You need to set the Google Map API Key in the theme options page > Integrations.
skip to content
ახალი ამბები

მთავრობა სოფელ გუგუტიანთკარში მიჯნების ჩაყრაზე რეაგირებს

You need to set the Google Map API Key in the theme options page > Integrations.

მთავრობის წარმომადგენლები სოფელ გუგუტიანთკარში რუსი საოკუპაციო ძალების მიერ გამყოფი ხაზის მშენებლობას გმობენ და საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისაკენ მოუწოდებენ.

დღეს, 16 აგვისტოს, გუგუტიანთკარში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი ირაკლი ანთაძე ჩავიდნენ, ადგილობრივებს გაესაუბრნენ, მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს და არსებული ვითარება თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლებს გააცნეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად.

გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში 7 აგვისტოს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რკინის მიჯნები ჩაყარეს, 14 აგვისტოს კი ღობეც გაავლეს. იმ სამ ოჯახს, რომელთა სახლებიც ბარიერს მიღმა აღმოჩნდა, ოკუპანტებმა საკუთარი საცხოვრებლების დასაცლელად სამი დღე მისცეს. მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, რამოდენიმე მოსახლე საკუთარი სახლების დაშლას შეუდგა.

ოფიციალური კომენტარები

ქეთევან ციხელშვილმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანა ერთის მხრივ, ყველა შესაძლო მექანიზმით „ბორდერიზაციის“ შეკავება, მეორეს მხრივ კი, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის დახმარებაა.

„უნდა გავმაგრდეთ, ყველას გასაგონად კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ აუცილებლად ჩვენ ამ სიმახინჯეს დავამარცხებთ, ძალიან პრინციპულად, არ მოვეშვებით, არ შევეგუებით, რა თქმა უნდა, მშვიდობით, მაგრამ ყველა გზას გამოვიყენებთ, დიპლომატიურსა თუ სამშვიდობო პოლიტიკას, რაც აუცილებელია, რომ ეს დავამარცხოთ… აქ არის სახელმწიფო, აქ არის შესაბამისი სტრუქტურები“, – განაცხადა მან.

რუსული საოკუპაციო ძალების მიერ გუგუტიანთკარში უკანონო „ბორდერიზაცია“ მედიასთან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამაც შეაფასა. მისი განმარტებით, სახელმწიფომ გააქტიურა ინციდენტებზე რეაგირების ცხელი ხაზი და პარტნიორ ქვეყნებს, ასევე ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს სოფელში მიმდინარე ვითარება დაწვრილებით გააცნო. მისივე თქმით, 8 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭოზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო.

„მნიშვნელოვანია, რომ მთელმა მსოფლიომ ნახოს, თუ რას ნიშნავს რუსული ოკუპაცია და რა არის არა მარტო ოკუპაციის შედეგი, რომელიც უსაფრთხოების გარემოს აუარესებს, არამედ ისიც, თუ როგორ მოქმედებს ჰუმანიტარულ ვითარებაზე და როგორ აუარესებს კონკრეტული ადამიანებისა და ოჯახების მდგომარეობას“, – განაცხადა დარსალიამ.

ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ არ გამოჩნდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები „ბორდერიზაციის“ პროცესის განახლებისთანავე ადგილზე, ლაშა დარსალიამ უპასუხა, რომ პირველივე დღიდან, ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი აქტიურად მუშაობდა, „მათ შორის, ადგილზეც“.

ოპოზიციისა და სახალხო დამცველის გამოხმაურება

გუშინ ხელისუფლებას სწორედ უყურადღებობასა და უმოქმედობაში სდებდა ბრალს ოპოზიცია. ევორპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია 15 აგვისტოს გუგუტიანთკარში ჩავიდა და მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესს ადგილზე გაეცნო. მან აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიურ კორპუსთან ერთად, სოფელში უნდა ჩასულიყო და მსოფლიოსთვის იქიდან ეჩვენებინა, რომ რუსეთი 21-ე საუკუნეში „ასე სასტიკად იქცევა და გლეჯს მიწებს“.

„დღეს არის გამოვლინება, არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის ზოგადად, ოკუპაციის მიმართ, რუსეთის მიმართ, აქტიურობის ნაკლებობა, რაც აუცილებელია დასავლეთში, დღეს აქ უნდა ხდებოდეს“, – განაცხადა მან.

ხელისუფლების „თავჩაღუნულობისა“ და „თავჩაქინდრულობის“ პოლიტიკას გაუსვა ხაზი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზაალ უდუმაშვილმაც და აღნიშნა, რომ დიდი ხანია, რაც ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებისგან „ბედის ანაბარაა მიტოვებული“.

„მცოცავი ოკუპაცია, რომელიც ყოველდღიურად გრძელდება, პრაქტიკულად და ჩვენ ყოველდღე ვხედავთ ახალი მავთულხლართები ებმება, ეს ხომ გაგრძელებაა და არ გაჩერდება და როდემდე უნდა გაგრძელდეს, სანამ ქართული ოცნების ჩინოვნიკების სახლებზე არ გაივლის უშუალოდ მავთულხლართები? ამისთვის საჭიროა ძალიან მკვეთრი ნაბიჯები და ძალიან მკაცრი პოლიტიკა“, – აღნიშნა მან.

ხელისუფლება უმოქმედობისა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობასთან ნაკლები კომუნიკაციის გამო ქართული ოცნების ყოფილმა და ამჟამად დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამაც გააკრიტიკა. მისი თქმით, შეუძლებელია, რომ ოკუპანტს, რომელიც მუდმივად „ასეთ პროვოკაციებს მიმართავს, ძალისმიერ მეთოდები დაუპირისპირო“, მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობას „დაუცველობისა და უპატრონოდ დარჩენის“ განცდა აქვს.

„ის ხომ მაინც შესაძლებელია, რომ უფრო მეტი კომუნიკაცია იყოს სამთავრობო დონეზე ამ ადამიანებთან, რომ ასე დაუცველობის განცდით შეძრწუნებულები“, – აღნიშნა მან.

სოფელში გუშინ ჩავიდა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც. „ჩემი თხოვნა-მოწოდება იქნებოდა ხელისუფლებისადმი, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც განსაკუთრებით ზარალდებიან და უშაულოდ ეხებათ ეს პროცესი, აღმოუჩინონ მაქსიმალური დახმარება“, – განაცხადა ომბუდსმენმა.

გუგუტიანთკარში „ბორდერიზაციის“ განახლების პროცესს დღეს თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გივი რაზმაძის ოჯახს, რომლის სახლიც ახალი ბარიერის მიღმა აღმოჩნდა, ერთ თვეში ახალი სახლი ექნება. მანვე ქართულ ბიზნესს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ოჯახების დახმარებისკენ მოუწოდა.

დიპლომატების შეფასებები

გუგუტიანთკარში დღეს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში ესტონეთის, ავსტრიის, ბულგარეთის, ლატვიის, ისრაელისა და იაპონიის ელჩები, ასევე აშშ-ისა და უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლები იმყოფებოდნენ.

ჟურნალისტებთან კომენტარები ესტონეთისა და იაპონიის ელჩებმა, ასევე უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ გააკეთეს. მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს და მცოცავი ოკუპაციის მიმართ შეშფოთება გამოთქვეს.

გუგუტიანთკარში მიმდინარე „ბორდერიზაციის“ გამო შეშფოთება ადრევე გამოთქვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმაც. „ახალი ბარიერების აღმართვა გადაადგილების თავისუფლებას ზღუდავს და ხელს უშლის ადგილობრივი მოსახლეობის წვდომას ხეხილის ბაღებსა და წყლის რესურსებზე“, – დაწერა მან 14 აგვისტოს Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ 15 აგვისტოს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი [ცხინვალის] დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან“ ღობის გავლების განახლების გამო წუხილი გამოთქვა.

„ბორდერიზაციის“ პროცესი წარმოადგენს საფრთხეს მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ვინაიდან აზიანებს სასიცოცხლოდ აუცილებელ ინფრასტრუქტურას და აფერხებს ადამიანებისა და ნახირის გადაადგილებას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მოძრაობა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებული შეთანხმებით აღებული ვალდებულებისამებრ”, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ 15 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button