ახალი ამბები

პოლიტიკური რეიტინგები NDI–ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში

Tags

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 21 მაისს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც რიგი საკითხების, მათ შორის, პარტიების მხარდაჭერის, ქვეყნის მიმართულებების და ხელისუფლების საქმიანობის მიმართ რესპონდენტების დამოკიდებულებებს ასახავს.

NDI – პოლიტიკური რეიტინგები, აპრილი, 2019

NDI-ის დაკვეთით საველე სამუშაოები 28 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების), წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, პირისპირ გასაუბრების მეთოდით, 2 927 რესპონდენტი გამოიკითხა. ავტორების თქმით, კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.3%-ია.

ძირითადი მიგნებები:

  • კვლევაში შემდეგის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების მიმართ მხარდაჭერა კვლავ დაბალი რჩება და მოქალაქეების უმეტესობა პარტიას არ ასახელებს, რომელიც მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.
  • რესპონდენტების მხოლოდ მეოთხედი აცხადებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება;
  • ინსტიტუტების შეფასებისას, ყველაზე მაღალი შეფასება საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, იუსტიციის სახლებმა და ჯარმა მიიღო;
  • ყველაზე დაბალი შეფასება კი – მთავარ პროკურატურას, პარლამენტსა და სასამართლოებს ხვდა წილად.

პოლიტიკური რეიტინგები

კვლევის თანახმად, ყველაზე ძლიერი საზოგადოებრივი მხარდაჭერით ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო სარგებლობს. რესპონდენტების 21% აცხადებს, რომ ეს პარტია მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოსაა. რესპონდენტების 15%-მა მსგავსი დამოკიდებულება ნაციონალური მოძრაობის მიმართ გამოხატა.

შემდეგ მოდიან ევროპული საქართველო 4%-ით და პატრიოტთა ალიანსი 3%-ით. რესპონდენტების 12%-მა ან უარი განაცხადა პასუხზე, ან აღნიშნა, რომ არ იციან, რომელი პარტია დგას მათთან ყველაზე ახლოს. 37%-მა განაცხადა „არცერთი პარტია“, ხოლო 8%-მა სხვა პარტია დაასახელა.

NDI-ის 2018 წლის დეკემბრის კვლევაში მმართველი პარტია რესპონდენტების 27%-მა დაასახელა, როგორც მათთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია, ნაციონალური მოძრაობა – 12%-მა, ევროპული საქართველო და პატრიოტთა ალიანსი კი – 3-3%-მა.

კითხვაზე „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემთ ხმას?“ პოტენციური ამომრჩევლების 20%-მა ქართული ოცნება დაასახელა, 15% ნაციონალური მოძრაობა, 4%-მა ევროპული საქართველო, 4%-მა პატრიოტთა ალიანსი, 6%-მა სხვა პარტიები. რესპონდენტების 13%-მა მხარი არცერთ პარტიას დაუჭირა, ხოლო 27%-მა განაცხადა, რომ არ იცის.

ქვეყნის მიმართულება, ინსტიტუტების შეფასება

რესპონდენტების 46% აცხადებს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. მხოლოდ 25%-ს მიაჩნია, რომ ის სწორი მიმართულებით მიდის.
რესპონდენტების 56% ფიქრობს, რომ მთავრობა ცუდად მუშაობს, რაც 2018 წლის დეკემბრის მონაცემებთან – 48% – შედარებით, 8 პროცენტული პუნქტით მეტია. მთავრობის საქმიანობას დადებითად მხოლოდ 36% აფასებს (44% 2018 წლის დეკემბერში).

სოფლებთან და პატარა ქალაქებთან შედარებით, მთავრობის საქმიანობას უფრო ნეგატიურად თბილისსა და დიდ ქალაქებში გამოკითხული რესპონდენტები აფასებენ. მთავრობის საქმიანობას უფრო დადებითად აფასებენ სომხურ და აზერბაიჯანულ დასახლებებში.

ინსტიტუტების შეფასება, ლიდერების საქმიანობის შეფასება

რესპონდენტების ყველაზე მაღალი შეფასება საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ (61%), იუსტიციის სახლებმა (59%) და ჯარმა (55%) მიიღო. ყველაზე დაბალი შეფასება კი – მთავარ პროკურატურას (14%), პარლამენტს (12%) და სასამართლოებს (12%) ხვდა წილად.

დაბალია ქვეყნის ლიდერების – პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის – საქმიანობის შეფასება. მათი საქმიანობა დადებითად რესპონდენტების 20%-ზე ნაკლებმა შეაფასა. თბილისში გამოკითხულების 43% თბილისის მერის კახა კალაძის საქმიანობას დადებითად აფასებს (2018 წლის მარტში ეს მაჩვენებელი 53% იყო).

რესპონდენტების 46%-ს მიაჩნია, რომ ეკლესიას პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე გავლენა უნდა ჰქონდეს, ხოლო 39% მიიჩნევს, რომ ეკლესიას ამ პროცესებზე გავლენა საერთოდ არ უნდა ჰქონდეს.

კვლევაში ცალკეული პოლიტიკოსების მიმართ საზოგადოებრივი განწყობებიც არის ასახული. მოსახლეობის მხრიდან ყველაზე მაღალი დადებითი შეფასება ჯანდაცვის მინისტრს (40%), თბილისის მერს კახა კალაძეს (40%) და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს (31%) აქვთ.

შემდეგ მოდიან: ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე (თითოეული 28%-ით).

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის პირველი ნაწილი NDI-მ 20 მაისს გამოაქვეყნდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button