skip to content
რესპუბლიკის ამბები

ქართველი ებრაელები მთელ ქართველ ერს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას ულოცავენ

ერთობა, 1920 წლის 18 იანვარი, N11

მილოცვა ქართველ ისრაელებისაგან

ქართველი ისრაელების სახელით მე ვესალმები დამფუძნებელ კრებას და მხურვალედ ვულოცავ მთელ ქართველ ერს იმ ისტორიულ აქტს, რომელიც გამოიხატება ევროპის მიერ ჩვენი სამშობლოს თავისუფლების ცნობაში.

ეს ხორცშესხმა ჩვენი დამოუკიდებლობისა გვახარებს ჩვენ, ქართველ ისრაელებს იმ დიდებულ და საამაყო წარსულისათვის, რომელსაც წარმოადგენს ისრაელთა ცხოვრება საქართველოში.

ქართველი ერის ისტორიაში ისრაელთა ცხოვრება არის ჭეშმარიტად „ბრწყინვალე წერტილი“.

ამ უმაგალითო ფაქტით შეუძლია იამაყოს ქართველმა ერმა მთელი კაცობრიობის წინაშე!

საქართველოს ისტორიის დასაბამიდანვე ქართველებთან თანაბრად მცხოვრებნი, დღეს განუყრელ ძმებათ ქცეულნი ჩვენ ისრაელები თანაბრადვე ვზეიმობთ ჩვენი საყვარელი სამშობლოს ისტორიულად აღდგომას და მთლიანი და განუყოფელი საქართველოს განთავისუფლებას…

დიდება ჩვენს მომავალს! გამარჯვება და დღეგრძელობა მთელ ქართველ ერს!

დამფუძნებელი კრების წევრი მოსე დავარაშვილი

მსგავსი/Related

Back to top button