skip to content
ახალი ამბები

ციხელაშვილი: თბილისი სოხუმთან და ცხინვალთან დიალოგის გაფართოებისთვის მზადაა

სახელმწიფო მინისტრმა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა 16 იანვარს, რომ თბილისს დიდი ხანია გაცხადებული აქვს მზაობა და ნაბიჯებსაც დგამს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან დიალოგის გაფართოებისკენ.

„ეს აუცილებელია და, ვფიქრობ, ამის შესაბამისი ფორმებიც არსებობს. წარსულშიც არსებობდა, სხვათაშორის… ისევე, როგორც არსებობს სივრცე და საკითხები,“ – განაცხადა მან.

ციხელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის, მათ შორის, ახალი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, საერთოდ, ჩართულობის პოლიტიკის  ღერძი გახლავთ ის, რომ უნდა აეწყოს სწორედ დიალოგი, თანამშრომლობა საერთო ინტერესების გარშემო“.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, „ისეთი სფეროები, როგორებიცაა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების წახალისება ადამიანებს შორის, არის ძალიან პერსპექტიული და პირდაპირ ეხმიანება მოსახლეობის საჭიროებას“.

ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ „არსებობს განათლების, ჯანდაცვის, გარემოს, სოფლის მეურნეობის და სხვა საკითხების ირგვლივ ასევე დაილოგის სივრცე…“. მან ასევე დასძინა, რომ „ამის შესაბამისი ფორმები გამოძებნადია. ეს ჩვენი სამშვიდობო ინიციატივის „დაუწერელი თავიც“ კი არის. იმიტომ რომ არაერთი მოსაზრება, მათ შორის, არაფორმალურად, თუნდაც აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებთან განგვიხილავს კიდეც“.

„ინტერპრესნიუსის“ მიერ დღეს გავრცელებულ ინტერვიუში, აფხაზეთის „პრეზიდენტობის“ ოპოზიციურმა კანდიდატმა, ასლან ბჟანიამ თბილისსა და სოხუმს შორის დიალოგის შესახებ ისაუბრა. ბჟანიას თქმით,  „თუ შორეულ პერსპექტივაზეა საუბარი, ესაა ის, რომ ორ სახელმწიფოს შორის უნდა მოხერხდეს კეთილმეზობლური, თანასწორუფლებიანი და კეთილი ურთიერთობების დამყარება“. ხოლო რაც შეეხება უახლოეს პერსპექტივას, მისი თქმით, „აუცილებელია მხარეებს შორის ნდობის აღდგენა“.

აფხაზეთის ლიდერი რაულ ხაჯიმბა 12 იანვარს თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც ოკუპირებული რეგიონის „საარჩევნო ადმინისტრაციამ“ ვადამდელი „საპრეზიდენტო არჩევნები“ დანიშნა, რომელიც 22 მარტს გაიმართება.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არჩევნებს თბილისი და საერთაშორისო საზოგადოება, რუსეთისა და იმ ოთხი ქვეყნის (ნაურუ, ვენესუელა, სირია და ნიკარაგუა) გარდა, რომლებმაც ორი რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს, უკანონოდ მიიჩნევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button