ახალი ამბები

კვლევა: კონსპირაციულ გზავნილებს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სარწმუნოდ მიიჩნევს

USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამამ CRRC საქართველოსთან თანამშრომლობით 8 მაისს საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც Zinc Network-ის დაკვეთით ჩატარდა. CRRC საქართველომ 2,757 პირისპირ ინტერვიუ ჩაატარა ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე პერიოდში. ცდომილების საშუალო ზღვარი +/-2.4%-ია. 10-14 მარტის პერიოდში CRRC -მ მცირე კვლევის ფარგლებში დამატებით 1 048 სატელეფონო ინტერვიუ ჩაატარა. მისი საშუალო ცდომილებით +/-2.6%-ია. კვლევის შედეგები შედარებულია წინა, 2021 წლის კვლევასთან არის შედარებული.

ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია

კვლევის თანახმად, „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ მარტის აქციებმა გაზარდა მოსახლეობის მხარდაჭერა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ. ყველაზე მეტი მხარდაჭერა ახალგაზრდებსა და თბილისელებს შორის დაფიქსირდა. ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი მოტივატორია ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება (55%), ცხოვრების ხარისხის ამაღლება (33%), და უკეთესი სამუშაო შესაძლებლობები (30%).

იმ რესპონდენტები უმეტესობა, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან, ამას ძირითადად ტრადიციების დაკარგვის შიშით ხსნიან.

იმ მთავარ ფაქტორებს შორის, რომლებიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაში უშლის ხელს, რესპონდენტები ასახელებენ რუსეთს (20%), სუსტ ეკონომიკას (17%), პოლიტიკურ პოლარიზაციას (15%) და დემოკრატიულ უკუსვლას (13%).

მოსახლეობის 43% მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ საკმარისს არ აკეთებს ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებლად, ხოლო 25% ფიქრობს, რომ მმართველი პარტია ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

კითხვაზე ევროკავშირის რომელი რეკომენდაციის შესრულებაა ყველაზე მნიშვნელოვანი კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რესპონდენტებმა დაასახელეს: პოლარიზაციის დასრულება (26%), სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა (14%), დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფა (8%) და დე-ოლიგარქიზაცია (5%).

კვლევის თანახმად, ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა ბოლო წლის განმავლობაში შემცირდა. ამ კატეგორიაში დემოგრაფიული ჩაშლა ევროკავშირში ინტეგრაციის კატეგორიის მსგავსია. ნატოში გაწევრიანების მომხრე რესპონდენტები მთავარ სარგებლად მეტ უსაფრთხოებას ასახელებენ (78%). რესპონდენტების 26%-მა სამხედრო ნეიტრალიტეტი დაასახელა, საიდანაც 41% შიშობს, რომ ნატოში გაწევრიანება რუსეთთან კონფლიქტს გამოიწვევს.

რუსეთთან ურთიერთობები

მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ დასავლეთი საქართველოსთვის საუკეთესო პარტნიორია, თუმცა შეინიშნება კლება როგორც დასავლეთის, ისე რუსეთის პარტნიორად აღქმაში, ხოლო უფრო მეტი ადამიანი არის გადაუწყვეტელი.

მსგავსი ტენდენცია შეინიშნება კითხვაზე, თუ როგორ უფრო შენარჩუნდება ქართული ტრადიციები – დასავლეთთან ინტეგრაციით (41%) თუ რუსეთთან კავშირით (15%).

რაც შეეხება ეროვნულ უსაფრთხოებას, რესპონდენტების უმრავლესობა დასავლეთს (59%) უფრო სანდო მოკავშირედ მიიჩნევს, ვიდრე რუსეთს (13%), ხოლო 16%-ის აზრით – არცერთი.

მოსახლეობის 37% ფიქრობს, რომ რუსეთის კრიტიკა მნიშვნელოვანია, რათა მსოფლიომ საქართველოს ოკუპაციის შესახებ იცოდეს, 35% კი – მიიჩნევს, რომ რუსეთის მკაცრი კრიტიკა საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.

კონსპირაციული და პროპაგანდისტული ნარატივები

რესპონდენტების 31% ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დასავლეთის მიერ იყო პროვოცირებული, 25% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. 47% ფიქრობს, რომ პუტინს ვერაფერი შეაჩერებდა უკრაინაში შეჭრისგან. 26%-ს მიაჩნია, რომ უკრაინას შეეძლო ომის თავიდან აცილება რუსეთთან დათმობაზე წასვლით.

კვლევის თანახმად, საქართველოს ომში ჩართვის შესახებ კონსპირაციულ გზავნილებს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სარწმუნოდ მიიჩნევს. მოსახლეობის 29% დაეთანხმა მოსაზრებას, რომ დასავლეთი საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს (47% არ დაეთანხმა); 40% დაეთანხმა მოსაზრებას, რომ უკრაინის ოფიციალური პირები ცდილობენ საქართველოს ჩართვას ომში (38% არ დაეთანხმა); 34% დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ქართული ოპოზიცია ცდილობს საქართველოს ჩართვას ომში (42% არ დაეთანხმა).

წინა კვლევასთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა მოსახლეობის წილი, ვინც ფიქრობს, რომ ქართული კულტურა, რელიგია და ღირებულებები საბჭოთა კავშირში დათრგუნული იყო. თუმცა, ასევე შემცირდა იმ მოსახლეობის წილიც (37%), ვინც ფიქრობს რომ ქართველებმა სტალინით უნდა იამაყონ (45% 2021 წელს).

რუსეთის ომი უკრაინაში და მისი გავლენა საქართველოზე

Site Icon

უკრაინის ომთან დაკავშირებით, 39% წუხს საქართველოში რუსეთისგან მომდინარე სამხედრო საფრთხეზე. 10%-ს ინფლაცია, ხოლო 8%-ს რუსების მასიური იმიგრაცია აწუხებს. კვლევის თანახმად, 10-დან 4 მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები მუშაობს, ან იმუშავებს გრძელვადიან პერსპექტივაში. რესპონდენტების 58% მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საკმარისი გააკეთა უკრაინის მხარდასაჭერად. 37% ფიქრობს, რომ ნატომ საკმარისი გააკეთა უკრაინის დასახმარებლად, ხოლო 39% ამას ევროკავშირის შესახებ აცხადებს. გამოკითხულთა 39% ფიქრობს, რომ ომს უკრაინა მოიგებს, 14% რუსეთს ასახელებს, 17%-ს კი – მიაჩნია, რომ კონფლიქტი ხანგრძლივად გაიწელება.

სხვა შიდა პოლიტიკური საკითხები

გამოკითხულთა 31% ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 29% ამბობს, რომ არასწორი მიმართულებით ვითარდება, 31% ცვლილებას ვერ ხედავს. იმ გამოკითხულთა რიცხვი, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, მარტის შემდეგ გაიზარდა.

როგორც ქვემოთ ჩანს, მოქალაქეებს ძირითადად უარყოფითი ემოციები აქვთ, როდესაც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ფიქრობენ.

მოსახლეობის 34% პოლიტიკურ პოლარიზაციაში ოპოზიციაზე მეტად „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს, 16% ოპოზიციას, ხოლო 28% მიიჩნევს, რომ ორივე პოლარიზაციაზე მხარე თანაბრად არის პასუხისმგებელი. 5% არცერთ მოსაზრებას ეთანხმება.

რესპონდენტების 58% სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს, 4% – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 22% – ორივეს; ხოლო 5% – არცერთს.

ინფორმაციის მოხმარების ჩვევები

კვლევის თანახმად, სოციალური მედია თითქმის ისე ხშირად მოხმარებადი პლატფორმაა, როგორც ტელევიზია.

ამასთან, მოსახლეობა რუსულ და გაცხადებულად პრორუსულ ტელევიზიებს ყველაზე ნაკლებად უყურებს და ენდობა.

კვლევის თანახმად, საქართველოში ყველაზე პოპულარულ სოციალური პლატფორმა Facebook-ია (70%), თუმცა სხვების პოპულარობაც იზრდება.

10-დან 4 ადამიანი ფიქრობს, რომ შეუძლია დეზინფორმაციის იდენტიფიცირება, თუმცა 63% ამბობს, რომ არაფერს მოიმოქმედებდა თუ ყალბ ინფორმაციას გადააწყდებოდა. გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობა ყველაზე მეტად ოჯახს/მეგობრებს და პატრიარქს ენდობა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button