ძაღლის სასტიკი მკვლელობა ცხოველთა უფლებებზე შეშფოთებას იწვევს
რა მოხდა?
8 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა შოკისმომგვრელი ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ სცემს ხის ტოტით და სიკვდილამდე მიჰყავს კაცს ძაღლი. აღნიშნულმა შემთხვევამ საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია; ცხოველთა უფლებების დამცველი აქტივისტები, პროტესტის ნიშნად, ქუჩებში გამოვიდნენ. ბოლო თვეებში ეს ცხოველის მიმართ შემაშფოთებელი ძალადობის მეორე შემთხვევა იყო, რამაც გვიბიძგა, გადაგვეხედა კანონმდებლობისთვის და გაგვერკვია რა მდგომარებაა სახელმწიფოს მიერ ცხოველთა უფლებების დაცვის კუთხით.
ცხოველებზე სასტიკი ძალადობის შემთხვევები
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ურტყამს შუახნის კაცი, არიპ გოიშოვი ხის ტოტებით უმწეო ძაღლს თავსა და სხეულზე. გოიშოვის მრისხანების მიზეზი იყო ის, რომ უსახლკარო ძაღლი მის ეზოში შევიდა და 10 ქათამი შეჭამა, ძროხა და ცხვარი კი დაკბინა.
შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში მოხდა. გოიშოვის დედის განცხადებით, ვიდეო რამდენიმე თვის წინანდელია და იგი უცნობმა პირმა გადაიღო, შემდეგ კი ინტერნეტში შურისძიების მიზნით გამოაქვეყნა. როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, ვიდეო დეკემბერშია გადაღებული. ამას გარდა, გოიშოვზე გავრცელდა კიდევ ერთი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მას სავარაუდოდ არასრულწლოვანი გოგოსთვის ფულის სანაცვლოდ სექსუალური ხასიათის შეთავაზება ჰქონდა. გოიშოვის დედამ განაცხადა, რომ ამ ბრალდებების შემდეგ მისი შვილი მეზობლებმა ხევში გაიყვანეს და სცემეს.
ძაღლის ცემის ამსახველი ვიდეოს გავრცელებიდან გოიშოვი მალევე დააკავეს. 10 იანვარს საქართველოს პროკურატურამ დაკავებულს ბრალი დასდო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის დარღვევაში (ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია), სასამართლომ კი ბრალდებულს ორი თვით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ერთი დღით ადრე ცხოველთა უფლებების დამცველებმა მარნეულსა და თბილისში გააპროტესტეს მომხდარი. ისინი სასამართლოსგან კაცის უმკაცრესად – ერთიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით – დასჯას ითხოვდნენ.
ბოლო სამი კვირის განმავლობაში ეს ცხოველზე სასტიკი ძალადობის მეორე შემთხვევა იყო. 24 დეკემბერს ფეისბუკზე გავრცელდა კიდევ ერთი ვიდეო, სადაც ჩანს თავში ბლაგვი საგნით დაჭრილი ძაღლი ბაღდათში. ძაღლის მდგომარეობა საგანგაშო იყო და იგი სასწრაფო ქირურგიულ ოპერაციას საჭიროებდა. “ვეტერინალური სამედიცინო ცენტრ ვეტ-მედში” ძაღლს ოპერაცია საათისა და 25 წუთის განმავლობაში უტარდებოდა, თუმცა იგი ვერ გადარჩა. საქმეზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა პიროვნება, რომელიც ცხოველის სიკვდილზეა პასუხისმგებელი, ჯერ არ უპოვიათ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2023 წელს (დეკემბრის გამოკლებით) პროკურატურამ ცხრა საქმესთან დაკავშირებით, რომლებიც ცხოველზე ძალადობას ეხებოდა, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მათ შორისაა უსახლკარო ძაღლის ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობის შემთხვევები თბილისსა და წალკაში, ასევე ოჯახის ძაღლის მერვე სართულიდან გადაგდების შემთხვევა.
ცხოველთა უფლებები საქართველოს კანონმდებლობაში
საქართველოში ცხოველებზე ძალადობის ბოლოდროინდელი შემთხვევები გვიჩვენებს, რომ ძალადობის მსხვერპლები ძაღლები, განსაკუთრებით კი უსახლკარო ძაღლები ხდებიან. საქართველოში უსახლკარო ძაღლების პრობლემა, ზოგადად, უკვე არსებობს. ბოლოს უსახლკარო ძაღლების რაოდენობა 2015 წელს დაითვალეს და აღმოჩნდა, რომ მხოლოდ თბილისში ერთ კვადრატულ კილომეტრზე 243 უსახლკარო ძაღლი იყო; ეს რიცხვი კი მას შემდეგ, როგორც ექსპერტები და ცხოველთა უფლებების დამცველები ვარაუდობენ, გაიზრდებოდა. ამის პარალელურად კი იზრდება ცხოველებზე სასტიკი ძალადობის შემთხვევები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისად ვერ არეგულირებს.
ცხოველთა მიმართ არასათანადო მოპყრობა სისხლის სამართლის კოდექსითა (259-ე მუხლი) და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით (103-ე, 104-ე და 172-ე მუხლები) რეგულირდება. საქართველო არ არის ხელმომწერი ქვეყანა ცხოველების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ისეთი საერთაშორისო კონვენციებისა და დეკლარაციებისა, როგორებიცაა, მაგალითად იუნესკოს “ცხოველთა უფლებების საყოველთაო დეკლარაცია” (1978) და ევროსაბჭოს “ცხოველთა დაცვის ევროპული კონვენცია” (1987).
2019 წელს საქართველოს პარლამენტმა წარადგინა საკანონმდებლო ინიციატივა შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ, თუმცა აღნიშნული ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოს ჯერ კიდევ არ მიუღია. კანონპროექტი ითვალისწინებს ცხოველთა უკონტროლო გამრავლების, ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის, უპატრონო ცხოველების პოპულაციის მართვა-კონტროლისა და სხვა მსგავსი საკითხების რეგულირებას. საკანონმდებლო ინიციატივის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ კანონს აქვს პოტენციალი, გააუმჯობესოს ცხოველთა ცხოვრების პირობები და მათი კეთილდღეობა. შესაბამისად, ისინი ფიქრობენ, რომ კანონპროექტი პარლამენტმა რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს.
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), პერიოდულად მიმოიხილავს საქართველოში ცხოველთა კეთილდღეობის სამართლებრივ გარანტიებსა და მათი პრაქტიკაში აღსრულების საკითხებს. ორგანიზაციის ბოლო მიგნებების თანახმად, რომელიც 2022 წლის ანგარიშს ეყრდნობა, საქართველოს კანონმდებლობა ამჟამად ფრაგმენტულია და იგი მხოლოდ ნაწილობრივ განსაზღვრავს სამართლებრივ ბაზას კომპანიონი ცხოველების მოვლისა და კეთილდღეობის შესახებ.
IDFI აღნიშნავს, რომ ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის შემთხვევები იზრდება, თუმცა აღნიშნულ დანაშაულებზე ინფორმაციის მიწოდებისა და სახელმწიფო ორგანოების მიერ მათი სათანადო გამოძიების შემთხვევები იკლებს. სასამართლოში ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის საქმეების რაოდენობა დაბალია. 2019-2021 წლებში მხოლოდ 21 მსგავსი შემთხვევა განიხილეს სასამართლოში, მათგან 19 შემთხვევაში ბრალდებულები დამნაშავეებად ცნეს. 19-დან 17 პირს ჯარიმა დააკისრეს, 2-ს კი პატიმრობა მიუსაჯეს.
რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას?
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოში ცხოველთა უფლებების უკეთ დაცვის მიზნით წარმოადგენს სამ მთავარ ნაბიჯს:
- უკეთესი საკანონმდებლო ჩარჩოს განვითარება და მისი უფრო ეფექტიანად აღსრულების უზრუნველყოფა. IDFI-ის თანახმად, საჭიროა დროულად შემუშავდეს საკანონდემლო ინიციატივა, წარიმართოს ინკლუზიური პროცესი, გათვალისწინებული იყოს საქმეზე მომუშავე სპეციალისტების მოსაზრებები და მიღებულ იქნეს კანონი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს ადამიანის კომპანიონი ცხოველების კეთილდღეობასა და მათ უსაფრთხო თანაცხოვრებას საზოგადოებასთან;
- მუნიციპალიტეტებისთვის სათანადო ფინანსური რესურსები გამოყოფა, განსაკუთრებით ისეთი დიდი ქალაქებისთვის, როგორიცაა თბილისი. ორგანიზაცია ანგარიშში აღნიშნავს, რომ თავშესაფართა მშენებლობა და რესურსების გამოყოფა საკითხის რეგულირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზას წარმოადგენს. ამასთან, უნდა შემუშავდეს მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვის სანდო მეთოდოლოგია, არსებობდეს ერთიანი ბაზა და ამოქმედდეს მასობრივი სტერილიზაცია-კასტრაციის სახელმწიფო პროგრამა არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ სხვა ქალაქებსა და რეგიონებშიც;
- ცნობიერების ამაღლება ცხოველთა ძალადობის შემთხვევებზე, რომელთა რიცხვიც საქართველოში იზრდება. IDFI-ის შეთავაზებით, სასწავლო პროგრამებში ყურადღება უნდა გამახვილდეს ცხოველთა კეთილდღეობის საკითხებზე. გარდა ამისა, უნდა გაიზარდოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა და ყველა კომპეტენტურ ორგანოთა კომპეტენცია და შესაძლებლობები საკითხის გარშემო.
წინ პატარა ნაბიჯებით
აღნიშნულ პრობლემაზე ცნობიერების ამაღლება ყველაზე კარგად სოციალური კამპანიებითაა შესაძლებელი. მაგალითად, უახლესი პერიოდის კამპანია ახალ წელს პიროტექნიკის გამოყენების წინააღმდეგ წარმატებული აღმოჩნდა და აჩვენა, რომ სოციალური კამპანიებით ცვლილებების მიღწევა შესაძლებელია.
ახალი წლის დადგომის პირველ საათებში ჭარბი რაოდენობით პიროტექნიკის გამოყენება საქართველოში უამრავი წლის ტრადიციაა. პიროტექნიკა კი ცხოველებში უდიდეს შფოთვას იწვევს; ზოგჯერ შემთხვევები ფატალურადაც მთავრდება და ცხოველები შიშისგან/გულის შეტევებით იღუპებიან. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში აქტიურად ვრცელდებოდა შეშინებული ცხოველების ფოტოები, და მოწოდებები მოქალაქეების მიმართ, ეფიქრათ პიროტექნიკის გამოყენების უარყოფით შედეგებზე. მართლაც, ხალხმა საკითხი გულთან ახლოს მიიტანა და ბევრი წლის შემდეგ, 2024 წლის აღნიშვნა აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე წყნარი და მოკრძალებული, შედეგად კი თბილისის ზოოპარკის არცერთი ცხოველი არ დაღუპულა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)