skip to content
რესპუბლიკის ამბები

პატარა ერები და დიდი დიპლომატები

გაზ. „ერთობა“, 1919 წლის 6 ივნისი, N123.

პატარა სახელმწიფოებს არ შეუძლიათ აბსოლუტური დამოუკიდებლობით ისარგებლონ შინაურ და საგარეო საქმეთა სფეროში: ყოველგვარ ურთიერთობის დამყარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ბოლოს და ბოლოს ძალას ეკუთვნის. ამიტომ იყო, რომ ჩვენ არ ავჩქარებულვართ დამოუკიდებლობის საქმეში და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგაც არ გვიფიქრია გარეშე ძალების აბუჩად აგდება. შესაფერი ნაყოფიც გამოიღო ჩვენმა წინდახედულმა ნაბიჯმა. დღეს დემოკრატიის თვით უსაშინლესი მტრებიც კი ვერ ბედავენ ჩვენი დამოუკიდებლობის აბუჩად აგდებას. ბერნის სოციალისტურმა კონფერენციამ ქებით მოიხსენია საქართველოს დემოკრატიის შენება და სახელმწიფოებრივი უნარი და ჩვენი დამოუკიდებლობა იცნო.

თანაგრძნობით გვექცევა აგრეთვე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიშონი და სხვა.

აქ ყურადსაღებია ერთი ფრიად მნიშვნელოვანი გარემოება: დიპლომატები თითქმის არც ერთ ერს არ ეუბნებიან უარს დამოუკიდებლობის ცნობაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოვლად უცერემონიოთ ერევიან პატარა ერების  შინაურ ცხოვრებაში. ამ დღეებში მოვიდა ცნობა, რომ პრეზიდენტ ვილსონს მთიელთა და ადერბაიჯანის დელეგაციები მიუღია, მაგრამ იმავე დროს ჩვენ ვიცით, რომ მთიელების წინააღმდეგ გალაშქრების დროს, დენიკინი სარგებლობდა ინგლისის სარდლობის მიერ ბოძებული იარაღით და ინგლისის სარდლობისვე ლოცვა-კურთხევით დენიკინის გენერალი ლაზარევი თითონ ბაქოში აგროვებდა მოხალისეთა ლაშქარს.

მაგრამ არა ნაკლებ მნიშვნელოვანია მეორე გარემოებაც: დიდი სახელმწიფოები ყველა პატარა ერებს ერთნაირი ტკბილი სიტყვებით ეგებებიან, მაგრამ სულ სხვადასხვა გვარად ექცევიან: ის, რაც ბაქოში და ერევანში ჩაიდინეს, ვერ მოიმოქმედეს მაგალითად ჩვენში. და ასეა ყველგან: ანგარიშს უწევენ ამა თუ იმ პატარა სახელმწიფოს იმდენათ, რამდენათ მას ძალუძს. საუბედუროდ ამას ანგარიშს არ უწევენ ჩვენი მეზობელი სომხები, რომელნიც ამ დიად ბრძოლაში განზე გამდგარან და ალბათ დიპლომატებისაგან გამოელია წყალობას.

ჩვენი დემოკრატია არ იზიარებს ასეთს ყალბ შეხედულებას და დიპლომატების დაპირებაზე მაღლა საკუთარ ძალების მობილიზაციას აყენებს.

და თუ მეზობელი დემოკრატიებიც დაადგებიან ამ გზას, მაშინ ამიერკავკასიის ბედი კიდევ უფრო მკვიდრ ნიადაგზე იქნება დამყარებული.

მსგავსი/Related

Back to top button