ახალი ამბები

საქართველოს ლიდერებმა აზერბაიჯანელ თემს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცეს

Tags

საქართველოს ლიდერებმა აზერბაიჯანელ თემს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცეს, რომელსაც ისინი მარტის ბოლოს, გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომის აღსანიშნავად ზეიმობენ.

20 მარტს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს გარდაბანში დაესწრო.

„მინდა მოგილოცოთ ის, რომ თქვენ აგრძელებთ ტრადიციებს. ამის გარეშე ვერც ადამიანი და ვერც საზოგადოება ვერ იზრდება. ამიტომ, გავუფრთხილდეთ ჩვენს ტრადიციებს და გავაგრძელოთ. ეს არის, ნამდვილად, ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი ძალიან ძლიერი ნაწილი“, – მიმართა ზურაბიშვილმა ადგილობრივებს.

„მე ძალიან ამაყი ვარ და ამას ვამბობ მთელს მსოფლიოში, რომ საქართველო არის ის ადგილი, სადაც ყველას შეუძლია ცხოვრება… ასე რომ, ეს თანაცხოვრება გავაგრძელოთ, გავაძლიეროთ და სამომავლოდ ვიყოთ სამაგალითო ქვეყანა“, – დასძინა მან.

21 მარტს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მარნეულში ჩავიდა და ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცა.

„ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში, ქვეყანაში, რომლის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ისტორია ძმობისა, სიყვარულისა და ერთობისა. საქართველოს სიძლიერე მუდამ იყო მის მრავალფეროვნებაში, იმაში, რომ ჩვენ, საქართველოს შვილები ერთად, გვერდიგვერდ, მუხლჩაუხრელად ვშრომობდით ჩვენი საერთო სამშობლოს წინსვლისთვის. ეს დიდი სიყვარული და ძმობა უპირობოდ უნდა გადავცეთ მომავალ თაობებს“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივებს.

2014 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად, საქართველოში 233 000 (6.3 %) ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს. ქვემო ქართლში ისინი მოსახლეობის 41.7 %-ს შეადგენენ.

2010 წელს ნოვრუზი საქართველოში ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button