რესპუბლიკის ამბები

ფრანგულმა გაზეთმა ბათუმის სტატუსის შესახებ სტატია გამოაქვეყნა

გაზ. საქართველო, 1920 წლის 11 იანვარი, N7

ბათომის საკითხი

ქრისტეშობისთვის 6-ს ფრანგულ ოფიციოზ „ტანში“ ბათუმის საკითხის შესახებ მოთავსებულია შემდეგი წერილი:

„შავი ზღვის ნაპირებზე თავისი მდებარეობით ბათუმი წარმოადგენს ჭიშკარს არა მარტო ამიერ-კავკასიაში შესასვლელად, არამედ სპარსეთსა და ცენტრალურ აზიაში; საქართველოსთვის კი ბათომი „სახლის გასაღებია“. თითქმის ერთი წელიწადია, რაც ბათუმი ინგლისის მხედრობას უჭირავს; ინგლისის შესვლამდე ბათომი ოსმალეთის მხედრობას ეჭირა, რომელიც რუსეთის ფრონტის დარღვევის შემდეგ გამტკიცდა ამ ოლქში, მიუხედავად ქართული ლაშქრის ენერგიულ წინააღმდეგობისა.

ბათომი ერთად-ერთი მხარეა მთელ ამიერ-კავკასიაში, სადაც ინგლისელები დღემდე დარჩნენ. კურიოზულია ის გარემოება, რომ ბათომში ცხოვრება უფრო ძვირია, ვიდრე თბილისში, თუმცა პირველი თავის მდებარეობით მსოფლიო ვაჭრობა-მრეწველობასთან უფრო ახლოს არის. ჰფიქრობენ, რომ ინგლისის საოკუპაციო ჯარი ბათუმში დარჩება იქამდე, სანამ საბოლოოდ არ გამოირკვევა ამ ოლქის მდგომარეობა. მაგრამ ამავე დროს იბადება კითხვა: ბოლოსა და ბოლოს, ბათუმის ოლქის მართველობა გადაეცემა თუ არა საქართველოს მთავრობას, ეს იქნებოდა საკითხის სამართლიანად გადაჭრა.  ასეთია ყოველშემთხვევაში ბათუმში მცხოვრებთა სურვილიც, რომლის უმრავლესობაც ქართველებისაგან შესდგება. ეს სურვილი აშკარად გამოითქვა ბათუმის მოქალაქეთა ერთ-ერთ ფართე კრებაზე. ბათუმი დღეს მეკობრეთა და „ინდუსტრიის რაინდთა“ თავშესაფარია. ხელოვნური ადმინისტრატიული და საბაჟო ზღუდე აშორებს ბათუმს საქართველოსგან; საოცარი მდგომარეობაა, რომელიც ვერაფრით ვერ მართლდება და რომელიც ამდენ ხანს გრძელდება“.

მსგავსი/Related

Back to top button