რესპუბლიკის ამბები

ბორჩალოს მაზრის ნეიტრალურ ზონის მართვა-გამგეობის საკითხი მოგვარდა

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 12 სექტემბერი, N204

ბორჩალოს მაზრის ნეიტრალური ზონიდან ინგლისელების ჯარის ევაკუაციის გამო 29-30 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ამხანაგის კონსტანტინე საბახტარაშვილის თავმჯდომარეობით და ბრიტანეთის სარდლობის წარმომადგენლობის მონაწილეობით შესდგა თათბირი საქართველოსა და სომხეთის მთავრობათა წარმომადგენლებისა ნეიტრალურ ზონაში მართვა-გამგეობის საკითხის მოსაგვარებლად. სხდომას დაესწრო მოკავშირეთა სარდლობის წარმომადგენელი ბრიტანეთის კარის სარდალი გენ. ბიჩი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები: კ. საბახტარაშვილი, სიმონ მდივანი და სარდალი ალექსანდრე გედევანიშვილი; სომხეთის მთავრობის წარმომადგენელნი: ს. მამიკონიანი, ს. ხაჩატურიანი და სარდალი ქიშმიშევი. დადგენილი იქნა:

1. ბორჩალოს მაზრის ნეიტრალური ზონის ადმინისტრაცია დარჩეს შერეული ბრიტანეთის ოფიცრის ხელმძღვანელობისა და კანტროლის ქვეშ.

2. შერეული ადმინისტრაციის არბიტრად დანიშნულ ბრიტანეთის ოფიცერს საცხოვრებელ ადგილად შეუძლია აირჩიოს სურვილისამებრ ალავერდი, ან თბილისი.

3. ნეიტრალური ზონის მართვა-გამგეობისათვის საჭირო ხარჯი განაწილებული იქნეს საქართველოს და სომხეთის რესპუბლიკათა შორის. ამ დადგენილების ინგლისურ თარგმანს ხელს აწერს გენ. ბიჩი.

სექტემბრის 1-ს მოხდა თათბირი ორივე რესპუბლიკის მთავრობათა წარმომადგენლებისა და მიღებული იქნა შემდეგი დადგენილება:

1. დარჩეს უცვლელად ის ხაზი სადაც დაბანაკებულია ქართული და სომხური გარნიზონი ბორჩალოს მაზრაში და აგრედვე, რაოდენობა ჯარის ნაწილებისა.

2. შედგეს სამხედრო სპეციალისტთა შერეული კომისია, რომელსაც დაევალოს ადგილობრივ შეამოწმოს ის ხაზი, რომელზედაც უნდა იყოს დაბანაკებული ორივე რესპუბლიკის ჯარის ნაწილები ბორჩალოს მაზრის ნეიტრალური ზონის ჩრდილოეთისა და სამხრეთის საზღვრებზე, თანახმად საქართველოსა და სომხეთს შორის 1919 წლის იანვრის 9-17-ს მოკავშირეთა სარდლობის მონაწილეობითა და ბრიტანეთის ჯარის პოლკოვნიკის სტიუარტის თავმჯდომარეობით დადებულ ხელმძღვანელობისა. შერეული კომისიის შედგენა და მისი გაგზავნა ბორჩალოს მაზრაში მიენდოს საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის ამხანაგს სარდალ გედევანიშვილს და სომხეთის სამხედრო წარმომადგენელს სარდალს ქიშმიშევს.

ნეიტრალური ზონის ინგლისის კომისარს დაუყონებლივ ეუწყება ეს დადგენილებები ადგილობრივ მცხოვრებთა და ადმინისტრაციის მოხელეთა საცნობად და გამოსაქვეყნებლად. რათა ბოლო მოეღოს ყოველნაირ მითქმა-მოთქმას, და ჭორებს, რომელსაც ავრცელებენ ბრიტანეთის ჯარის ამიერ-კავკასიიდან გასვლის გამო. ეს დადგენილებები გადაეცა აგრეთვე საქართველოს წარმომადგენელს ერევანში ბატონ გერასიმე მახარაძეს, რომლის მოადგილესაგან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო შემდეგი დეპეშა: „ჩემი მიმართვის საპასუხოდ, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სექტემბრის 20ს მომწერა, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა საქართველოსა და სომხეთის მთავრობათა წარმომადგენლების მიერ ბორჩალოს ნეიტრალური ზონის მართვა-გამგეობის შესახებ, სრულიად ეთანხმება სომხეთის მთავრობის შეხედულებას და მოხსენდება სომხეთის პარლამენტს, როგორც უკვე მიღებული გადაწყვეტილება. ამასთანავე სომხეთის მთავრობა გთხოვთ აუწყოთ საქართველოს მთავრობას, რომ სომხეთის მთავრობა მტკიცეთ უზრუნველყოფს თავის მხრით ზემოთ აღნიშნული დადგენილების სისწორით სისრულეში მოყვანას.

საქართველოს საგარეო სამინისტროს საინფორმაციო განყოფილება

მსგავსი/Related

Back to top button