რესპუბლიკის ამბები

ქობულეთში საქართველოსთან შეერთების მოთხოვნით მიტინგი გაიმართა

საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 23 ივლისი, N161

სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელმა კომიტეტმა გადასწყვიტა მოაწყოს მთელი რიგი მიტინგებისა სამუსლიმანო საქართველოს სხვა და სხვა ალაგებში. ასეთი მიტინგები კომიტეტს გადაწყვეტილი ჰქონდა ამ დრომდისაც მოეწყო, მარა სხვა და სხვა ხელის შემშლელ პირობების გამო ეს ამ დრომდე ვერ მოხერხდა. თუმცა კომიტეტი პატარ-პატარა კრებების მოწყობას სხვა და სხვა ალაგებში ახერხებდა, მარა მრავალრიცხოვან ყრილობებზე აშკარათ გამოსვლა შესაძლებელი შეიქნა მხოლოდ ამ ბოლო დროს.

18 ამ თვეს დიდი მიტინგი გაიმართა დაბა ქობულეთში. საუცხოო სურათს წარმოადგენდა ნური ეფენდ ჩიქავაზის ეზო. აუარებელ ხალხს მოეყარა აქ თავი. ყველას სადღესასწაულო ღიმილი უკრთოდა სახეზე ხალხმა იცოდა, რომ აქ უნდა თქმულიყო ის, რაც შეადგენს სამუსლიმანო საქართველოს სათაყვანებელ საგანს. აქ უნდა თქმულიყო მხურვალე სიტყვები ჩვენი ხალხის განთავისუფლებაზე, დედა სამშობლო საქართველოსთან ავტონომიურათ შეერთებაზე, ჩვენს წარსულზე, ჩვენს მომავალზე. ხალხმა იცოდა ეს და მიტომ იყო ის ასე აღფრთოვანებული, მიტომ იყო რომ თითქმის ყველა უბნის მცხოვრებლებს აქ მოეყარათ თავი.

ჯამეში ლოცვის შემდეგ ხალხმა იწყო დენა ნური ეფენდ ჩიჭავაძის ეზოსკენ, სადაც მიტინგი იყო დანიშნული. მიტინგი გახსნა სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ მთავარი კომიტეტის თავმჯდომარემ მემედ ბეგ აბაშიძემ.

მემედ ბეგ აბაშიძის სიტყვა – „მამულიშვილებო! დღეს ჩვენ მოგიწვიეთ აქ, რომ გაგაცნოთ ჩვენს მიზანს და თქვენთან ერთად გამოვნახოთ საშუალებანი ამ მიზნის მისაღწევათ. რუსეთის დიდმა რევოლუციამ მიანიჭა წინანდელ რუსეთის ფარგლებში მომწყვდეულ ერებს თავისუფლება, რომ ყოველმა ერმა განაგოს თავისის სვე-ბედი ისე, როგორც მას სურს, როგორც მას მოუხდება. ჩვენი სამშობლო საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო. დროთა ვითარების გამო ის რუსეთის მფარველობაში შევიდა, მარა იმ პირობით კი, რომ უფლება ქონებოდა თავის შინაურ სვე-ბედის თავისუფლად გამგებლობისა. მარა ეს პირობა რუსეთმა დაარღვია და მერე, რუსეთის დიდ რევოლუციამდე, ის განიცდიდა საშინელ მონობას. ამრიგად საქართველოს, გარდა იმისა, რომ მას უფლება აქვს, როგორც განათლებულ ერს, თავისუფლებისა, ისტორიული უფლებაც აქვს, რომ ის დამოუკიდებელი სახელმწიფო იყოს. სამუსლიმანო საქართველო რამდენიმე საუკუნის წინათ საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო. მარა დროთა ვითარების გამო ჩვენ მოვწყდით, მარა ჩვენი ვინაობა არ დაგვიკარგავს, ჩვენ დავიცავით ჩვენი ენა, ზნე, ხასიათი, ჩვეულება.

ჩვენი საზრუნავი საგანი უნდა იყოს ის, რომ ჩვენ ავტონომიურათ შევერთდეთ ჩვენს სამშობლოსთან. თუ ეს არ იქნება, უბედურება თავს დაგვატყდება. ჩვენ დავსუსტდებით, გადავგვარდებით, მოვწყდებით დედას და უცხოელების სათარეშოთ გადავიქცევით. ამიტომ ჩვენ კარგად უნდა ჩავუკვირდეთ გარემოებას, ავწონ-დავწონოთ მდგომარეობა და რაც გვიხსნის, რაც გაგვაბედნიერებს, იმ გზას დავადგეთ. ჩვენ დღეს ჩვენს ქვეყანაშ უცხო ხალხს ვხედავთ. აი, მაგალითად დიდი ბრიტანიის ბატონ გუბერნატორს რომ ნება არ მოეცა, ჩვენ აქ ვერ შევიკრიბებოდით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თავისუფლების მოყვარული დიდი ბრიტანეთი ჩვენს თავისუფლებას გზაზე არ გადაეღობება და ხელს შეგვიწყობს, რომ ჩვენი სამშობლო საქართველო თავისუფალი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყოს. სამუსლიმანო საქართველო ამ თავისუფალ სახელმწიფოს ფარგლებში უნდა შევიდეს ფართო ავტონომიის ნიადაგზე. ჩვენ ხელში იქნება შინაური საქმეების მართვა-გამგეობა. ამ მიზანს ვემსახურებით ჩვენ. ესაა საზრუნავი  საგანი სამუსლიმანო საქართველოს განმანთავისუფლებელი კომიტეტისა. როცა ჩვენ უბედურება გვეწვია, როცა ჩვენი ძმები და ცოლ-შვილი აწიოკებულნი იყვნენ, ჩვენი გულის ტკივილი იგრძნეს ჩვენმა ძმებმა ქრისტიანმა ქართველებმა და ყოველნაირი დახმარება აღმოგვიჩინეს. მშობლიურმა გრძნობამ იფეთქა და ძმებმა ძმური ხელი გამოგვიწოდეს. ასე იქნება ყოველთვის. ძმა თავის ძმას ვერ დაივიწყებს, დედა – თავის შვილს. ჩვენს საქმეს უშველის ჩვენი ძმური ერთობა დედა სამშობლო საქართველოსთან.

მე წინადადებას ვაძლევ ავირჩიოთ რამოდენიმე პირი, რომელთაც უნდა მიენდოთ შეადგინოს მემორანდუმი, რომელიც უნდა მიართვან ინგლისის მთავრობას. ამ მემორანდუმში უნდა იყოს აღნიშნული ჩვენი ზემოხსენებული მიზანი რაც უნდა ეცნობოს საზავო კონფერენციას“ (მხურვალე ტაში).

„სამ. საქ”.

მსგავსი/Related

Back to top button