩენებს არ გააჩნიათ განვითარების რაიმე პერსპექტივები და საშიშ გარემოში ცხოვრობენ“.

შემდეგ ციხელაშვილმა ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლის ხანმოკლე დაკავებაზე ისაუბრა და საოკუპაციო ძალების ამ ქმედებას „სამწუხარო და თავხედური“ უწოდა.

მან გამყოფ ხაზზე მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესზეც ისაუბა და აღნიშნა, რომ ბოლო თვეების მანძილზე ეს ტერიტორია “ბორდერიზაციის” ძალიან საგანგაშო მცდელობის ადგილად იქცა. „ცალსახაა, რომ ეს არის საოკუპაციის ხაზის მიღმა გადმოსვლის და იმ უფრო დიდ ტერიტორიებზე კონტროლის დამყარების მცდელობა, რომლებსაც ამჟამად ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, „ამჟამად, 100 კილომეტრი სიგრძის მავთულხლართები 116 სოფელს ყოფს საქართველოს შუაგულში. ახლა როდესაც ჩვენ აქ ვსაუბრობთ, რუსეთის FSB-ს ძალები რკინის ღობეებს აშენებენ სოფელ გუგუტიანთკარში, სადაც ბორდერიზაციის პროცესი შარშან აგვისტოშიც მიმდინარეობდა, რუსეთის ინტერვენციის წლისთავზე“.

ციხელაშვილმა იმ „სრულ იზოლაციასა და ჰუმანიტარულ კრიზისზეც“ ისაუბრა, რომელსაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, განსაკუთრებით კი ახალგორის რაიონის მაცხოვრებლები განიცდიან დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ხუთი გამშვები პუნქტის ხუთთვიანი დახურვის ფონზე.

„რაც ყველაზე სავალალოა, საკუთარი უკანონო მიზნების მისაღწევად, მათ მძევლად აყავთ მოქალაქეები და ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობა. უკვე თვეები გავიდა, რაც ცხინვალის რეგიონის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი გამშვები პუნქტი დახურულია“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

„ეს მძიმე ტვირთად აწევს ქართველებით დასახლებულ ერთდაერთ რაიონს, ახალგორს 1500 მოსახლით, რომლებიც სრული იზოლაციის და ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგანან“, – განაგრძო ციხელაშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ „ეს იმ სიცოცხლის ხაზის გადაჭრის ტოლფასია, რომელიც წამლებით, საკვებით, ძირითადი პროდუქტებით და პენსიებით ამარაგებს“.

„ეს, პირდაპირ რომ ვთქვათ, ადამიანებს სიცოცხლის ფასად უჯდებათ, რადგანაც ჩვენ უკვე დავკარგეთ რამდენიმე ადამიანი იმ მიზეზით, რომ მათ უარი უთხრეს თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლაზე სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით. სიტუაცია ჰუმანურობის ყველანაირ სტანდარტს სცილდება და ეს აღარ უნდა დავუშვათ“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

შემდეგ მან უთხრა ევროპარლამენტარებს, რომ „დღეს, თქვენის ნებართვით, მე ახალგორელების სახელით გთხოვთ დახმარებას. გამშვები პუნქტები უნდა გაიხსნას ყოველგვარი დაყოვნების და წინაპირობების გარეშე“.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, ათასობით ადამიანი განიცდის იზოლაციას და ხელოვნურ გაყოფას, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. ამ კუთხით, მან განაცხადა, რომ „2018 და 2019 წლებში, ექვსჯერ მეტი ადამიანი დააკავეს რუსეთის FSB-ს მესაზღვრეებმა, რომლებიც ოკუპირებული რეგიონიდან დანარჩენ საქართველოში გადმოსვლას ცდილობდნენ, ვიდრე პირიქით. და FSB-ს ოფიციალური სტატისტიკაც ამას ადასტურებს. ეს ძალიან შთამბეჭდავი მონაცემებია, თუ რა გავლენას ახდენს ეს გაყოფა ყველაზე“.

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორი მძიმე ვითარებაა იქ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, როგორ ხდება ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის სიცოცხლის უფლების ხელყოფა“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ქეთევან ციხელაშვილმა დეკემბრის ბოლოს ცხინვალის პატიმრობიდან ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასა და ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს მოქალაქეების, ირაკლი კვარაცხელიას, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის გარდაცვალებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მიუხედავად ყველა მცდელობისა, სამართალი არ აღსრულდა“ დამნაშავეთა წინააღმდეგ.

მინისტრმა გალის რაიონში ქართველების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „გალის რაიონის 40 000 მოსახლე ამ სიტუაციის მსხვერპლია“. „ისინი აშკარა ეთნიკური დისკრიმინაციის სამიზნეები არიან, მათი ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა საკუთრების, საცხოვრებლის, გადაადგილების და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება ირღვევა და იზღუდება“.

მისი თქმით, „მათი მდგომარეობა 2014 წლის შემდეგ გაუარესდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ე.წ. და უკვე ყოფილი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მოვიდა“. „იგი მასობრივი პროტესტის შედეგად გადადგა, რაც ადგილზე არსებული მძიმე სიტუაციის მიმართ უკმაყოფილების მანიშნებელია“.

„არსებული სიტუაცია არავის ინტერესში არ შედის, არც ქართველების და არც აფხაზების და ოსების. ჩვენ ყველა ვზიანდებით ამით“, – განაცხადა ციხელაშვილმა და დასძინა, რომ საქართველო თავისი სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული რჩება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button