რესპუბლიკის ამბები

შორაპნელი სცენის მოყვარეები სამკითხველოთა დასახმარებლად წარმოდგენებს მართავენ

„ჩვენი ქვეყანა“, პირველი ოქტომბერი, 1919 წ. N164.

წარმოდგენები სოფლად.

შოროპანი. 14 ენკენისთვეს შორაპნის რაიონის სამკითხველოების სასარგებლოთ ადგილობრივმა სცენის მოყვარეებმა დასდეს წარმოდგენა. სამკითხველოებს ფული გამოლეოდა გაზეთის გამოსაწერად და თეატრის ადმინისტრაციას პარასკევს გადაეწყვიტა კვირასთვის წარმოდგენის გამართვა. მოიწვიეს სცენის მოყვარეები და მათის თანხმობით აირჩიეს ორი პიესა: „დატრიალდა ჯარა“ და „ექიმის ფული.“ ამ პატარა დროის მომზადების შემდეგ პიესები გვარიანათ ჩაატარეს.

თვის როლს ყველა შესაფერისათ ასრულებდა. მონაწილეობას იღებდნენ: ქალებში ლარისა და ოლღა წულუკიძის ასულეი. ლუბა სახალაშვილის ასული. ვაჟებში: მიშა კვაჩაძე, კოწია ქამუშაძე, შალიკო გაჩეჩილაძე და კ. ჩაჩავა. ყველა მონაწილენი მადლობის ღირსნი არიან, რომ ასე ენერგიულათ ეპყრობიან საზოგადო საქმეს. და მართლაც არავინ არ მოელოდა ასე უცებ წარმოშობილ წარმოდგენის ასე ჩატარებას. საზოგადოება მრავლათ დაესწრო და ნასიამოვნებიც დაიშალა, წმინდა შემოსავალი 800 [-] 900 მანეთამდე იყო, რომელსაც იმედია დანიშნულებისამებრ მოიხმარებენ.

შორაპნის მემატიანე

მსგავსი/Related

Back to top button