skip to content
რესპუბლიკის ამბები

სამედიატორო სასამართლოს განაჩენი „მაფალუს“ ჯგუფთან დაკავშირებით

გაზ, ერთობა, 1919 წლის 18 სექტემბერი, N211.

განაჩენი  სამედიატორო სასამართლოსი  სტეფანე გაგუასა და შალვა ჩოჩიას შუა.

ქ. ფოთი, საქალაქო თვითმმართველობის ბინა, 26 აგვისტო, 1919 წელი.

ბატონმა შალვა ჩოჩიამ გაზ. „ერთობის“ N141-ში, 28 ივნისს, 1919 წელს დასტამბა წერილი სათაურით „სამეგრელოს ავტონომისტები?!“, რომელშიაც პედაგოგს ბატონ სტეფანე გაგუას სხვადასხვა ბრალდება წაუყენა. ბ. გაგუამ ეს ბრალდებანი  უსაფუძვლოდ და უსამართლოდ ჩასთვალა და გამოიწვია კორესპონდენტი სამედიატორო სასამართლოში. შ. ჩოჩიამ ეს წინადადება მიიღო და მხარეებმაც აირჩიეს მოსამართლენი: ს. გაგუამ – სოლომონ ხოშტარია და სევერიან მუსერიძე, შ. ჩოჩიამ – ლუკა დავითაია და მელიტონ მგალობლიშვილი. არჩეულმა ოთხმა მოსამართლემ თავის მხრით სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს გრიგოლ დიასამიძე და მოიწვიეს ის თფილისიდან. ამ შემადგენლობით სასამართლომ დაიწყო საქმის წარმოება საღამოს აგვისტოს 23-ს. სხდომები  იმართებოდა დილასა და საღამოს 24-25 აგვისტოს. ხოლო 26 აგვისტოს მხარეებმა აირჩიეს დამატებით კიდევ ორი მოსამართლე: სტეფანე გაგუამ  – მიხელ ესაკია და შალვა ჩოჩიამ – სოფოკლე  ხოშტარია. ამ უკანასკნელი შემადგენლობით სასამართლოს ჰქონდა სხდომა 26 აგვისტოს, რომელმაც საღამოს 6 საათზე გამოიტანა ეს განაჩენი.

ამ სხდომაზე სასამართლომ გამოჰკითხა ყველა გამოცხადებულ მოწმეებს საქმის გარემოება, გადაიკითხა არგამოცხადებული პირების წერილობითი ჩვენებანი, აგრეთვე ორივე მხარისაგან წარმოდგენილი წერილობითი შემოწმებული და შეუმოწმებელი საბუთები და განცხადებანი, გაეცნო გარდა ამისა ყველა იმ წერილებს რომელნიც დაიბეჭდა ჟრნალ-გაზეთებში „მაფალუს“ დაარსების გამო. ყოველივე ეს წერილობითი და სამოწმო მასალა სასამართლომ ასწონ-დასწონა, გამოირკვა, შეაფასა მისი არსებითი შინაგანი ღირებულების მხრით და ერთხმად დაასკვნა: როგორც ჩანს გამოძიებიდან, რომელიც აწარმოვა სასამართლომ, ქ. ფოთში დაახლოებით ნოემბერსა თუ დეკემბერში 1918 წელს დაარსებულა პატარა ჯგუფი, რომელშიაც სხვათა შორის, მიუღია მონაწილეობა მცხოვან პედაგოგ ბატონ სტეფანე გაგუას, როგორც ერთ-ერთ თაოსანს. ამ ჯგუფს მიზნად დაუსახავს სამეგრელოს ისტორიის, არქეოლოგიის, ზნეჩვეულებების და ენის შესწავლა, პერიოდულ და სხვა გამოცემათა ბეჭდვა მეგრულ ენაზე და საზოგადოდ საგანმანათლებლო საქმის მოწყობა საქართველოს ამ კუთხეში, ასე ხსნიან დაწყებულ საქმეს თვით ამ ჯგუფის დამაარსებელნი. ამ ჯგუფის პოლიტიკური ხასიათი გამოძიების მასალით ვერ დამტკიცდა.

17 აპრილს 1919 წელს ქალაქ ახალ-სენაკში დაარსდა მეორე ჯგუფი დაახლოებით იმავე მიზნით, უმეტესად ახალგაზრდობისაგან შემდგარი, სტუდენტ მიხეილ კანკავას და მის ძმის ალექსანდრეს თაოსნობით. ამ მეორე ჯგუფისათვის საქმის დამწყებთ დაურქმევიათ სახელად „მაფოლუუ“, რაიც ქართულად ნიშნავს გაფურჩქვნას და შემდეგ აყვავილებას. ამ ჯგუფის თავმჯდომარეთ მიხეილ კანკავას განცხადებით ყოფილა, პედაგოგი ბატონი ლადი გაგუა, რომელიც, როგორც გამოირკვა, სრულებით ნათესავი არ ყოფილა ზემოთხსენებული ბატონ სტეფანე გაგუასი, როგორც ჩანს გაზეთების კორესპონდენციებიდან და ზუგდიდის სოციალ-დემოკრატიული, სოციალ-ფედერალისტული და სოციალ-რევოლუციონერთა პარტიების ორგანიზაციების, აგრეთვე შავი ზღვის რკინიგზის მუშათა და მოსამსახურეთა  პროფესიონალურ კავშირის შემოწმებულ მოწმეებიდან „მაფალუუს“ თავმჯდომარის ამხანაგს სტუდენტ მიხეილ კანკავას განსვენებულ ცნობილ ქართველ საზოგადო მოღვაწის იონა მეუნარგიას დასაფლავებაზე სოფელ ცაიმში მეგრულად წარმოუთქვამს „მაფალუუს“ სახელით სიტყვა სამეგრელოს პოლიტიკური წყობილების შესახებ, რომლიდანაც ყველას შეეძლო გამოეტანა ის დასკვნა, რომ “მაფალუუს“ უნდა ჰქონოდა პოლიტიკური ჯგუფის ან პარტიის ხასიათი. ეს პოლიტიკური ხასიათი „მაფალუუსი“ სასამართლოს წინაშე სამოწმო ჩვენების დროს უარჰყო სტუდენტმა მიხეილ კანკავამ და განაცხადა, რომ ჯგუფს ჰქვიან სახელად სამეგრელოს კულტურის მოყვარე ჯგუფი „მაფალუუ“. ეს საკითხი სასამართლომ ვერ გამოიძია, რადგანაც მის პირდაპირ საგანს და კომპეტენციას არ შეეხებოდა. სასამართლო იმედს გამოსთქვამს, რომ ამ საკითხს, როგორც ყველა ამგვარს საკითხებს, ჯეროვან ყურადღებას მიაქცევენ ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების ორგანიზაციები, საქმეს სავსებით გააშუქებენ და სისწორით გამოიძიებენ და გამაორკვევენ.

ფოთის ჯგუფსა და „მაფალუუს“ შორის არსებობდა ურთიერთობა, რომელიც გამოიხატებოდა იმაში, რომ ფოთის ჯგუფის სხდომებს ესწრებოდა „მაფალუუს“ წარმომადგენელი მიხეილ კანკავა და საერთო წესდების დირექტივების შემუშავებაში იღებდა მონაწილეობას. მიხეილ კანკავა შეთანხმებულა ფოთის ჯგუფთან, რომ მათ ექნებათ მხოლოდ კულტურული მიზნები. ხსენებული წესდების პროექტის საბოლოო რედაქცია მიენდო თფილისში მიმავალ პედაგოგს ბატონ სერგო დანელიას, რომელსაც შემდეგ ეს პროექტი უნდა დაესტამბა ერთ-ერთ გაზეთში.

სასამართლო აგრეთვე საჭიროდ რაცხავს აღნიშნოს, რომ სასამართლოს საქმის წარმოების დროს არ დამტკიცდა, რომ სტეფანე გაგუას მიეღოს მონაწილეობა ქალაქ ახალ-სენაკში არსებულ „მაფალუუს“ ჯგუფის საქმეებში. გარდა ამისა, არ დამტკიცდა ისიც, რომ სტეფანე გაგუა და მისი ჯგუფი მოითხოვდეს სამეგრელოს ან კულტურულ ან ეროვნულ და ეროვნულ-ტერიტორიალურ ავტონომიას სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოხსენებულ ჯგუფების დაარსებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია საზოგადოების ფართო წრეებში. ეს მითქმა-მოთქმა გაძლიერდა მეტადრე, მიხეილ კანკავას სიტყვის შემდეგ, იონა მეუნარგიას დასაფლავების დროს.

გასაკვირი არ არის, რომ დაშინებულმა რუსის ძველმა რეჟიმის აგენტებისაგან გამოგონილ მეგრელების დანარჩენ ქართველებისაგან გამთიშველ ზომებით, ჩვენმა საზოგადოებამ „მაფალუუს“ ამბავი მიიღო ზარდამცემ ამბად, თითქოს დაიბადა მეგრული სეპარატიზმი.

სასამართლო ვერ დამალავს იმ გარემოებას, რომ მეგრელ ჯგუფების დაარსებამ და მათ გარშემო ამტყდარმა სამწუხარო მითქმა მოთქმამ შექმნა ისეთი ნიადაგი, რომელშიაც ადვილად შეიძლება გამთიშველმა აზრებმა ფესვი გაიდგან და დაჰბადონ წარმოდგენა, თითქოს მეგრელები ცალკე ხალხს, ეროვნებას წარმოადგენს დანარჩენ ქართველებისაგან. ამისთანა ნიადაგს შეუძლია მიიზიდოს სხვადასხვა ჯურის ავანტიურისტები სათარეშოდ და თავიანთ ბნელი საქმეების გამოსაწყობათ.

აი სწორეთ ამ საშინელმა, გულსაკლავმა პერსპექტივამ ბევრი შეგნებული ქართველი მოქალაქე და მამულიშვილი სამართლიანად აღაშფოთა და აიძულა, როგორც ხსენებულ ჯგუფების, ისე მის დამაარსებელთა წინააღმდეგ გამოსვლა. უეჭველია, სწორედ ისეთმა შიშმა მოიცვა ახალგაზრდა შალვა ჩოჩიაც  და გააბედვინა მას თავის სახელის არ დამალვით გაზეთის ფურცლებზე გამოსვლა. შ. ჩოჩია თავის გამოსვლის დროს, ცხადია, არ ხელმძღვანელობდა რომელიმე პირადი ინსტერესებით, არამედ მას ამოძრავებდა მთლიანის და საერთოს აქართველოს ნორჩი სახელმწიფოებრიობის ბედ-იღბალი. მან გადაიტანა გაზეთის ფურცელზე მხოლოდ ის, რაც მის გარშემო საზოგადოებაში ისმოდა.

პრესა საუკეთესო საშუალებაა ყოველივე უკუღმართობის გამოსაფენათ და გამოსარკვევათ, ყოველთვის შესაძლებელია შემდეგ ჭეშმარიტების აღდგენა, ამისათვის მრავალი გზაა და ერთ-ერთი მათგანი დღევანდელი სასამართლოა, რომელიც მოსამართლეთა სინდისის თანახმად ერთხმად აღიარებს, რომ თავმოყრილმა მის ხელში მასალამ ვერ დაუმტკიცა მას, რომ სტეფანე გაგუა შეპყრობილი იყოს მეგრული სეპარატიზმით, რომ იგი გიმნაზიაში მოწაფეებს ჰყოფდეს მეგრელ და გურულ ჯგუფებად. თვით ბატონმა ჩოჩიამაც განაცხადა, რომ ეს ამბავი მხოლოდ როგორც ხმად გაგონილი მოიყვანა თავის კორესპონდენციაში.

რაც შეეხება მეგრულათ სწავლებას, გამოირკვა, რომ სტეფანე გაგუა მეგრულად ბავშვებს არ ასწავლიდა გიმნაზიაში, ხოლო მეგრელ ბავშვებს მეგრულად უხსნიდა ზოგიერთ გაუგებარ სიტყვებს, რაც დანაშაულში არ ჩაითვლება პედაგოგიკის მხრით.

მხოლოდ საჭიროდ ვთვლით აღვნიშნოთ აქ, რომ სტეფანე გაგუამ სასამართლოს შეკითხვაზე განაცხადა: „საღი პედაგოგიური პრინციპი მოითხოვს, რომ სწავლება სკოლებში ხდებოდეს ხალხის გასაგებ ენაზე. სამეგრელოში ასეთი ენა არის მეგრული, იმ ადგილების გამორიცხვით, სადაც ქართულ ენაზე ლაპარაკობენ, მაგალითად, როგორც გორდი, საჭილაო და სხვა. თუმცა ამაზე ლაპარაკი ჯერ-ჯერობით ნაადრევია. ის ეკი დარწმუნებული ვარ, როცა საქართველოს რესპუბლიკა მოღონიერდება, თვითონ განახორციელებს ამას“.

არ დამტკიცდა აგრეთვე, რომ სტეფანე გოგუას მიეცეს სოფლის მასწავლებელთათვის რაიმე „ფარული დირექტივები“ ესეც შ. ჩოჩიამ მოიყვანა თავის კორესპონდენციაში როგორც ხმა.

შემდეგ სასამართლო შენიშნავს, რომ კორესპონდენციის სიტყვები „პროვოკატორული მუშაობა“ და „ქართველ მოძმეთა შორის შუღლისა და მტრობის დათესვა“ სტეფანე გაგუას არ ეხება და თვით ბატონმა ჩოჩიამაც განაცხადა, რომ ამ სიტყვების დაწერის დროს სტეფანე გაგუა მას სახეშია რ ჰყოლია.

აღიარებს რა ყველა ამას, სამედიატორო სასამართლო გამოსთქვამს სრულ იმედს, რომ ამის შემდეგ მაინც ჩაქრება უსაფუძვლო ხმები ამ განაჩენში აღნიშნული საგნის გამო და მოისპობა ის ვნებათა ღელვა, რომელიც ზარალის უბედურების და დანგრევის მეტს არაფერს სხვას არ უქადის ჩვენს ნორჩ რესპუბლიკას და ამავე დროს სიხარულსა და ჩვენთვის მავნე ნატვრას უღვიძებს საქართველოს ხალხის და მათ შორის მეგრელების საერთო მტრებს.

მთელი მასალა შეგროვილი სასამართლოს მიერ ამ საქმეზე და ოქმები სასამართლომ გადასწტყვიტა გადასცეს ქ. თფილისის ქართულ ისტორიის და ეთნოგრაფიის საზოგადოებას.

სასამართლოს თავმჯდომარე: გრიგოლ დიასამიძე

სასამართლოს წევრნი: ს. ხოშტარია, მ. ესაკია, სევ. მუსერიძე, ლ. დავითაია, სოფ. ხოშტარია. მ. მგალობლიშვილი

მსგავსი/Related

Back to top button