ახალი ამბები

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი შეწყდა

Tags

11 დღიანი პროტესტის შემდეგ, 27 მაისს, ჭიათურელმა მაღაროელებმა „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობასთან მოთხოვნებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს და პროტესტი შეწყვიტეს. დღეს ისინი სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ.

პროტესტის შეწყვეტას წინ ჭიათურაში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია უძღოდა. მაღაროელებს 27 მაისს სოლიდარობა სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა, ასევე მოსახლეობის ნაწილმა, ჭიათურის თეატრალურმა დასმა და მაღაზიის მფლობელებმა გამოუცხადეს. მათ სავაჭრო ობიექტები დაკეტეს და მაღაროელების საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. ჭიათურაში სოლიდარობის გამოსახატად ტყიბულელი მეშახტეებიც ჩავიდნენ.

სიტუაციის გათვალისწინებით, 27 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაციას შორის მედიაციის როლის შესასრულებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი გაგზავნა.

სამთავრობო გუნდის წარმომადგენლების ჩართულობით, მაღაროელებსა და ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის ორსაათიანი შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდა. კერძოდ, კომპანიის ადმინისტრაციამ მაღაროელებს ხელფასების 35%-იანი მატების პირობა მისცა. პირველ ეტაპზე მაღაროელების ანაზღაურება პირველი ივლისიდან 25%-ით გაიზრდება. ერთი წლის განმავლობაში კი (არაუგვიანეს 2020 წლის 1 ივლისისა), მაღაროელების ხელფასების დღევანდელ საბაზისო მაჩვენებელს კიდევ 10% დაემატება.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, კომპანიის თანამშრომელთა საშუალო თვიური ანაზღაურება (დარიცხული) 1 002 ლარია. აქედან, ინჟინერ-ტექტნიკური პერსონალის საშუალო ხელფასი 1 465 ლარი, ხოლო მუშა-მოსამსახურეების – 924 ლარი.

გუშინვე, „ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე“, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა აკაკი გურჯიძემ თანამდებობა დატოვა. კომპანიაში განმარტეს, რომ ის სრულად იაზრებდა არსებულ ვითარებას და აცხადებდა, რომ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ყველაზე ოპტიმალური ნაბიჯი იყო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მედიას განუცხადა, რომ „ორივე მხარემ უდიდესი პასუხისმგებლობა, კეთილგონიერება და კონსტრუქციულობა გამოიჩინა“ და „კონსესუსი შედგა“, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია [შეთანხმების] ის ნაწილი, რაც შეეხება შრომის უსაფრთხოებას, გადაიარაღებას, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პუნქტების გახსნას ადგილზე, ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას, რაც არის ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა კომპანიის მიმართ, რომ ყველა ეს მოთხოვნა შესრულდეს, ჩვენ ამას დავაკვირდებით და ჩვენ ვართ გარანტორები, რომ ეს შეთანხმება [განსაკუთრებით ან ნაწილში] შესრულდება“, – განაცხადა მან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომაც ისაუბრა და განმარტა, რომ მაღაროელების მოთხოვნები „სამართლიანი“ იყო. „მე მინდა მადლობა გადავუხადო ამ ადამიანებს, რომ ეს ყველაფერი გააკეთეს კორექტულად და არ გარიეს ამაში პოლიტიკა, ისინი შედეგზე იყვნენ ორიენტირებულები და ეს შედეგი მიიღეს დიდწილად… პროტესტის ფორმა გადავიდა მოლაპარაკების ფორმაში“, – განაცხადა მან.

მოლაპარაკებების შედეგით კმაყოფილები იყვნენ გაფიცული მაღაროელებიც. მათი განცხადებით, ყველა მოთხოვნა, რაც მათ კომპანიას წაუყენეს მოგვარებადია. „იყო ერთი ხელფასები და ესეც გადაწყდა…შეთანხმება შედგა, რასაც ვულოცავ თითოეულ ჭიათურელს“, – აცხადებდნენ მაღაროელები.

სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ანაზღაურების 50%-ით გაზრდის მოთხოვნით, ჭიათურაში სამთოგამამდიდრებელი კომბინატის 2 500-მდე თანამშრომელი 16 მაისს გაიფიცა. „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებდნენ, რომ კომპანია მაღაროელების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მზად იყო. თუმცა, იქვე განმარტავდნენ, რომ გაფიცულების მხრიდან ხელფასების 50%-იანი ზრდის მოთხოვნა არარეალისტური იყო და მათ ამის რესურსი არ ჰქონდათ.

ჭიათურის სამთოგამამდიდრებელი კომბინატი ადგილობრივების დასაქმების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. „ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, რომელმაც ჭიათურაში მადანს 2007 წლიდან მოიპოვებს, აქ 3 000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. 2017 წელს გარემოს დაცვის სამინისტროს მოთხოვნით, სასამართლომ კომპანიას სპეციალური სახელმწიფო მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი დაუნიშნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button