skip to content
ახალი ამბები

ცხინვალში ახალგორის მუნიციპალიტეტიდან გადაყვანილი პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ იკოთიდან, სავარაუდოდ ინსულტის დიაგნოზით, ცხინვალში გადაყვანილი პაციენტი, მარგო მარტიაშვილი, 28 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია ახალგორელმა აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა გუშინ გაავრცელა.

მარტიაშვილისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა გაჭიანურდა. საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული ახალგორის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი „რაზდახანის“ გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, პაციენტის თბილისში გადაყვანა ვერ მოხერხდა. ცხინვალიდან გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების მანქანამ კი, მარტიაშვილის საავადმყოფოში გადაყვანას, შორი მანძილის გამო, სამი საათი მოანდომა.

„ეს არის საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი“, – განაცხადა დღეს საკითხის კომენტირებისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა. „მე დღესაც, როგორც არაერთხელ ამ დღეების განმავლობაში, მოვუწოდებ ყველას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გახსნან ახალგორის გადასასვლელი. ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე არის მთლიანად მთელი [ახალგორის] რაიონი და არა მხოლოდ, ცხინვალის მოსახლეობაც, იმიტომ, რომ ახალგორიდან კავშირზე დამოკიდებული არიან არამხოლოდ ახალგორელი ქართველები, არამედ იქ მცხოვრები ოსებიც“, – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტები „რაზდახანი“ (ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელი მოსაბრუნი, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ოძისი) და სინაგური (საჩხერის მუნიციპალიტეტი) 2019 წლი 4 სექტემბერს ჩაკეტა. საოკუპაციო რეჟიმი გამშვები პუნქტების გახსნას თავდაპირველად 6 სექტემბერს გეგმავდა, თუმცა შემდგომ ცხინვალმა განაცხადა, რომ გამშვები პუნქტები არ გაიხსნება, ვიდრე თბილისი არ გააუქმებს აგვისტოს ბოლოს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან, საოკუპაციო ხაზთან მოწყობილ ქართულ საპოლიციო საგუშაგოს.

სადავო საგუშაგოსთან დაკავშირებით, ცხინვალის, მოსკოვის და თბილისის წარმომადგენლებმა აგვისტოს ბოლოდან ექვსი ტექნიკური შეხვედრა გამართეს, თუმცა მოლაპარაკებებში პროგრესს ვერ მიაღწიეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button