ახალი ამბები

პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებული ცვლილებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 9 სექტემბერს მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით დაამტკიცა რეგლამენტში ცვლილებების პროექტი, რომელიც მომავალი სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენას და არჩევას ახალი წესითა და პროცედურით ითვალისწინებს. ცვლილებების პროექტს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი არც ერთმა დეპუტატმა მისცა ხმა.

ახალი კანონპროექტის თანახმად, 2022 წელს საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს კანდიდატურები წარედგინება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით.

კანონპროექტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე სპეციალური შეფასების სამუშაო ჯგუფს შექმნის 9 წევრის შემადგენლობით, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის აკადემიური და პროფესიული წრეების ჩართულობა. ჯგუფის წევრები შეაფასებენ და პარლამენტს წარუდგენენ კანდიდატებს განსახილველად. ჯგუფის შექმნამდე, პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო პარტიებთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებს გამართავს.

პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენამდე სამუშაო ჯგუფის წევრები კანდიდატურებს შეაფასებენ ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, მაღალი რეპუტაცია, სათანადო პროფესიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში.

პარლამენტი მას შემდეგ დაიწყებს კანდიდატების განხილვას, რაც სულ ცოტა 7 კანდიდატი იქნება წარდგენილი განსახილველად.

ცვლილებებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა 7 სექტემბერს კრიტიკული განცხადება გამოაქვეყნა, სადაც შეშფოთება გამოხატა კანონპროექტის ნაჩქარევად მიღებისა და მის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის აპარატმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტი კანონპროექტის განხილვის პროცესში მხედველობაში მიიღებდა მის მოსაზრებებს. სახალხო დამცველის აპარატის განცხადებას გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ეს იყო პირდაპირი შეტევა პარლამენტზე“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button