skip to content
ახალი ამბები

პოლიტიკოსები IRI-ის კვლევის შედეგებს ეხმიანებიან

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა“ (IRI) 25 აპრილს საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირში გაწევრიანებას საქართველოს მოქალაქეების მტკიცე მხარდაჭერა აქვს, ასევე გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის ნაკლებობას გამოხატავს და უკმაყოფილოა ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნის გამო.

IRI-ის კვლევის შედეგებს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის გამოხმაურება მოჰყვა, „სამოქალაქო საქართველო“ საკითხზე მხარეთა განსხვავებულ მოსაზრებებს გთავაზობთ.

მმართველი გუნდის გამოხმაურება

გია ვოლსკი – „ქართული ოცნება“, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი: „სამწუხაროა, რომ ორგანიზაციები, რომლებიც საკმაოდ კარგ პროგრამებს ახორციელებენ საქართველოში, მუდმივად ცდილობენ წელიწადში რამდენიმეჯერ თავი შეირცხვინონ ასეთი კვლევებით, რომელიც გვაუწყებს, რომ უახლოეს პერიოდში, 2024 წელს თუ იქნა არჩევნები, გარკვეული შანსები გამარჯვების გააჩნიათ [დავით] კეზერაშვილის ფრთის ქვეშ გაერთიანებულ კოალიციას, რომელიც შედგება [ლევან] ხაბეიშვილის, [გიორგი] ვაშაძის, [ელენე] ხოშტარიას, [ბადრი] ჯაფარიძის, [ვანო] მერაბიშვილისა და ასეთი სუბიექტებისაგან. გარდა ამისა ამბობს, რომ სასამართლოს არ ენდობა გაცილებით მეტი, ვიდრე ენდობა და ამავე დროს მხოლოდ ერთ პროცენტს მიაჩნია, რომ სასამართლო რაიმე პრობლემას უქმნის ქვეყანას. რაღაც აერიათ, მგონი, იმ ოთახში, როდესაც ამ ციფრებსა და მონაცემებს წერდნენ“.

არჩილ თალაკვაძე – „ქართული ოცნება“, პარლამენტის ვიცე-სპიკერი: „…ოპოზიციური პარტიები კვლევებით ქმნიან დღის წესრიგს. ალბათ, შიგნითაც ერთმანეთში ვაჭრობენ ამ შედეგებით. ეს მათი საქმეა, როცა სხვა დღის წესრიგი და არჩევნებში გამარჯვების იმედი არ გაქვს, მაშინ შეიძლება მხოლოდ კვლევებით ააწყო შენი პარტიული საქმიანობა, მაგრამ ვიმეორებ, კვლევებით გამარჯვებული და წარმატებული პარტია ჯერ არ გვინახავს. პატივს ვცემთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, IRI-ის მიერ გაწეულ სამუშაოს თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ ამ პოლიტიკური კვლევის შედეგები 7-8 ჯერ გადამოწმდა არჩევნებით, სადაც „ქართულ ოცნებას“ უწინასწარმეტყველებდნენ ძალიან დაბალ შედეგებს და ხშირ შემთხვევაში უმრავლესობის დაკარგვასაც. გამოჩნდა, რომ ჩვენს პარტიას აქვს უფრო მეტი მხარდაჭერა, ვიდრე ოპოზიციურ პარტიებს ერთად აღებული“.

ოპოზიციის გამოხმაურება

ლევან ხაბეიშვილი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე: „კვლევამ აჩვენა, რომ ნოემბრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ [მხარდაჭერა] არის 2.5-ჯერ გაზრდილი. ვგულისხმობ 6%-იან მხარდაჭერას, რომელიც იყო ნოემბრის თვეში. დღეს, “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს 14%, ქართულ ოცნებას“ ჰქონდა 25%, ახლა აქვს 19%. ასევე ვნახეთ სხვა პარტიების რეიტინგები. მნიშვნელოვანია, ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა პროდასავლურ პარტიასთან… „ნაციონალური მოძრაობა“ არათუ დაიშალა, არამედ მისი რეიტინგი არის მზარდი და მყარი“.

ანა ბუჩუკური – „საქართველოსთვის“:„იმის გათვალისწინებით, რომ მედიააქტიურობის თვალსაზრისით განსხვავებული ტაქტიკა გვაქვს, ვართ მყარად მესამე მხარდაჭერის პარტია, როგორც აქამდე. დანარჩენი, რა თქმა უნდა, პირობითია და მთავარია არჩევნები. საბოლოო ჯამში, შეფასებას ამომრჩეველი აკეთებს არჩევნებზე… იმ პარტიებზე, რომლებიც ხელისუფლებაში არასოდეს ყოფილან და, შესაბამისად, ხელისუფლებაში ყოფნის პასუხისმგებლობა და ტვირთი არ აუღიათ საკუთარ თავზე, მაინც ბევრად უფრო ნეგატიური რეიტინგი აქვთ, ვიდრე გიორგი გახარიას“.

გიორგი ვაშაძე – „სტრატეგია აღმაშენებელი“: „„ქართული ოცნების“ რეიტინგის მკვეთრი ვარდნა მიუთითებს იმის დიაგნოზს, რომ ისინი არიან რუსებთან დაკავშირებული ძალა და იმას რომ ოპოზიციურ გაერთიანებას ალტერნატივა არა აქვს. რაც უფრო დიდი იქნება ეს გაერთიანება, მით უფრო გარანტირებულია გამარჯვება. ხვალ რომ რიგგარეშე არჩევნები ტარდებოდეს დამანგრევლად დამარცხდებოდა „ქართული ოცნება“.

ანა ნაცვლიშვილი – „ლელო საქართველოსთვის“: „ჩვენ ამას[კვლევას] ვუყურებთ როგორც საინტერესო მასალას რომელიც გამოყენებული უნდა იყოს პარტიის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განსაზღვრის დროს. რა თქმა უნდა, გავაანალიზებთ საზოგადოების ხედვებს საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით და ამის მიხედვით დავგეგმავთ როგორ ვემზადებით დიდი პოლიტიკური ცვლილებისთვის… რაც ამ კვლევამ მკაფიოდ აჩვენა არის ის, რომ ხელისუფლების ცვლილება უალტერნატივოა და ეს ცვლილება უნდა დადგეს არჩევნების გზით“.

ჰერმან საბო – „გირჩი“: „წინა კვლევაზეც ორი პროცენტი დაგვიწერა IRI-მ… ეს კვლევები რეალურ რეიტინგებს არ დებს, დებს ტენდენციებს და ამ ტენდენციებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „გირჩი“ სტაბილურად ინარჩუნებს თავის ამომრჩეველს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button