skip to content
ახალი ამბები

ევროპის საბჭოს მეოთხე მოსაზრება ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ

ევროპის საბჭოს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტმა 26 ივნისს საქართველოს შესახებ მეოთხე მოსაზრება გამოაქვეყნა.

მრჩეველთა კომიტეტი მიესალმა იმ ფაქტს, რომ საქართველოში, ზოგადად, უმცირესობების უფლებათა დაცვის მხარდამჭერი გარემოა და იქვე აღნიშნა ქვეყნის ღიაობა და პატივისცემა ეთნიკური და რელიგიული მრავალფეროვნების მიმართ.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მონიტორინგის პერიოდი დაემთხვა გამოწვევებით აღსავსე კონტექსტს, რასაც ახლდა COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული სერიოზული გავლენა ჯანმრთელობისა და ეკონომიკის კუთხით, კონფლიქტები რეგიონში, რუსეთის ფედერაციის აგრესია უკრაინის მიმართ 2022 წლის თებერვლიდან და ის ფაქტი, რომ საქართველო ვერ ახორციელებს ეფექტიან კონტროლს მის კუთვნილ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, რუსეთის ფედერაციის მხრიდან უწყვეტი უკანონო ოკუპაციისა და შეიარაღებული ძალების ტერიტორიაზე უკანონო ყოფნის შედეგად. ამავე მიზეზით, მონიტორინგმა ვერ მოიცვა ეს ტერიტორიები და ამ არეალში მცხოვრებ უმცირესობათა მდგომარეობა.

მართალია, ზოგადად, სურათი პოზიტიურია, მრჩეველთა კომიტეტის თქმით, საჭიროა მეტი მოქმედება ურთიერთპატივისცემის გარემოს ხელშესაწყობად და დიალოგისათვის საზოგადოების ყველა წევრს შორის. დოკუმენტის თანახმად, რელიგიურ უმცირესობათა მდგომარეობა შემაშფოთებელია, რადგან მოუგვარებელია არაერთი პრობლემა, რომელიც მათ წინაშეა. კერძოდ, საქმე ეხება საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ქონების, ასევე, შედარებით ბოლო პერიოდში, თვითნებურად და დაუსაბუთებლად მითვისებული რელიგიური ქონების რესტიტუციას. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის პრივილეგირებული სტატუსი ქართულ საზოგადოებასა და ქართველთა ცნობიერებაში კვლავ შეშფოთების საბაბს იძლევა, ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობაზე ხელმისაწვდომობა პრობლემურად რჩება ზოგიერთი ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლისათვის, რაც, უმეტეს შემთხვევაში, გამოწვეულია მკაცრი ენობრივი მოთხოვნებით და სხვა ბარიერებით. მიუხედავად ეროვნულ უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა კულტურისა და იდენტობის აღსანიშნავი ხელშეწყობისა, ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაში უმცირესობათა კულტურის წვლილს უმრავლესობა სათანადოდ არ აღიარებს, ნათქვამია დოკუმენტში. აუცილებელია გრძელვადიანი საბაზისო დაფინანსება, შესაფერისი შენობების გამოყოფა, განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება რიცხობრივად უფრო მცირე ჯგუფებზე და მიზანმიმართული დაფინანსება ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლისა თუ რეკონსტრუქციისათვის, ნათქვამია მოსაზრებაში.    

დოკუმენტის თანახმად, გამოწვევები კვლავ რჩება უმცირესობათა ენებზე სწავლებაში. „სახელმძღვანელოები უმცირესობათა ენებზე და უმცირესობათა ენისა და ლიტერატურისათვის ისევ უმეტესად სხვა ქვეყნებიდან შემოდის, ვიდრე ადგილობრივად საქართველოში იქმნება და იბეჭდება. სასწავლო-საგანმანათლებლო მასალები დაბალი ხარისხისაა, ასევე, არასაკმარისია სკოლამდელი, დაწყებითი და საშუალო საფეხურის მასწავლებელთა ადეკვატური გადამზადება“, – ნათქვამია მოსაზრებაში. კომიტეტი აღნიშნავს, რომ 2023 წლის სექტემბრიდან შემუშავდა და ეტაპობრივად ინერგება ორენოვანი სწავლების მოდელი, რომელიც ეროვნულ უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა უფლებების დაცვასთან სრული შესაბამისობით თუ დაინერგება, „გაკვალავს გზას განათლების სფეროში რიგი პრობლემების მოგვარებისაკენ, ასევე, უზრუნველყოფს ეროვნულ უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა უფლებების ხელმისაწვდომობას, მათ შორის, მათ ეფექტიან მონაწილეობას ცხოვრების ყველა სფეროში“.

ეთნიკურ უმცირესობათა საბჭო და რელიგიათა საბჭო ხელს უწყობენ დიალოგს ხელისუფლებასთან, თუმცა ვერ ქმნიან სისტემურ და ოფიციალურ საკონსულტაციო მექანიზმს. ასევე შემაშფოთებელია ეროვნულ უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა არასაკმარისი და არადამაკმაყოფილებელი მონაწილეობა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ყველა საფეხურზე.

რეკომენდაციები დაუყოვნებლივ მოქმედებისათვის:

  1. მოსახლეობის აღწერის მომზადება: ხელისუფლება უნდა მოემზადოს 2024 წელს დაგეგმილი მოსახლეობის აღწერისთვის და ამისთვის აღწერის ახალი ფორმა მიიღოს, რომელიც უნდა მოიცავდეს შესაძლებლობას, პირმა განაცხადოს სხვადასხვაგვარი მიკუთვნებულობის შესახებ, ამასთან, ეთნიკურობასა და ენასთან დაკავშირებული კითხვების შესაძლო პასუხთა ნუსხა უნდა იყოს ღია და არასავალდებულო. ხელისუფლებამ აღწერის ინტერვიუერებად უნდა დაიქირავოს ეროვნულ უმცირესობებს მიკუთვნებული პირები და უნდა უზრუნველყოს მათი სათანადო მომზადება.
  2. უთანასწორობის აღმოფხვრა: ხელისუფლებან უნდა მიიღოს ქმედითი ზომები იმისათვის, რომ უპასუხოს უთანასწორობას, რის წინაშეც არიან ეროვნულ უმცირესობებს მიკუთვნებული პირები, კერძოდ კი, სომხები, აზერბაიჯანელები, ქისტები და ბოშები. ეს უნდა გაკეთდეს სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენლებთან ერთად.
  3. ნდობისა და ურთიერთპატივისცემის ხელშეწყობა: ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს ნდობასა და ურთიერთპატივისცემას უმცირესობების მიმართ, მათ შორის, ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობებით მთლიანად მოსახლეობაში.
  4. სალოცავ ადგილებზე წვდომა: ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სალოცავ ადგილებზე ეფექტიანი წვდომა ეროვნულ უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა და უმცირესობათა რელიგიების მიმდევართათვის. გადაწყვეტილებები ახალი სალოცავი ადგილების აშენებისა ან მიკუთვნების შესახებ უნდა მიიღებოდეს დროულად, გამჭვირვალედ და არადისკრიმინაციულად. ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა უზრუნველყოს რელიგიური თემებისათვის ჩამორთმებული ქონების რესტიტუცია.  
  5. პოლიტიკური მონაწილეობა: საკანონმდებლო ჩარჩომ უნდა უზრუნველყოს უმცირესობების წარმომადგენლობა არჩევით და აღმასრულებელ ორგანოებში ყველა დონეზე. ხელისუფლების ორგანოებმა უნდა გაატარონ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები, მათ შორის, ეროვნულ უმცირესობათა ენებზე, რათა აამაღლონ ცნობიერება მათი პოლიტიკური მონაწილეობის უფლებაზე.

სხვა რეკომენდაციები

  1. სამოქალაქო თანასწორობის სტრატეგიის განხორციელება: ხელისუფლებამ სრულად უნდა განახორციელოს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია (2021-2030), მათ შორის მონიტორინგი და შეფასება უმცირესობების წარმომადგენლებთან კონსულტაციების გზით;
  2. უმცირესობების კულტურების მხარდაჭერა: ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სტაბილური დაფინანსება უმცირესობების კულტურის შესანარჩუნებლად და პოპულარიზაციისთვის, ამასთან დაფინანსების გამოყოფის პროცედურა უნდა იყოს გამჭვირვალე და ეფექტიანი;
  3. მედიის წარმომადგენლობა:  ხელისუფლებამ უნდა გაზარდოს ეროვნულ უმცირესობათა ენებზე მაუწყებლობის მხარდაჭერა და უზრუნველყოს საჯარო მედიაში ეროვნულ უმცირესობათა და მათი ენების თვალსაჩინო არსებობა;
  4. ტოპოგრაფიული დასახელებები: მრჩეველთა კომიტეტი მოუწოდებს ხელისუფლებას, ქართულ ენაზე ადგილთა დასახელებების აღდგენის კვალად, აღადგინონ ტრადიციულ ადგილთა სახელები უმცირესობათა ენებზეც.
  5. განათლება: მრჩეველთა კომიტეტი მოუწოდებს ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა სასკოლო პროგრამებში, საგანამანათლებლო მასალებსა და მასწავლებელთა გადამზადების პროცესში ჩართული იყოს ინფორმაცია ეროვნულ უმცირესობათა, მათ შორის, რიცხობრივად მცირე ჯგუფების კულტურა, ტრადიციები, ისტორია, რელიგიები და ენები, როგორც საქართველოს მრავალფეროვანი საზოგადოების განუყოფელი და ღირებული ნაწილი. ზოგად განათლებაში ხელისუფლებამ ასევე უნდა აამაღლოს ცნობიერება უმცირესობათა უფლებების მნიშვნელობაზე, როგორც მთლიანად ადამიანის უფლებათა დაცვის განუყოფელ ნაწილზე.  
  6. საკონსულტაციო საბჭოები: ხელისუფლებამ მკაფიოდ უნდა განსაზღვროს ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოსა და რელიგიათა საბჭოს როლები და უზრუნველყოს მათი რეკომენდაციების გათვალისწინება გადაწყვეტილების მიღებისას.
  7. სოციალურ-ეკონომიკური მონაცემების შეგროვება: ხელისუფლებამ უნდა შეაგროვოს მონაცემები უმცირესობების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, რათა შეიმუშავოს პოზიტიური ზომები უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, ასევე უნდა უზრუნველყოს უმცირესობის ქალებისა და ახალგაზრდების მიზნობრივი მხარდაჭერა და სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში ბოშათა მონაწილეობა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button