skip to content
ახალი ამბები

ევროპარლამენტი: რუსეთის აგრესია საქართველოსა და უკრაინაში ევროკავშირის უფრო ძლიერი მოქმედების საჭიროებას ავლენს

ევროპარლამენტი რეკომენდაციას აძლევს ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიას და და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, უფრო ძლიერი მიდგომა შეიმუშავონ მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, გაყინული კონფლიქტების მოსაგვარებლად.

17 იანვარს გამოქვეყნებულ რეკომენდაციაში სახელწოდებით „პრევენციული დიპლომატიის როლი მსოფლიო მასშტაბით გაყინული კონფლიქტების დაძლევაში – დაკარგული შესაძლებლობა თუ ცვლილება მომავლისთვის?“ ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის აგრესია უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მსოფლიო მასტაბით „ევროკავშირის უფრო ძლიერი და ამბიციური, სანდო, სტრატეგიული, ხელშესახები და ერთიანი მოქმედების საჭიროებას“ ავლენს.

ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ აღმოსავლეთ სამეზობლოში უსაფრთხოებას უკრაინაში რუსეთის შეჭრა „დიდ საფრთხეს უქმნის“ და რომ ევროკავშირმა უნდა გაზარდოს თავისი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ეფექტურობა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ევროპარლამენტი აცხადებს, რომ ევროკავშირმა საკუთარი მიზნები დამოუკიდებლად უნდა დაისახოს და განახორციელოს ისინი შეცდომების გამეორების თავიდან ასაცილებლად.

ევროპარლამენტის თქმით, „წევრი სახელმწიფოების მხრიდან ნების არარსებობა, რომ უარი თქვან საკუთარ ინდივიდუალურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ინტერესებზე საგარეო ურთიერთობებში, რათა ერთობლივად შექმნან შესაძლებლობები და სტრატეგიული ავტონომია განავითარონ“ წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებას პრევენციულ დიპლომატიაში ევროკავშირის გლობალური ლიდერობის გზაზე.  

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ არასტაბილურობაზე რეაგირება მოახდინოს, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინა შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესის ნაკლებობა გაითვალისწინოს. ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა აქტიურად უნდა განახორციელოს პრევენციული დიპლომატია გაყინული კონფლიქტების რეგიონებში, რაც ესკალაციის თავიდან აცილებას და სტაბილიზაციის უზრუნველყოფას დაეხმარება.

ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების კონტექსტში და სხვამხრივაც, რათა უზრუნველყოს რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, კერძოდ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან თავისი საოკუპაციო ჯარების გაყვანა.

დოკუმენტი რეკომენდაციებს აძლევს ევროკავშირის ინსტიტუტებს რამდენიმე მიმართულებით, როგორიცაა ევროკავშირის მიერ ადგილობრივი და კულტურული კონტექსტის უკეთ გაგება, პარტნიორობისა და საერთაშორისო კოორდინაციის გაძლიერება, ევროკავშირის კონფლიქტების ადრეული შეტყობინების სისტემის პროაქტიულობის უზრუნველყოფა და ა.შ.

რეკომენდაციები ასევე მოიცავს სპეციალური წარმომადგენლების როლს პრევენციულ დიპლომატიაში, მათ ანგარიშვალდებულებასა და კონფლიქტების მოგვარების პროცესებში მათი ჩართულობის შედეგების მიმოხილვას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button