skip to content
ახალი ამბები

ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერი რაულ ხაჯიმბა გადადგა

ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა გადადგა. აფხაზეთის ლიდერმა გადაწყვეტილება კვირა საღამოს მიიღო, იმ ფონზე, როცა მის წინააღმდეგ განწყობილმა ასობით მოპროტესტემ „საპრეზიდენტო ადმინისტრაციის“ (ყოფილი ქალაქკომის) შენობიდან „საპრეზიდენტო რეზიდენციის“ შენობისაკენ გადაინაცვლა.

მანამდე, აფხაზეთის „საარჩევნო ადმინისტრაციამ“ 22 მარტს ვადამდელი „საპრეზიდენტო არჩევნები“ დანიშნა. ამ განცხადებამდე 2 დღით ადრე, „უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატამ“ პარასკევს გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც 8 სექტემბერს გამართული „საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური“ ბათილად ცნო.

თუმცა, მომიტინტეები ხაჯიმბას დაუყონებლივ გადადგომას ითხოვდნენ, რათა ის ვადამდელი არჩევნების გზით ახალი ლიდერის არჩევამდე არ დარჩენილიყო ოკუპირებული რეგიონის ლიდერის პოსტზე.

ხუთშაბათის პროტესტის ფონზე, რომელიც ხაჯიმბას გადადგომასა და ვადამდელ არჩევნებს ითხოვდა, აფხაზეთის „პარლამენტმა“ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდა, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა.

10 იანვარს ხაჯიმბამ განაცხადა, რომ საკასაციო კოლეგიის გადაწყვეტილებას „უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმში“ გაასაჩივრებდა.

იმავდროულად, პარასკევს ოკუპირებულ რეგიონში კრიზისის მოსაგვარებლად რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი ჩავიდა. ნურგალიევი პარასკევს და შაბათს ხაჯიმბას შეხვდა, ხოლო კვირას მან ერთობლივი შეხვედრა გამართა რაულ ხაჯიმბასა და ოპოზიციონერ ლიდერებთან, ასლან ბჟანიასა და ალხას კვიცინიასთან.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ რუსული მედიის ინფორმაციით, 12 იანვრის საღამოს, ხაჯიმბას გადადგომამზე მცირე ხნით ადრე სოხუმში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი ჩავიდა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვლადისლავ სურკოვი თავის თანაშემწედ აფხაზეთთან და ცხინვალთან ურთიერთობების საკითხებში 2013 წლის სექტემბერში დანიშნა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button