skip to content
ახალი ამბები

ნადარაია: მთავარი ამოცანა გალელების აფხაზურ ეთნოკულტურულ და პოლიტიკურ სივრცეში ინტეგრაციაა

გალის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თემურ ნადარაიამ, აფხაზურ გამოცემა „ნუჟნაია გაზეტასთვის“ 22 ნოემბერს მიცემულ ინტერვიუში, თავისი ხუთწლიანი საქმიანობის შეჯამებისას, განაცხადა, რომ მთავარ ამოცანად გალის რაიონის მოსახლეობის „აფხაზურ ეთნოკულტურულ და პოლიტიკურ სივრცეში ინტეგრაცია“ რჩება.

ამ ამოცანის გადასაჭრელად, ნადარია ახალი შემზღუდავი ზომების მიღების აუცილებლობაზე საუბრობს, რაც ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებზე აისახება, და წინ აღუდგება საქართველოს მთავრობის მიერ 2018 წელს წარდგენილ ინიციატივას – „ნაბიჯს უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ოკუპირებული რეგიონებთან ვაჭრობის წახალისებას და იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის განათლების შესაძლებლობების განვითარებას გულისხმობს.

ბინადრობის ნებართვის ჩამორთმევა

„ჩვენ აქ მუდმივად ვგრძნობთ, რომ საქართველოს თვალი უჭირავს გალის რაიონზე“, – ამბობს ნადარაია და განმარტავს, რომ აფხაზეთის „შიდა საქმეებში ჩარევა“ ეხება როგორც განათლების სფეროს, ისე ჯანდაცვას.

ნადარაიას თქმით, მიუხედავად იმისა, სოხუმის უნივერსიტეტი ქართველ ახალგაზრდებს უფასოდ სწავლას და სტიპენდიებს სთავაზობს, წელს გალისა და ტყვარჩელის* რაიონებიდან დანარჩენი საქართველოს უნივერსიტეტებში 160-მა ქართველმა ახალგაზრდამ ჩააბარა, 30 აბიტურიენტი კი, აფხაზურ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხა, რაც, მისივე თქმით, თბილისის მიერ აფხაზეთში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის დაწესებული შეღავათებით იყო განპირობებული. „რაიონის მოსახლეობის ინტეგრირების ყველა ჩვენი მცდელობის ბლოკირება საქართველოს ამგვარი გადაწყვეტილებებით ხდება“, – ამბობს ნადარაია და დასძენს, რომ აფხაზური ადმინისტრაცია იძულებული იქნება, საპასუხო ზომები მიიღოს.

ნადარაიას განცხადებით, დანარჩენ საქართველოში სასწავლებლად წასულ ახალგაზრდებს, რომლებსაც, ოკუპირებული გალის რაიონის ქართველი მოსახლეობის უმრავლესობის მსგავსად, ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეობა არ აქვთ და აფხაზეთში „ბინადრობის ნებართვით“ ცხოვრობენ, ეს ნებართვა ჩამოერთმევათ იმ შემთხვევაში თუ ისინი აფხაზეთში წელიწადში ექვს თვეზე ნაკლებს გაატარებენ.

„ჩვენ გვინდა ვუთხრათ უფროსკლასელებს, რომ აქვთ უფლება, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლონ, თუმცა ექვსი თვის ვადის გასვლის შემდეგ, მათ ბინადრობის ნებართვა ჩამოერთმევათ და აფხაზეთში ჩამოსვლა, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ვიზით შეეძლებათ“, – ამბობს ნადარაია.

ამავდროულად, ნადარაია გაგებით ეკიდება აფხაზეთის მოსახლეობის მიერ საქართველოს უფასო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობას და ამბობს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ თბილისს სოხუმისთვის ომის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად „კონტრიბუცია არ გადაუხდია“, სამედიცინო სერვისების გაწევა საქართველოს „ვალდებულებაა“.

„ბინადრობის ნებართვა“ გალში მცხოვრებ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, აფხაზეთში ცხოვრების, საკუთრების გაყიდვის ან მემკვიდრეობით გადაცემის და დანარჩენ საქართველოში გადაადგილების საშუალებას აძლევს, თუმცა სრულად ართმევს პოლიტიკურ უფლებებსა და ქონების ყიდვის უფლებას.

აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის კიდევ ერთი დოკუმენტის, მოქალაქის პასპორტის მფლობელი შეიძლება იყოს მხოლოდ ეთნიკური აფხაზი, ასევე ის პირი, რომელიც არ არის ეთნიკური აფხაზი, თუმცა 1994-დან 1999 წლამდე აფხაზეთში ცხოვრობდა, და არ არის სხვა ქვეყნის მოქალაქე, გარდა რუსეთის ფედერაციისა.

სოხუმის ხელისუფლებამ რეგიონის ეთნიკური ქართველი მცხოვრებლებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემა 2013 წელს შეაჩერა იმის შიშით, რომ ამ პროცესს, როგორც აფხაზეთის ზოგიერთი თანამდებობის პირი აცხადებდა, შესაძლოა „აფხაზეთის ქართველიზაცია“ მოჰყოლოდა. 2014 წელს, რეგიონის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ამომრჩეველთა სიიდან 23 000 გალის მკვიდრი ამოიღეს.

2019 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, აფხაზურ საარჩევნო ადმინისტრაციას გალში 900-მდე ამომრჩეველი (ანუ, აფხაზეთის პასპორტის მქონე პირი) ჰყავდა დარეგისტრირებული.

* – [ტყვარჩელის რაიონი 1994 წელს აფხაზური ადმინისტრაციის მიერ შექმნილი ტერიტორიული ერთეულია, რომელიც ოკუპირებული ოჩამჩირისა და გალის რაიონების ტერიტორიის ნაწილზე შეიქმნა. გალის რაიონის ტერიტორიის ნაწილი, ტყვარჩელის რაიონის გარდა, ოჩამჩირის რაიონსაც გადაეცა.]

ქართული ენის სწავლების აკრძალვა

„ბინადრობის ნებართვის“ ჩამორთმევის გარდა, თემურ ნადარაია კიდევ ერთ აუცილებელ ზომად ქართული ენის სწავლების აკრძალვას ასახელებს, თუმცა, მისი თქმით, ეს საკითხი ჯერ კიდევ „საჭიროებს განხილვას“.

„ქართულმა მხარემ უნდა გაიგოს, რომ თუ ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევას გააგრძელებს, ჩვენი რეაქცია იქნება ადეკვატური, სარკისებური და ჩვენ მივიღებთ ზომებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის დასაცავად“, – განაცხადა ნადარაიამ, რომელმაც იქვე აღნიშნა, რომ აფხაზური კონსტიტუცია ქართულ ენაზე ზრუნვის ვალდებულებას არ შეიცავს.

ნადარაის თქმით, ის, რომ გალის რაიონში აქამდე ქართული ენის სკოლებში სწავლება ხდებოდა, აფხაზური სახელმწიფოს „კეთილი ნება“ იყო. მისივე განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ რაიონის მოსახლეობის უმრავლესობას მეგრელები წარმოადგენენ, მათთვის ქართული ენის ნაცვლად, მეგრული ენის სწავლება იქნება შემოღებული.

„არავინ ზღუდავს მათ, ვინც ქართულ ენას კერძოდ შეისწავლის, თუმცა ჩვენ არ ვართ ვალდებულნი, ქართულ ენას სახელმწიფო სკოლებში ვასწავლიდეთ“, – დასძენს ნადარაია.

ბოლო ოთხი წლის მანძილზე, ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მთავრობებმა გალისა და ახალგორის რაიონებში დარჩენილ ქართულენოვან სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება რუსულ ენაზე სწავლებით შეცვალეს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, 1990-იან წლებამდე გალის რაიონში 58 სკოლა იყო, მათ შორის 52 ქართული, 2 რუსული, 3 ქართულ-რუსული და 1 ქართულ-აფხაზური. გალში 1992-1993 წლების ომის შემდეგ დარჩენილი 31 ქართული სკოლა ეტაპობრივად რუსულენოვან სწავლებაზე გადავიდა. 2015 წელს დარჩენილი 11 ქართული სკოლაც გაუქმდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2017 წელს განაცხადა, რომ იმ 11 სკოლის სასწავლო პროგრამაში, რომლებიც ადრე მთლიანად ქართული სკოლები იყო, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. 1-4 კლასებში რუსული ენის სწავლება შემოიღეს, მოგვიანებით კი, სწავლება მთლიანად რუსულენოვანი გახდა.

დანარჩენ საქართველოსთან ვაჭრობის აკრძალვა

აფხაზური „სახელმწიფოებრიობის“ დაცვის მოტივით, თემურ ნადარაია დანარჩენ საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების ვაჭრობის აკრძალვასაც მოითხოვს.

„ჩვენ ისე გავერთეთ შიდაპოლიტიკური დაპირისპირებით, რომ დაგვავიწყდა, რომ გვყავს მტერი, რომელიც აწარმოებს სამუშაოს ჩვენი სახელმწიფოებრიობის გასანადგურებლად“, – ამბობს გალის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და დასძენს, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, საქართველოს მიერ წარმოებული „ინფორმაციული, ჰიბრიდული ომის ნაწილია“.

„ეკონომიკურად უფრო ძლიერი საქართველოს საქონლის შემოტანა ეკონომიკურად უფრო სუსტი აფხაზეთის ბაზარზე წარმოადგენს სავაჭრო ექსპანსიას. ერთობლივი ფირმების შექმნა, ქართულ-აფხაზური სავაჭრო ოპერაციები, რასაც მონდომებით აფინანსებენ ქართული ბანკები – ესეც ექსპანიაა“, – ამბობს ნადარაია და დასძენს:„არავითარი ვაჭრობა სახელმწიფოსთან, რომელთანაც საომარ მდგომარეობაში იმყოფები, არ უნდა წარმოებდეს“.

ნადარაია ჟურნალისტის კითხვასაც პასუხობს, რომ, იმ პირობებში, როდესაც დანარჩენი საქართველოდან აფხაზეთში ტვირთი კონტრაბანდულად მაინც ხვდება, „ვაჭრობის დაკანონება“ სოხუმს, ერთი მხრივ, ბიუჯეტის შევსების შესაძლებლობა მისცემდა, მეორე მხრივ კი, კონკურენციის შედეგად, იმპორტირებულ საქონელს გააიაფებდა.

ნადარაია თქმით, ვაჭრობის „ლეგალიზება“ დადებით ეკონომიკურ შედეგს ვერ მოიტანს, ვერც კონტრაბანდის პრობლემას გადაჭრის და, აფხაზეთში არსებული კორუფციის დონის გათვალისწინებით, მხოლოდ ვითარების გაუარესებას შეუწყობს ხელს. ამავდროულად, მისივე განცხადებით, ვაჭრობის „ლეგალიზების“ შემთხვევაში, გაჩნდება „ათასობით აფხაზი მეწარმე“, რომლებიც საქართველოსთან ვაჭრობაში ჩაებმება. „სწორედ ამას – ჩვენ შორის კონტაქტების შექმნას – ეფუძნება პროგრამა ‘ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ’“, – აღნიშნავს ნადარაია და დასძენს, რომ „საქართველოსთან ვაჭრობა წარმოადგენს საფრთხეს ეროვნული უსაფრთხოებისათვის“.

„ქართული საქონლის შეძენით ჩვენ ვაფინანსებთ იმ არმიას, რომელმსაც, შესაძლოა, მომავალში გვესროლოს“, – ამბობს ნადარაია და აღნიშნავს, რომ„ამ საკითხს ტაბუ უნდა დაედოს“.

საქართველოს მთავრობამ, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის და დანარჩენი საქართველოს მცხოვრებლებს შორის ეკონომიკური და ხალხთა შორის კავშირების გაფართოების მიზნით, ახალი პროგრამა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ 2018 წლის აპრილში წარადგინა. საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს ინიციატივა ქმნის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში წარმოებული საქონლისთვის შიდა ქართულ ბაზარსა და ასევე, საგარეო ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას, საქართველოს უპირატესი საექსპორტო შესაძლებლობების გამოყენებით, მათ შორის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button