ძველი ამბები

ეთნიკურ უმცირესობათა ეროვნული საბჭოების საქმიანობა საქართველოში

Tags

გაზ. ახალი საქართველო, 1919 წლის 12 ივლისი, N7

ეს საკითხი მეტად მწვავეა და საყურადღებო. ჩვენ ვიცნობთ ამ ეროვნულ საბჭოებს  მათი ერთი წლის მოღვაწეობით საქართველოს დამოუკიდებლობის ხანაში. უნდა გადაჭრით ითქვას, რომ უმრავლესობა მათ შორის, როგორც  მაგალითად სომეხთა, ოსთა და რუსთა ეროვნული საბჭოები, აშკარად საქართველოს სამტრო პოლიტიკას აწარმოებენ; მიზანი მათი პოლიტიკური იყო და ეს მიზანი მდგომარეობდა საქართველოს დამოუკიდებლობის დამხობასა და მის ტერიტორიულ მთლიანობის დარღვევაში, სომეხთა ეროვნული საბჭო, საქართველო-სომხეთის ომის დროს, საქართველოს ქვეშევრდომ სომეხთა შორის ვოლონტერების მოკრებას მეთაურობდა არარატის რესპუბლიკის ჯარში გასაგზავნად; და თუ თვით სამხედრო მოქმედებების დროს სომეხთა ეროვნული საბჭო მოღალატურ მიზნებს ახდილად ემსახურებოდა, რა უნდა იყოს მისი მოღვაწეობა ჩვეულებრივ დროს.

სომხური პრესა თავგამოდებით იცავს სომეხთა ეროვნულ საბჭოს, „მშაკი“, „აშხატავორი“, „ჟღოვორდინ ძაინ“ და სხვანი პერიოდულად ეხმიანებიან ამ საკითხს, და მასზე ყოველთვის ხანგრძლივად შეაჩერებენ ხოლმე საქართველოს მოქალაქე სომეხთა ყურადღებას. „ზომიერი“ „მშაკი“, ამ ორი თვის წინად, თავის მეთაურ წერილში სომეხთა საბჭოსათვის ისეთ ფართო უფლებებს მოითხოვდა, რომ საქართველოს სომეხთა ყოველმხრივი მოთხოვნილება და მდგომაროება  თითქოს მას უნდა დაქვემდებარებოდა, „მშაკის“ პროგრამით სომეხთა ეროვნული საბჭო უნდა იყოს საქართველოში „სომხეთის“ მომწყობი საქართველოს ხაზინის ხარჯზე; და როდესაც ამ გვარად საქართველოში სომხეთი შეიქმნება, მაშინ სომეხთა საბჭოს როლი, მისი მიზანი და მეთოდი, რა თქმა უნდა, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის წინააღმდეგ იმოქმედებს. თუ ასეთია ზომიერი მშაკის გამომჟღავნებული პროგრამა, რა უნდა იყოს „აშხატავორის“ ფარული მიზნები.

ოსთა საბჭო სათავეში ჩაუდგა ოსთა მოძრაობას და პოლიტიკურ მიზნად საქართველოში ოსეთის გამოჭრა დაისახა. ამავე დროს ოსთა საბჭო თავის საბრძანებლოში საქართველოს მთავრობის განკარგულებებს არ სცნობდა და არც მის მოხელეებს ღებულობდა. ოსთა პირველი აჯანყების ჩაქრობის შემდეგ, ჩვენი დაუდევრობით, კვლავ შემზადდა დიდი ასაფეთქებელი მასალა მეორე აჯანყებისთვის და მთავრობა იძულებული იყო დაესწრო და ჯარი წინ და წინვე გაეგზავნა მოძრაობის საშოშივე ჩასაქრობად.

რუსთა ეროვნული საბჭო დენიკინელების ოფიციალური თავშესაფარია, ეს მისი შტაბის განყოფილებაა, რომელიც აგროვებს დენიკინის არმიისათვის ოფიცრებს და ჯარისკაცებს, ჰკრეფს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ და სამხედრო ინფორმაციას და აწყობს მუდმივ მისვლა-მოსვლას საქართველოსა და დენიკინის შტაბ-კვარტირას შორის.

ასეთია მოღვაწეობა ეროვნული საბჭოებისა საქართველოში. ეს მათი მოღვაწეობის ისტორია და ის მიზანი, რომელსაც ეს საბჭოები ემსახურებოდენ, უნდა სახეში იყოს მიღებული მათდამი ჩვენი პრინციპიული პოზიციის გამორკვევის დროს. ამ საკითხს ჩვენ ბევრჯელ შევხებივართ და სხვა და სხვა დროს ამ საბჭოთა კონკრეტული მოქმედების განხილვას, ისე როგორც იმ გარემოებას, რომ დღეს საქართველოში შემოღებულია და მოქმედებს დიდუფლებიანი ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელსაც ეხელმწიფება ფართო მასშტაბის კულტურული და ეკონომიკური მოქმედება, – ყოველთვის იმ დასკვნამდე მივუყვანივართ, რომ ამგვარი ეროვნულ საბჭოებს არავითარი „raison d’etre”-ი არ აქვთ და რომ მათი დახურვა აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენდა სახელმწიფოებრივი უშიშროების შესაქმნელად.

ეს საბჭოები დამოუკიდებელ საქართველოს მშველელად კი არ მოვლენილან, არამედ ხელის შემშლელად და ჩვენ გვეგონა, რომ ყველა, ვინც კი იცნობდა ამ საბჭოთა მოღვაწეობას, მათ სულისკვეთებასა და მიზანს და ვინც დარწმუნებული იყო რომ დღევანდელი ერობა სრულიად საკმაოა უუფართოვეს კულტურულ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად, აღნიშნავდა ამ საბჭოების უნიადაგობას, ზედმეტობას და მავნებლობას, და მოითხოვდა ამ რევოლუციური დროის ორგანიზაციის ლიკვიდაციას, რაკი ჩვენში დამფუძნებელი კრება მოქმედებს და ნორმალური ცხოვრების პირობებიც თან და თან ფეხს იკიდებს.  მაგრამ ეს ასე არ ხდება. ამ ფაქტებს ყურადღებას არ აქცევენ. ანგარიშს არ უწევენ არც ამ საბჭოების მიზნებს, რომელიც ყველას სისწორით აქვს შეგნებული და გამოდიან ამ საბჭოების დამცველებად, მათ მხარს უჭერენ და სააგიტაციო რეკლამასაც უწერენ. ასე იქცევა გაზეთი „ერთობა“ ასე იქცევა მთავრობის რუსული გაზეთი „ბორბა“, რომლის რედაქციის თანამშრომელთა შემადგენლობა რუსული რენაციონალიზაციის გზით მიექანება!

„ბორბას“ არ აქვს არავითარი რეალური საფუძველი არ იფიქროს, რომ საქართველოს სომხობას „დაშნაკცუტიუნი“ მბრძანებლობს და როგორც არარატის რესპუბლიკის ამ უკანასკნელ არჩევნებში დაშნაკელებმა გაიმარჯვეს, ისე აქაც სომეხთა ეროვნული საბჭოს არჩევნებშიაც უსათუოდ დაშნაკელები გაიმარჯვებენ. არ შეიძლება „ბორბა“-მ ისიც არ იცოდეს, რომ სომხის სოციალ-დემოკრატები ზურაბოვის გარშემო ირაზმებოდა და არაქართულ პოლიტიკას ადგანან.  „ბორბამ“ იცის ყოველივე ეს მაგრამ იგი მაინც აგიტაციას ეწევა სომეხთა ეროვნული საბჭოს სასარგებლოდ და ამ საბჭოს საარჩევნო ყუთისკენ მოუწოდებს 20 ივლისისთვის ყველა სომხის ამომრჩევლებს.

ვის საქმეს აკეთებს გაზეთი „ბორბა“ ?! ჩვენი რესპუბლიკისას თუ დაშნაკელებისას?

Related Articles

Back to top button