COP29-ზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ ალიევსშეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 11 ნოემბერს ბაქოში გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის (COP29) ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ლიდერებმა განიხილეს დარგობრივი თანამშრომლობისა და სხვადასხვა პროექტებში პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების საკითხები, რა დროსაც ყურადღება ენერგეტიკასა და ენერგოუსაფრთხოებაზე გამახვილდა.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი, ეს იყო ენერგეტიკა და ენერგოუსაფრთხოება, დაკავშირებადობა. ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები, ასევე ერთად ვმუშაობთ ამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე, მათ შორის, შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი პარტნიორობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის შემდეგ.
ორმა ლიდერმა ასევე ხაზი გაუსვა რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევების მნიშვნელობას და დაადასტურეს მზადყოფნა, წვლილი შეიტანონ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.
კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვის საკითხებს. „ჩვენთვის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ჩვენ, თავის დროზე, კონსტიტუციის დონეზე გავწერეთ შესაბამისი გარანტიები, რაც უკავშირდება ეკოლოგიას, ეკოლოგიურ უფლებებს, გარემოს დაცვის სფეროში უფლებებს და, რა თქმა უნდა, ჩვენს გამოცდილებაზეც გვექნება საუბარი ჩვენს პარტნიორებთან. მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ ასევე ჩვენი პარტნიორების გზავნილები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კომენტარი: არჩევნები, ოპოზიცია, სადავო კანონები
პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში სტუმრობსას, საქართველოს ევროკავშირის რვა ქვეყნის მაღალი რანგის დეპუტატები ესტუმრნენ. პრემიერ-მინისტრმა ვიზიტზე კომენტარი ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„„ჩვენ თავი შევიკავეთ ამ ადამიანებთან შეხვედრისგან ერთი მარტივი მიზეზის გამო, ამ დელეგაციის წევრთა ნაწილი იყო პირდაპირ ჩართული საარჩევნო აგიტაციაში და თავად არღვევდა უხეშად საარჩევნო პრინციპებს“, – განაცხადა კობახიძემ.
მან დეპუტატები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „ეს არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც უნდა ჰქონდეს ევროპელ პოლიტიკოსს სუვერენული ქვეყნის მიმართ“.
ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძემ ასევე ისაუბრა ორი კანონის, ანტი-ლგბტ კანონისა და უცხოელი აგენტების კანონის შესახებ და განაცხადა, რომ „მას შემდეგ, რაც ცვლილებები მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თავად ამერიკელები აპირებენ იმ ტიპის კანონის მიღებას, რაც ჩვენ მივიღეთ საქართველოს პარლამენტში, აქ საქმე ეხება ოჯახურ ღირებულებებს და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას“.
ირაკლი კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა მზაობას საერთაშორისო პარტნიორებთან უცხოელი აგენტების კანონთან დაკავშირებით ღია დისკუსიებისთვის და განაცხადა, რომ პოლიტიკოსებმა უარი თქვეს ამგვარ დისკუსიაზე, რადგან სამართლებრივად და პოლიტიკურად არაფერი აქვთ სათქმელი.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა როგორც ევროკავშირთან, ისე აშშ-სთან ურთიერთობის ხარისხობრივი გადატვირთვის მნიშვნელობას, რაც სამ მთავარ მოვლენას დაუკავშირა, როგორიცაა არჩევნები საქართველოსა და აშშ-ში, და უკრაინაში ომის დასრულება: „ვფიქრობთ, რომ ომიც დასრულდება ძალიან მალე“.
ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს, თუ როგორ აფასებს საქართველოში მიმდინარე პოსტსაარჩევნო პროცესს და ოპოზიციური პარტიების პოზიციას მომავალი პარლამენტის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით.
„4 წლის წინ ოპოზიციას ჰქონდა იგივე მცდელობა და გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, რადგან ჩვენ მაშინ იძულებული გავხდით, გარე ჩარევის გამო, შევსულიყავით მოლაპარაკებებში, ხელი მოგვეწერა 19 აპრილის შეთანხმებაზე, ახლა მათ ამის რესურსიც არ აქვთ, შესაბამისად, ძალიან მარტივად წარიმართება პროცესები“, – განაცხადა კობახიძემ.
გაიხსენა რა წინასაარჩევნო საუბარი პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ, მან განაცხადა, რომ ხელისუფლებას შეუძლია ამ ნაბიჯის გადადგმა საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე, თუ ოპოზიციის წარმომადგენლები „გააგრძელებენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ წასვლას“.
„აქ საუბარია საკონსტიტუციო სარჩელის შეტანაზე, რასაც სჭირდება დეპუტატების მცირე რაოდენობა. ეს არის აბსოლუტურად საკმარისი. თუ გააგრძელებენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ სიარულს, ამ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ ჩვენ ეს საკითხი. მეორე მხრივ, იმდენად დასუსტებულია დღეს ოპოზიცია, რომ შეიძლება ასეთი ზომების მიღება აღარც გახდეს აუცილებელი, თუმცა ცუდი არ იქნებოდა ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური განვითარებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ განაცხადა, რომ პროკურატურამ გამოძიება საარჩევნო დარღვევების შესახებ ბრალდებების გავრცელებისთანავე დაიწყო, თუმცა მთავარი მიზეზი იმისა, რომ ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პროკურატურაში გამოკითხვაზე არ მიდიან, არის ის, რომ, მისი თქმით, მათ არგუმენტები არ აქვთ.
„როგორც ხედავთ, არავითარი გამოძიება არ წარიმართება მოლდოვაში, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან უხეში ხარვეზები საარჩევნო პროცესში. ასევე აშშ-ში ვხედავდით, რა რეჟიმში წარიმართებოდა საარჩევნო პროცესი. ხმის ფარულობაზე როცაა საუბარი, პრაქტიკულად, საერთოდ არ იყო შტატების დიდ ნაწილში უზრუნველყოფილი ხმის ფარულობა, აღარაფერს ვსაუბრობთ იმაზე, რომ პირადობის მოწმობების გარეშე ხდებოდა ხმის მიცემა ბევრ შტატში“, განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „თუ სადმე არის გამოსაძიებელი, ჯერ სხვა ქვეყნებით უნდა დავიწყოთ“.
ასევე წაიკითხეთ:
- 11/11/2024 – ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები საქართველოს სტუმრობენ
- 11/11/2024- პარლამენტის თავმჯდომარე გმობს ევროპელი დეპუტატების ვიზიტს და შეხვედრაზე უარს აცხადებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)