რესპუბლიკის ამბები

სოციალ-დემოკრატიული პრესა 1919 წელს აჯამებს და 1920 წლის გეგმებს სახავს

გაზ. ერთობა, 1920 წლის 1 იანვარი, N1

დღეს ახალი 1920 წელი დადგა. საზოგადოებრივი ცხოვრება. კაცობრიობის ისტორია, ერთი მთლიანი და ცოცხალი პროცესია, ის არავითარ ანგარიშს არ უწევს საკალენდარო თარიღებსა და ჩარჩოებს, ასეთი თარიღებით არ ისაზღვრება სინამდვილეში მისი პერიოდები, მაგრამ მაინც ასეა მიღებული, რომ ყოველ ახალ წელს მიმოიხილოს ისტორიის ის ნაკვეთი, რომელიც  წარსულ 365 და ერთი მეოთხედი დღის ფარგლებში მოჰყვა და მას საერთო ჯამი გაუკეთდეს; ეს ისტორიის მეტათ პირობითი და ხელოვნური დაყოფაა, მაგრამ ჩვენც, თანახმათ საყოველთაო ჩვეულებისა, ვითავსებთ დღევანდელ და შემდგომ ნომრებში მთელ რიგ მიმოხილვებისა საზოგადოებრივ ცხოვრების სხვადასხვა დარგში. ეს მიმოხილვანი კიდევ ერთხელ გადაუშლიან მკითხველს გასული წლის ცხოვრების სურათს, ხალხის ნაგრძნობსა და ნააზრევს, მის განზრახვებსა და ნამოქმედარსა, ბრძოლასა და გამარჯვებასა

რა დიადი ხანაა, რა განუსაზღვრელი მნიშვნელობის წელი განვლო ქართველმა ხალხმა! გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ერის რამდენიმე ათასწლოვან ისტორიაში არ მოიპოვება მეორე წელი ასეთი მნიშვნელოვანი სხვა რომ არა მომხდარიყოს რა ამ ხნის განმავლობაში, ეს არის წელი დამფუძნებელი კრებისა, მაშასადამე დასაბამი ჩვენი აღორძინების, მკვდრეთით აღდგენის. დასაწყისი ახალი, ყოველმხრივ განახლებული, ისტორიული პერიოდის. წელი ერის დემოკრატიულათ განსახიერების, შინაური აღმშენებლობის, საგარეო გამარჯვების. წელი, რომელიც თავის შინაარსით, ინტენსიური ცხოვრებითა და მნიშვნელობით არა ერთსა და ორ ათეულ წელს უდრის.

რა შინაარსის იყო გასული წელი, ეს მკითხველს ახსოვს და ჩვენი მიმოხილვებიც ამასვე მოიგონებენ, ხოლო რაც შეეხება ახლად შობილ წელს, მისი ცხოვრებისა და მოქმედების გეგმა ასეთია. დამფუძნებელი კრების მიერ რესპუბლიკის შენობის დასრულება-დაგვირგვინება. დემოკრატიული, ხალხური წყობილებისა და თავისუფლების სრული გატარება და განმტკიცება, რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ფორმალური ცნობა გარეშე ძალთაგან და საერთაშორისო ოჯახში სრულუფლებიან წევრათ შესვლა. რესპუბლიკის საზღვრების სასწრაფო გამორკვევა და მისი ტერიტორიალურ სახის ჩამოყალიბება, კერძოთ ბათომის მუწუკის სწრაფ გაკვეთა და მით სახელმწიფო სხეულის გაჯანმრთელება. საერთაშორისო ქარიშხალი ჯერ კიდევ არ ჩამდგარა. ომისა და სისხლის ვეშაპი, რომელმაც  ხუთი წლის წინათ აიწყვიტა, ჯერ კიდევ არ არის დაბმული. ყოველმხრიდან ყოველგვარი საშიში ტალღაა მოსალოდნელი და ჩვენი დემოკრატია, რომლის არსება საერთაშორისო ძმობისა და მშვიდობიანობის სულითაა გაჟღენთილი, ჯერ კიდევ ხმალს ვერ ჩააგდებს ქარქაშში და მომხვდურს დახვდება. ხოლო ამავე დროს ის დაუღალავად იღწვის და განაგრძობს მოღვაწეობას, რათა უმჭიდროესი კავშირი დაარსოს და განამტკიცოს ჯერ თავის უახლოეს მეზობლებთან და შემდეგ კიდევ უფრო შორეულებთან.

უდიდესი მნიშვნელობის და განსაკუთრებითი ყურადღების ღირსია რესპუბლიკის ეკონომიური მდგომარეობის საკითხი. სურსათის საქმე, მრეწველობის გაძლიერება, ნაციონალური შრომის ნაყოფიერების გაზრდაგანვითარება, სასოფლო მეურნეობისადმი მეტი ყურადღების მიქცევა, საკუთარი ფულის სისტემის შექმნა – ასეთია ამ დარგში ჩვენი მოღვაწეობის მორიგი კითხვები…

ძნელია იმის თქმა, თუ როგორ გამოიხსნება ან გადიჭრება ის რთული მსოფლიო კვანძი კაცობრიობის ისტორიისა, რომელიც საერთაშორისო ომმა შექმნა და დახლართა. ქართველი მშრომელი ხალხი და მისი ბელადი მუშათა კლასი ქმნის და აჭენებს დემოკრატიას, ამტკიცებს მოპოვებულ პოზიციას, ის წინ, უფრო შორს, საბოლოო მიზნისკენ იყურება და უცდის მსოფლიო მუშათა კლასს. თუ ვინიცობაა მან გაილაშქრა წინ, საქართველოც თავის პოზიციიდან მოხსნის თავის წითელ ბათალიონებს და წინა რაზმებში ჩადგება, თუ ისტორიამ ამ ხანათ მუშათა კლასს არ გაუღიმა, საქართველო დემოკრატია მტკიცეთ იქნება თავის პოზიციაზე, რათა ზურგიდან შემომვლელ და მარჯვნიდან დამცემს მტერს მრისხანე პასუხს გასცეს საქართველოს დემოკრატიის მიერ არჩეულ გზა ორივე შემთხვევისათვის ერთათ ერთი სწორი გზაა, რა ვერავითარი წუთიერი გაჭირვება და ბედის ცდა მას ვერ გადაახვევინებს ამ გზას!..

დამდგარი წელი ისეთივე მნიშვნელოვანი უნდა იქნეს და იქნება კიდეც როგორც გასული.

რაც მეცხრამეტე დაიწყო, მეოცემ უნდა დაამთავროს!

მსგავსი/Related

Back to top button