ანალიზიპარტნიორებისგან

„ფეისბუქმა“ საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული 396 გვერდი გააუქმა

ავტორები:

ეთო ბუზიაშვილი, ციფრული კრიმინალისტიკის ლაბორატორიის (@DFRLab) მკვლევარი ასისტენტი საქართველოდან.

გივი გიგიტაშვილი, @DFRLab-ის მკვლევარი ასისტენტი კავკასიის თემატიკაზე.


შეჯამება: სოციალურმა ქსელმა „ფეისბუქმა“ განზრახ კოორდინირებული მოქმედებების გამო 396 გვერდი გათიშა , რომლებიც საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას ეხებოდა. DFRLab-ის მიერ გათიშვამდე შემოწმებული გვერდები საქართველოდან იმართებოდა და სახელისუფლებო პარტიისა და მისი მმართველის, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებდა ისე, რომ თავს საინფორმაციო გვერდებად ასაღებდა. იგივე გვერდები ოპოზიციის ლიდერებს ესხმოდნენ თავს. ფეისბუკმა ეს გადაწყვეტილება მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ, დაძაბულ პოლიტიკურ კონტექსტში მიიღო.

(Source: @KaranKanishk/DFRLab via Facebook)

20 დეკემბერს ფეისბუკმა თავისი პლატფორმიდან გათიშა ის 396 გვერდი და ჯგუფი, რომლებიც საქართველოსთან დაკავშირებულ „არაავთენტურ ქმედებაში“, ანუ ხელოვნურად კოორდინირებულ კამპანიებში იყვნენ შემჩნეულნი, მათ შორის უმრავლესობა, პრო-სამთავრობო გვერდია, რომლებიც ოპოზიციის წინააღმდეგ ათავსებდნენ ინფორმაციას.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში პოლიტიკური ვითარება მეტად დაძაბულია. 2018 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები უსამართლოდ ჩაითვალა, ხოლო დემონსტრანტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენებამ და მმართველი „ქართული ოცნების“ სათავეში მყოფი მილიარდერი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შეპირებული პროპორციული არჩევნების გეგმის უკან წაღებამ ნოემბრის ბოლოს ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა, რათა მათ თავიანთი ბრძოლით მოპოვებული რეფორმები დაეცვათ.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტუტუტის (IRI) უახლესი კვლევის მიხედვით, მმართველი პარტიის პოპულარობა 26-დან 23 პროცენტამდე შემცირდა, ხოლო 41 პროცენტი ოპოზიციურ პარტიებს უჭერს მხარს. ამასობაში, გამოკითხვაში მონაწილეთა 68% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 71% კი მთავარ პრობლემად ეკონომიკურ სიდუხჭირეს ასახელებს.

ფეისბუქმა პრო-სამთავრობო გვერდები სწორედ ამგვარ პოლიტიკურ ვითარებაში გააუქმა. „ფეისბუკის“ მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია:

„ეს გვერდები განზრახ ქმნიდნენ შთაბეჭდილებას, რომ წარმოადგენდნენ ახალი ამბების ორგანიზაციებს, ყალბად წარმოაჩენდნენ თავს პოლიტიკური პარტიების, საჯარო პირების, აქტივისტთა და მედია ორგანიზაციების გვერდებად. ამ გვერდების ადმინისტრატორები ანდა ანგარიშის მფლობელები, ჩვეულებრივ, შიდა პოლიტიკური მოვლენების, მაგალითად არჩევნების, სამთავრობო პოლიტიკისა და ოფიციალური პირების შესახებ ავრცელებდნენ პოსტებს და ოპოზიციასა და ადგილობრივ აქტივისტებს აკრიტიკებდნენ. ამგვარი საქმიანობის უკან მდგომი პრიები ცდილობდნენ განზრახ შეენიღბათ თავიანთი იდენტობა და მათ შორის კოორდინაციის აქტივობა. ჩვენმა გამოძიებამ მათი საქმიანობა დაუკავშირა „Panda“-ს, საქართველოში მოქმედ სარეკლამო ორგანიზაციას და „ქართული ოცნების“ მიერ მართულ მთავრობას“.

ატლანტიკურის საბჭოს ციფრული კრიმინალისტიკის ლაბორატორიამ, DFRLab-მა, დამოუკიდებლად გააანალიზა ფეისბუქის მიერ დასახელებული გვერდებიდან 261 მათ გაუქმებამდე, თუმცა ვერ შეძლო პირდაპირ და დამოუკიდებლად დაედასტურებინა მათი კავშირი მთავრობასა ანდა სარეკლამო სააგენტო „Panda“-სთან.

ესაა იმ „სარეკლამო სააგენტოს“ მთავარი გვერდი ფეისბუქზე, რომელმაც ცენტრალური როლი ითამაშა გათიშულ გვერდებს შორის კოორდინირების დადგენაში. ამ გვერდზე სხვა დასახელებულ გვერდებთან აშკარა კავშირი არ დაიმზირება, ამდენად DFRLab-მა თავისი საშუალებებით ვერ შეძლო დაემტკიცებინა ფეისბუკის მიერ მოყვანილი არგუმენტი, რომ ამ გვერდებს შორის ცენტრალიზებულად ხდებოდა მოქმედებების შეხმატკბილება. (Source: Facebook)

თუმცაღა, DFRLab-ი დარწმუნდა, რომ გათიშული გვერდები მართლაც ქართველ ამომრჩეველზე იყო მიმართული და საზოგადოების გახლეჩისაკენ მიმართულ ინფორმაციას ავრცელებდა. ამავე დროს, ვრცელდებოდა ისეთი სოციო-პოლიტიკური შინაარსის გზავნილები, რომლებითაც ხდებოდა ივანიშვილის და მისი მთავრობის წევრების პოპულარობის ზრდა; ხორციელდებოდა შეტევები ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ და იყო საქართველოს დასავლელი პარტნიორების, განსაკუთრებით კი აშშ-ს დისკრედიტაციის მცდელობები.

ვითომ ახალი ამბების გვერდები

გაუქმებულ გვერდებს შორის ნაწილი რელიგიაზე, ახალ ამბებსა და უფრო ზოგადად, „მიმების“ გავრცელებაზე იყო ორიენტირებული. თითოეულის მხარდამჭერთა აუდიტორია 400-დან 11 ათასამდე მერყეობდა.

თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, გვერდები ცდილობდნენ შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ისინი ახალი ამბების სააგენტოებს წარმოადგენდნენ, იყენებდნენ რა დასახელებებს, როგორებიცაა “Daily Info,” “NewsHub.ge,” “TodayNews.ge,” და “OnTime.ge.”

გაუქმებული გვერდების ნაწილი ცდილობდნენ თავი საინფორმაციო სააგენტოებად წარმოეჩინათ და სინამდვილეში „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ ინფორმაციას ავრცელებდნენ. (წყარო: Facebook)

ეს გვერდები ერთ შეხედვით საინფორმაციო სააგენტოების ფეისბუქ გვერდებივით გამოიყურებოდა, თუმცა ამ სახელით რეალური ვებ-გვერდები არ არსებობდა.

„ვითომ საინფორმაციო“ გვერდებზე მოყვანილი იყო ვებ-საიტების მისამართები, მაგრამ სინამდვილეში ეს გვერდები არ არსებობდა. (წყარო: @disinformediain/DFRLab via Facebook, მარცხნივ; todaynews.ge/archive, მარჯვნივ)

ზემოაღნიშნული გვერდები ბიძინა ივანიშვილს საქართველოს დამცველ დიდსულოვან ლიდერად წარმოადგენდნენ. მის შესახებ პოსტები, საშუალოდ, 100-ზე მეტ რეაქციასა და 40-მდე კომენტარს იმსახურებდა.

ივანიშვილის მხარდაჭერასთან ერთად, ამ გვერდებზე მკვეთრად ანტი-ამერიკული პოსტებიც ვრცელდებოდა. მაგალითად, ფინანსურად მხარდაჭერილ („დაბუსტულ“) პოსტებს შორის იყო ევროკავშირში აშშ ელჩის, გორონ სონლანდის შესახებ სტატია, ვისაც სექსუალური ძალადობა ბრალდება, ანდა სტატია ამერიკელი მეზღვაურის შესახებ, რომელმაც პირლ ჰარბორის ბაზაზე ორი კაცი მოკლა. ორივე ეს ინფომაცია ფაქტობრივად სწორია, თუმცა ამ გვერდებზე მხოლოდ ამგვარი, აშშ-ს, მისი მთავრობისა და სამხედროების უარყოფითი კუთხიდან წარმომჩენი სტატიები ვრცელდებოდა.

გვერდი gazzeta.ge ივანიშვილს განადიდებდა (მარცხენა სურათი) და აშშ დისკრედიტირებას ცდილობდა მხოლოდ ნეგატიური ხასიათის სტატიების გავრცელებით, მაგ. სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული აშშ ელჩისა (ზემოთ, მარჯვნივ) და აშშ სამხედრო მეზღვაურის შესახებ, რომელმაც ორი კაცი მოკლა პირლ ჰარბორის ბაზაზე (ქვემოთ, მარჯვნივ) (წყარო: Facebook).

ყველა ეს გვერდი 2018 წლის ნოემბერსა და დეკემბერს შორის პერიოდში გაეშვა და თითოეულ მათგანს ხუთიდან ცხრამდე ადმინისტრატორი უძღვებოდა, ყველა მათგანი საქართველოდან.

საინფორმაციო სააგენტოდ შენიღნული გვერდები 2018 წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში გაჩნდა და საქართველოდან იმართებოდა. (წყარო: Facebook)

ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ

საინფორმაციო წყაროებად შენიღბულ გვერდებთან ერთად “ფეისბუკმა” ოპოზიციონერების დისკრედიტაციაზე ორიენტირებული მიმართული გვერდებიც გააუქმა.

ქართული ფეისბუკ გვერდები ოპოზიციური პარტიებისა და ლიდერების რეპუტაციის შელახვას ცდილობდნენ. (წყარო: Facebook)

გათიშული გვერდების ნაწილი საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ თემაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე თესავდნენ გაურკვევლობას. კრემლი, საქართველოში მოქმედი პრო-რუსული პარტიები, და თავად ივანიშვილი ამტკიცებდნენ, რომ ამ ომის დაწყებაში ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია დამნაშავე.

გათიშული გვერდების ნაწილი ამტკიცებდა, რომ 2008 წლის ომი ყოფილმა მმართველმა პარტიამ და მისი თანამდებობის პირებმა დაიწყეს. (წყარო: Facebook)
ზოგიერთი გათიშული გვერდი ომის დაწყებას პრეზიდენტ სააკაშვილს აბრალებდა. (წყარო: Facebook)

სხვა გვერდები კოორდინირებულად ავრცელებდნენ ინტერვიუს პრო-სამთავრობო პლატფორმა POSTV ბლოგერ, გური სულთანიშვილთან, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ოპოზიციასთან კავშირს აბრალებდა. ინტერვიუში სულთანიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მოქმედებები – მათ შორის პროტესტები – „ფსიქიატრიის საგანია“.

გათიშლი გვერდების ნაწილი პრო-სამთავრობო ბლოგერთან ინტერვიუს ავრცელებდა, სადაც ის ოპოზიციას “ფსიქიატრიულ” აშლილობას აბრალებდა. (წყაროFacebook)

Follow along for more in-depth analysis from our #DigitalSherlocks.

მსგავსი/Related

Back to top button