ძველი ამბები

რესპუბლიკის მთავრობამ თავისუფალი მიწების იძულებით დათესვის შესახებ დადგენილება გამოსცა

Tags

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 11 იანვარი, N7

სავალდებულო დადგენილება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა თავისუფალ მიწების იძულებით დათესვის შესახებ

6 იანვარი, 1920 წ.

1919 წელში პურის მოუსავლიანობის გამო და მომავალში სურსათის კრიზისის თავიდან ასაცილებლად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა საჭიროდ სცნობს გამოსცეს შემდეგი დადგენილებანი:

  1. ყველა თავისუფალი მიწა, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო მესაკუთრისა, რომელიც გამოსადეგია დასათესად გაზაფხულის ჭირნახულით აუცილებლივ უნდა დაითესოს 1920 წლისათვის.
  2. მიწის მესაკუთრენი ვალდებული არიან დათესონ თავისი მიწები საკუთარი ძალით ან გასცენ იჯარით.
  3. თუ მესაკუთრენი რაიმე მიზეზის გამო არ დათესენ თავის მიწებს, იმ შემთხვევაში ადგილობრივ ერობათა დაწესებულებანი იჯარით გასცემენ აღნიშნულ მიწებს მსურველებზე.

შენიშვნა: არ უნდა დაითესოს ის მინდვრები, რომლებიც  ადგილობრივ პირობების მიხედვით მუდამ რჩებოდნენ დაუთესავი, როგორც მაგალითად: სათიბები და საძოვრები, რომელნიც აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენენ ადგილობრივ მეურნეობებისათვის.

  • მთელი მოსავალი გაზაფხულის ნათესისა იჯარით გაცემულ მიწებიდან ერგება მოიჯარადეს ერთი მეათედის გარდა, რომელიც იჯარის სახით ეძლევა მიწის მესაკუთრეს.
  • ამ სავალდებულო დადგენილების სისრულეში მოყვანა ევალება:  ა) საფონდო და კერძო მესაკუთრეთა მიწების შესახებ – სამაზრო და სათემო ერობებს; ბ) დანარჩენ სახელმწიფო მამულების შესახებ  – გადასახლების რაიონების უფროსებს, სახელმწიფო და ეროვნულ მამულების მოურავებს და აგრეთვე ტყის გამგეებს.
  • მიწათ-მოქმედების სამინისტროს დაწესებულებანი და ერობები ვალდებულნი არიან შეძლებისდაგვარათ გაუწიონ დახმარება, ვისაც უჭირს, თესლით და სასოფლო სამეურნეო იარაღებით.
  • გაზაფხულის ჭირნახულით დასათეს მიწების კერძო მესაკუთრენი და მოიჯარადენი, რომელთაც მიიღეს დათესვის ვალდებულება და არ შეასრულეს ერობისაგან დანიშნულ ვადაზე, გარდა სამოქალაქო პასუხისმგებლობის პირობების დარღვევისათვის დაისჯებიან თანახმად სასჯელთა დებულების მე-29 მუხლისა, რომელსაც უსჯიან მომრიგებელი მოსამართლენი.

ეს სავალდებულო დადგენილება მიღებულია მთავრობის მიერ 6 იანვრის სხდომაზე.

მიწათ-მოქმედების მინისტრი

ნოე ხომერიკი

Related Articles

Back to top button