Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ბაქოში აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, რომელიც 17-18 სექტემბერს ბაქოს სტუმრობს, დღეს თავის აზერბაიჯანელ კოლეგას, შაჰინ მუსტაფაევს შეხვდა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხი განიხილა.

შეხვედრის შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, რომ „საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად მიმზიდველ ბაზარს წარმოადგენენ საერთაშორისო ინვესტორებისთვის, ტვირთბრუნვისთვის, ტურიზმის განვითარებისთვის“.

„შევთანხმდით, რომ საერთაშორისო ფორუმებზე ერთობლივად წარვადგენთ ჩვენი სატრანსპორტო ლოგისტიკური დერეფნის იდეას, რათა დემონსტრირება გავუკეთოთ მის მნიშვნელობას – ჩვენ ამას ერთად უკეთ შევძლებთ, ვიდრე ცალ-ცალკე“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის „სტრატეგიული პარტნიორობის“ გაღრმავებაზე სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის ოთხ პრიორიტეტულ სფეროში. ესენია: ერთობლივი საწარმოები და ინვესტიციები, ენერგეტიკა, ლოგისტიკა და სატრანსპორტო გადაზიდვები, ასევე ტურიზმი.

თურნავას თქმით, ორი ქვეყნის „ბიზნესს აქვს თანამშრომლობის ტრადიცია. ამიტომ, ჩვენი ორი სამინისტროს ამოცანაა, შევქმნათ მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო საიმისოდ, რომ ეს თანამშრომლობა განვითარდეს“.

აზერბაიჯანი 2018 წელს საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო თურქეთის და რუსეთის შემდეგ. „საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ აზერბაიჯანთან 2018 წელს 1.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა; ექსპორტის მოცულობა 502 მლნ აშშ დოლარი (272.1 მლნ აშშ დოლარი 2017 წელს), ხოლო იმპორტის მოცულობა 593 მლნ აშშ დოლარი (567 მლნ აშშ დოლარი 2017 წელს) იყო.

გუშინ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა, სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, ასევე მათი ტურისტული პოტენციალი განიხილეს.

თურნავამ და ალიევმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობას, რომელიც „აუცილებელია ქვეყნების სრულფასოვანი განვითარებისა და გლობალური მნიშვნელობის სატრანსპორტო – ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციისთვის“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის ეფექტურობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების მნიშვნელობას.

ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის 22-23 ოქტომბერს დაგეგმილ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც წელს მესამედ ჩატარდება და იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანი მაღალი დონით იქნება წარმოდგენილი აღნიშნულ ღონისძიებაზე.

ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის ლიდერს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც აზერბაიჯანი იჩენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების კუთხით. „აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და საიმედო მეზობელია, ამდენად, საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს ორმხრივი ურთიერთობების შემდეგომ განვითარებას“, – ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button