ახალი ამბები

ღარიბაშვილი ასოცირების საბჭოს შემდეგ საქართველოს ევროპულ პერსპექტივზე საუბრობს

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-7 შეხვედრის შემდეგ, 6 სექტემბერს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა, ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა გუშინდელ სხდომას „განსაკუთრებული მოვლენა“ უწოდა, რომელიც საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების „ისტორიული“ გადაწყვეტილების შემდეგ გაიმართა.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო ერთობლივ ორგანოს წარმოადგენს, რომელიც ასოცირების შეთანხმების განხორციელების მონიტორინგს ახორციელებს. სხდომა პირველად ჩატარდა მას შემდეგ, რაც ევროპულმა სახელმწიფოებმა 23 ივნისს საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარეს. სხდომას ჟოზეპ ბორელი თავმჯდომარეობდა, ხოლო საქართველოს დელეგაციას პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ასევე დაესწრო ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი.

პრესკონფერენციაზე საუბრისას პრემირემინისტრმა აღნიშნა, რომ სხდომაზე „ფართოდ მიმოვიხილეთ ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს წინ წასწევს ამ კომპლექსურ, მაგრამ ძალიან მამოტივირებელ გზაზე… [რომელსაც] მივყავართ ჩვენ იქით, სადაც საქართველოს ბუნებრივი ადგილია. სახელდობრ, ევროპული დემოკრატიების ოჯახში, რომელთანაც საერთო ღირებულებები და მიზნები გვაქვს, მშვიდობასა და სოლიდარობას ვამკვიდრებთ“.

ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ევროპულ პერსპექტივას თან სდევს „დიდი პასუხისმგებლობა და შესანიშნავად გვესმის ეს, ევროკავშირთან უმაღლესი დონის პოლიტიკური, ეკონომიკური და საკანონმდებლო თავსებადობის უზრუნველსაყოფად“.

„ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილებით მთელი რიგი ამოცანები განისაზღვრა, რაც გადამწყვეტ როლს ითამაშებს ქვეყნისთვის“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა და დასძინა, რომ „საქართველოს სრულად აქვს ნაკისრი 12 პრიორიტეტის შესრულების ვალდებულება, რაც საბჭომ განგვისაზღვრა“.

ამ კონტექსტში, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ 1 ივლისს წარმოადგინა „კონკრეტული სამოქმედო გეგმა, ცალკეული პრიორიტეტების მიმართ განსაზღვრული კონკრეტული ვადებით და დავიწყეთ ინკლუზიური პროცესი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წევრებს, ოპოზიციურ პარტიებს, მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას“.

მისი თქმით, სამწუხაროდ, „ზოგიერთი რადიკალური ოპოზიციური პარტია არ იღებს მონაწილეობას ამ პროცესში“.

პრემიერმინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო ერთგული რჩება ასოცირების შეთანხმების, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის  პოტენციალის „სრული ათვისების იდეის მიმართ“. მისივე თქმით, სულ ახლახანს მთავრობამ ასოცირების ახალი დღის წესრიგი დაამტკიცა 2021-2027 წლებისთვის.

„ევროკავშირის ერთიან ბაზარზე მაქსიმალური ინტეგრაციის მიღწევა რჩება ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზნად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა: „დაკავშირებადობის განვითარება ევროკავშირსა და საქართველოს შორის, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში, მნიშვნელოვან სარგებელს ჰპირდება მთელ რეგიონს, განსაკუთრებით, არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტისა და ყველა ჩვენგანის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, როგორიცაა ენერგოუსაფრთხოება და სურსათის უსაფრთხოება“.

ამ კონტექსტში, პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობამ ევროპელი კოლეგები მოიწვია „იმ უნიკალური შესაძლებლობის ასათვისებლად“, რომელსაც მათ საქართველო სთავაზობს ძირითადი სატრანზიტო ჰაბის რანგში გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე.

ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ შეხვედრაზე მათ ასევე იმსჯელეს ომზე უკრაინაში, ასევე რუსეთ-საქართველოს 2008 წლის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასა და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლისს შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულებაზე.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა უმაღლეს წარმომადგენელს ასოცირების საბჭოს სხდომის მასპინძლობისთვის და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლება „ჩვენი დამაკავშირებელი მიზნებისა და ღირებულებების ერთგული“ რჩება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button