ახალი ამბები

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში ნათია თურნავას მოუსმინეს

დარგობროვი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში 7 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას მოუსმინეს. მინისტრი კომიტეტის მოსმენაზე ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების მოთხოვნით მივიდა.

მოსმენა დაახლოებით შვიდ საათს გაგრძელდა. მინისტრმა კანონმდებლებს 10 წუთიანი მოხსნებით მიმართა და ყურადღება უწყების ორ მთავარ პრიორიტეტზე – ეკონომიკურ ზრდასა და სიღარიბესთან ბრძოლაზე, ასევე ეფექტიან და კოორდინირებულ საინვესტიციო პოლიტიკაზე გაამახვილა.

ამის შემდეგ, თურნავამ ჭიათურასა და პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და გაზპრომთან დადებული ხელშეკრულების შესახებ დეპუტატების მიერ მისთვის წინასწარ გაგზავნილ კითხვებს უპასუხა.

ეკონომიკური განვითარება, სიღარიბის დაძლევა და კოორდინირებული საინვესტიციო გარემო

მშპ-ს 5%-იან ზრდას ხალხი იგრძნობს

ეკონომიკის მინისტრის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციები წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-იან ზრდას ვარაუდობენ, რაც „საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია“.

მინისტრმა ყურადღება იმაზეც გაამახვილა, თუ როგორ იგრძობს თითოეული ოჯახი ამ ზრდას. მისი მტკიცებით, სახელმწიფოს უკვე აქვს შესაძლებლობა „განახორციელოს ინვესტიცია არა მხოლოდ მაგისტრალურ ინფრასტრუქტურაში, არამედ ისეთ ინფრასტრუქტურაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს მთელ საქართველოს და მისწვდება თითოეულ ოჯახს“.

მათ შორის, მინისტრმა ჩამოთვალა:

  • გაზიფიცირების სამწლიანი გეგმა, 200-ზე მეტი დასახლებული პუნქტს მოიცავს და მასზე 209 მლნ ლარი დაიხარჯება. შედეგად, მაგისტრალურ გაზმომარაგებაზე 1.3 მლნ ოჯახს (მოსახლეობის 85%-მდე) მიუწვდება ხელი. დანარჩენი 15%-ისთვის, განსაკუთრებით კი, მაღალმთიანი რეგიონებისთვის, პარალელური პროგრამა იგეგმება. „ჩვენ შევარჩევთ სხვადასხვა ტექნოლოგიებს და ფორმებს, თუ როგორ მივაწოდოთ თითოეულ ოჯახს სითბო“, აღნიშნა მინისტრმა;
  • 140 ე.წ. „უშუქო სოფლებს“ ექნება ელექტროენერგია;
  • მთავრობა ბოლომდე მიიყვანს „საყოველთაო ინტერნეტიზაციის“ პროექტსაც.

ფულის დაბანდებისა და მეწარმეობის გამარტივება

მინისტრის თქმით, მთავრობა აპირებს გააადვილოს ეკონომიკაში ფულის დაბანდება, ხელი შეუწყოს ბიზნესმენებს მთავრობასთან და ხალხთან ურთიერთობაში. განსაკუთრებით ეს ადგილობრივ მეწარმეებს შეეხება. მან შემდეგი დაგეგმილი ნაბიჯები ჩამოთვალა:

  • ანტიდემპინგური კანონპროექტი, რომელიც ადგილობრივ ბიზნესს „უხარისხო ანალოგიებისა“ და „დემპინგური კონკურენციისგან“ დაიცავს;
  • პოტენციური ინვესტორებისთვის საქართველოს რეგიონების დონეზე კონკრეტული წინადადებებისა და ინიციატივების შეთავაზება, რაც „სიღარიბის დაძლევას შეუწყობს ხელს“;
  • სამინისტრო “ინტეგრირებული ნებართვების კონცეფციაზე” მუშაობს, რაც ინვესტორებს საშუალებას მისცემს შესაბამისი სახელმწიფო სერვისები „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მიიღონ. მისივე განმარტებით, ასევე ერთი ქოლგის ქვეშ მოექცევა ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტო და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. მოხდება პრივატიზაციის პროცესის ელექტონულ საფუძველზე გადაყვანა და სახელმწიფო ქონების „უფრო მეტი დეცენტრალიზაცია“;
  • მინისტრმა აღნიშნა, რომ „სოციალურად სენსიტიური პროექტების“ (რაც, სავარაუდოდ, საზოგადოებაში მხარდაჭერის არმქონე პროექტებს აღნიშნავს, მაგალითად პანკისისა და სვანეთის ჰესების პროექტებს) – შესახებ მეწარმეებსა და მოსახლეობას შორის კომუნიკაცია „იყოს მეტად რეგლამენტირებული“, რათა მოლაპარაკების პროცესი „ინვესტიციით, განხორციელებული პროექტით და დამატებითი სამუშაო ადგილებით“ დასრულდეს. კონკრეტულად რა სახეს მიიღებს ეს წინადადება, ცხადი არ იყო;
  • მინისტრის თქმით, მთავრობა უცხოეთში ქართული ბიზნესის ინტერესების დაცვასაც დაიწყებს. „[ქართულ ბიზნესს] სჭირდება დაცვა და ლობირება საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომ არ დაიჩაგრონ სხვადასხვა ტენდერში, არ დაახვედრონ ზედმეტი სავაჭრო ბარიერები… ჩვენ ამას აუცილებლად განვახორციელებთ ეკონომიკური ატაშეების ინსტიტუტისა და პირადპირ ჩვენს კოლეგებთან მუშაობის მეშვეობით“, – განაცხადა მან.

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების საკითხი

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვის შესახებ საუბრისას, ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ სახელმწიფომ წარმატებით იშუამავლა მაღაროელებსა და კომპანიიის მფლობელებს შორის. თუმცა, მინისტრის აზრით ასეთი ჩარევა გამონაკლისი უნდა იყოს.

„ზოგადად, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ეს დარეგულირებული უნდა იყოს ორ სუბიექტს – დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, სადაც ერთვება პროფკავშირები და ეს არის ცივილიზებული გზა. სახელმწიფო როგორც წესი ასეთი ტიპის დავების დარეგულირებაში არ უნდა ერეოდეს“, – განაცხადა მინისტრმა თურნავამ.

მინისტრის თქმით მთავრობამ ამ შემთხვევაში შუამავლობა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ჭაითურა-ზესტაფონი უდიდესი დამსაქმებლების კომპლექსია და ჭიათურაში სახელმწიფო მმართველია წარგზავნილი. „ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვადევნებთ თვალყურს, თუ როგორ სრულდება ის მოლაპარაკება, რაც შედგა ჩვენი მონაწილეობით“, – ხაზი გაუსვა მინისტრმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტზე საუბრისას, ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ის „სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტს წარმოადგენს“. ამის დასადასტურებლად, ნათია თურნავამ ის ღონისძიებები ჩამოთვალა, რაც პროექტის განსახორციელებლად იგეგმება ან უკვე შესრულდა:

  • როგორც კი ინვესტორი მის წილ პასუხისმგებლობას შეასრულებს, ის სახელმწიფოსგან 100 მლნ დოლარის ოდენობის სუბორდინირებულ სესხს მიიღებს;
  • სახელმწიფოს უკვე დაწყებული აქვს 300 მილიონის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები;
  • ანაკლიის განვითარების კონსორციუმს სამუშაოების შესასრულებლად აქვს მოქნილი ვადები. ამასთან, ამ ვადების გადავადება რამდენჯერმე უკვე მოხდა და სახელმწიფომ კონსორციუმს 11 მილიონამდე პირგასამტეხლოც აპატია.

მინისტრმა კომენტარი გააკეთა ფოთში, APM ტერმინალისთვის მიწათმფლობელობის დოკუმენტის გაცემა-გაუქმების ფაქტზე, რასაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მხრიდან შეშფოთება მოჰყვა, და აღნიშნა, რომ „მხოლოდ ანაკლიის პრიორიტეტის კონტექსტში ვიხილავთ და განვიხილავთ ნებისმიერ სხვა ინიციატივას ალტერნატიუული საპორტო განვითარების შესახებ“.

პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები

ნათია თურნავამ ისაუბრა პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის განახლების შესახებ, რასაც დაძაბულობა და ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მან მომხდარს „სამწუხარო გაუგებრობა“ უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავს ფაქტზე პასუხისმგებლობა უპირველეს ყოვლისა ხელისუფლებას ეკისრება.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანა უფრო მეტად უსაფრთხო და იმპორტზე ნაკლებად დამოკიდებული იყოს, მას მეტი ენერგია და მეტი განახლებადი წყაროები სჭირდება.

„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში მივაღწევთ კონსენსუსს პანკისის შემდგომი განვითარების პროგრამებთან დაკავშირებით და ამ პროგრამებს შორის მცირე ჰესებიც იქნება“, – აღნიშნა მინისტრმა.

გაზპრომი

კომიტეტის სხდომაზე, ნათია თურნავა რუსულ ენერგოკომპანია გაზპრომთან ურთიერთიეთობებსაც შეეხო. მისი თქმით, ამ მხრივ მთავრობა „სტრატეგიული უსაფრთხოების დაცვის“ პრინციპით მოქმედებს და აზერბაიჯანი კვლავ რჩება საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად, რომელიც გაზის საჭიროებას 95%-ით აკმაყოფილებს.

მინისტრმა იქვე განმარტა, რომ გაზპრომი წარმოდგენილია „კომერციულ სეგმენტში“ და გაზმომარაგებას „მცირე დოზით“, 5%-ით უზრუნველყოფს, რაც „ძალიან მნიშვნელოვანი მოტივატორია კონკურენციისთვის“.

კითხვა-პასუხი

ამის შემდეგ, საკომიტეტო მოსმენა დეპუტატებსა და მინისტრს შორის კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კანონმდებლებმა ნათია თურნავას აღნიშნული თემების ირგვლივ დამატებითი კითხვები დაუსვეს და პოზიციები გამოთქვეს. მათი დიდი ნაწილი ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და ეჭვებს ეხებოდა:

ზურაბ ჭაიბერაშვილმა (ევროპული საქართველო) მინისტრისგან მთავრობის სახელით ტრიბუნიდან იმის დადასტურება მოითხოვა, რომ იქამდე, სანამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არ განხორციელდება, ხელისუფლება სხვა მსგავს პროექტზე მუშაობას არ დაიწყებს, რაც ინვესტორებისთვის ერთგვარი გარანტია იქნება, რომ პროექტში ინვესტიციები თამამად ჩადონ.

სალომე სამადაშვილმა (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) თურნავასგან იმის ახსნა მოითხოვა, არის თუ არა პრობლემა, როდესაც ინვესტორები, რომლებიც პორტის კომერციულ სიცოცხლისუნარიანობაში ისედაც დარწმუნებულები არ არიან, მეორე ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ ინფორმაციას იგებენ.

ლევან გოგიჩაიშვილი (დამოუკიდებელი დეპუტატი) კი, მინისტრისგან იმით დაინტერესდა, მოსწონს თუ არა მას ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მინისტრი ნახევარმილიარდიანი პროექტის განხორციელების შესახებ გაცემულ ნებართვასთან დაკავშირებით მხოლოდ თვენახევრის შემდეგ იგებს.

ფოთში, APM ტერმინალისთვის გაცემული დოკუმენტის შესახებ „გაჟონილ ინფორმაციას“ პრობლემურად მიიჩნევს დეპუტატი კახა ოქრიაშვილიც (ქართული ოცნება). მისი თქმით, „ამ გაჟონვაში არის მოტივაცია, რომ ანაკლიის პორტი არ გაკეთდეს“.

დეპუტატების კითხვებზე საპასუხოდ, მინისტრმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ხელისუფლება ანაკლიის პორტის დამაზიანებელ გადაწყვეტილებას არასდროს მიიღებს. რაც შეეხება გაცემულ დოკუმენტს, მან აღნიშნა: „რა თქმა უნდა, მიუღებელია, რა თქმა უნდა, უნდა გამოსწორდეს, ეს არის ჩვენი გამოწვევა, რომ შემდგომში მსგავსი სიურპრიზები იყოს თავიდან არიდებული“.

გიგა ბოკერიამ (ევროპული საქართველო) მინისტრს უთხრა, რომ ხელისუფლების მხრიდან ჭიათურაში მაღაროელებთან ე.წ. კანონიერი ქურდების საშუალებით „აგვარებდნენ საქმეს“. „ჭიათურაში ჩვენ პირდაპირი ეთერით ვუყურებდით, როგორ გაჰყავდათ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს გვერდზე იქ მყოფი ხალხი, ვინც პროტესტს აცხადებდა… მინისტრი მოდის და პასუხის გაცემაც არ უნდა“, – თქვა დეპუტატმა.

ჯამში, ოპოზიცია მინისტრის გამოსვლით უკმაყოფილო დარჩა. მათი განცხადებით, მინისტრისგან კითხვებზე ამომწურავი პასუხები ვერ მიიღეს.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button