skip to content
რესპუბლიკის ამბები

42 წლის ასაკში გარდაიცვალა დეპუტატი რაფიელ ჩიხლაძე

„ერთობა“, 4 მაისი, 1919, N96

რაფიელ ჩიხლაძე

დიდი ამბების, დიადი მოვლენების წინაშე დაგვაყენა ცხოვრებამ. კაცობრიობა სისხლის ემბაზში ინათლება, რომ ამოვიდეს განახლებული, გაბრწინვებულის ახალის წყობილებით, ახალის ურთიერთობით. შესაძლებელია ზოგერთი იმედები გადაჭარბებული გამოდგეს და ისტორიამ არ გაამართლოს, რადგანაც ადამიანის სურვილები ასეთ დროს უფრო უხვია და ფრთა გაშლილი, ვიდრე აუცილებლობის კანონებით შემოსალტული სინამდვილე; მაგრამ ერთი რამ ცხადია: დემოკრატია ყველგან გაიმარჯვებს ბოლოს და ამ ომს შედეგათ მოჰყვება მთელი ევროპის სრული გადემოკრატება. ასეთ დროს მწუხარებიას, სასოწარკვეთილებას ალაგი არ უნდა ჰქონდეს; სიდიადე მომენტისა ჰფარავს თითქოს ყოლვეგვარ კერძო, პირად უბედურებას; მაგრამ არის ისეთი უბედურება, რომელიც გულში მაინც გათქმევინებს: ჭეშმარიტათ ამაოა ყოველივეო.

ასეთია რაფიელის სიკვდილი. სიცოცხლესა და სიკვდილს თავისი რკინის კანონები აქვთ და გრძნობისა და სამართლის საზომს ისინი არ იცნობენ, მაგრამ რაფიელის სიკვდილი დღევანდელ დღეს მეტათ უსამართლოა.

მე ამ ჟამათ არ მყავს მხედველობაში ოჯახი, ბავშვები, რომელთა შესახებაც ჩვენი რაფიელი ავათმყოფობის დროს მუდამ იმეორებდა: ეჰ, ბავშვები, ბავშვები, ჩემს ბავშვებს უპატრონეთო.

რაფიელმა, რა თქმა უნდა, დაიმსახურა ზედმეტათ, რომ მის ბავშვებს ვუპატრონოთ, მაგრამ ამ ჟამათ მე თვალწი მიდგია მხოლოდ რაფიელი და საშინელი უსამართლობა მისი სიკვდილისა.

ვინ იბრძოდა დღევანდელი დღისათვის პირველ რგში?

რაფიელი.

ვის არ ეშინოდა დევნის, ციხეების, გადასახლების, შიმშილის თავის მოღვაწეობის ეკლიან გზაზედ?

რაფიელს.

ვინ აღვიძებდა მშრომელი ხალხის გულში ღვთიურ ცეცხლს ბრძოლისას?

რაფიელი.

ვინ სწნავდა მთელი თავისი ძალღონით ერთობას გლეხებსა და მუშებს შორის?

რაფიელი.

ვინ შეტრფოდა მთელი თავისი აღფრთოვანებით, გატაცებით დღევანდელ დღეს თავდავიწყებამდე?

რაფიელი.

ვინ დაუტევა ოჯახი, ცოლი, შვილები და შეუდგა ბრძოლის გზას დემოკრატიის კეთილდღეობისათვის?

რაფიელმა.

ვინ თესდა ხალხში სპეტაკ გრძნობებს სამშობლოს დაცვისა და აღდგენისათვის?

რაფიელი.

და აი სწორეთ დღევანდელ დღეს, რომლის გულისთვისაც რაფიელმა ყოველივე დაივიწყა, ყოველისფერი აიტანა, ყოველივე უარჰყო, რომლისთვისაც ის ასე თავგამეტებით იბრძოდა, – აი ამ დღეს რადიელი აღარ არის.

სხვებთან ერთათ ის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი დემოკრატიის ახალ ისტორიას ჰქმნიდა და მშრომელი ხალხის ჩონგურს ერთი საუკეთესო სიმი დააწყდა – რაფიელი უკვე ისტორიას ეკუთვნის!

არ მინდა, დავიჯერო; მინდა დავივიწყო, მინდა ის დავიჯერო, რომ რაფიელი ცოცხალია, მინდა წარმოვიდგინო, რომ აი დღეს ელაპარაკება თავისი მძლავრი ენით ხალხს, ის ხვალაც ილაპარაკებს, ზეგაც, შემდეგაც: ის მოესწრება, ის უნდა მოესწროს თავისი საყვარელი საქმის დაგვირგვინებას და განმტკიცებას.

მინდა დავიჯერო, მინდა, მინდა!

მინდა შევყივლო, მინდა დავიჩოქო. და შევთხოვო, ვევედრო, – მაგრამ ვის?

გლოვის ზარი, ცრემლები, გათხრილი საფლავი, საშნელი სინამდვილე!

პირველათ რაფიელი ქუთაისის საპყრობილეში გავიცანი 1907 წელს. შემდეგ დიდხანს ციხეში 1910-1911 წლეში, აქედან მოყოლებული ჩვენი ნაცნობობა თანდათან მეგობრობათ გადიქცა და რაც უფრო დავუახლოვდი მას, მით უფრო შემიყვარდა.

ვინც რაფიელს ახლოს გაიცნობდა, უსათუოთ შეუყვარდებოდა.

როგორც ადამიანი, რაფიელი იყო მთლიანი პიროვნება. ნაძალადევი, ნასესხები, მიკერებული მას არასფერი არა ჰქონდა.

თავმდაბლობა, თავაზიანობა და ზნეობრივი სისპეტაკე მის ძირითად თვისებას შეადგენდა.

საკუთარი თავისათვის ის არავის აწყენინებდა, არავის არ შეაწუხებდა. როდესაც საჯარო კამათის დროს მოწინააღმდეგეს მკაცრათ გადაჰკრავდა მათრახს ზოგჯერ, შემდეგ თვითონვე სწუხდა. ასეთი კამათის დროს რამდენჯერმე უთქვამს ჩემთვის: ნეტავი ესა და ეს არ მეთქვა, მაგრამ მისი ბრალი იყო, მოთმინებიდან გამომიყვანაო და სხვ.

რასაკვირველია, ეს შეეხებოდა არა რწმენას, არამედ მკაცრს სიტყვებს.

ერთხელ ღამე მივდიოდით მატარებლით. ორივეს დასაწოლი ალაგი გვქონდა. წამოწვა, დაჯდა; ისევ წამოწვა, მაგრამ მალე წამოდგა და მომმართა: რა სინიდისი გვაძლევს, ასე თავისუფლათ წამოვწვეთ, როცა ეგერ ხალხს დასაჯდომი ალაგი ვერ უშოვნიაო; გააღო კარი და ერთი ბერიკაცი და ერთი მანდილოსანი შამოისხა გვერდით, თვითონ კი მთელი ღამე დამჯდარი სთვლემდა.

უაღრესი პატიოსნება და კდემამოსილება რაფიელის თვისება იყო. თუ ვინმე მას ქებას დაუწყებდა, ან მისი ღვაწლისა და ღირსების შესახებ ჩამოაგდებდა სიტყვას, რაფიელი არა თუ უხერხულობას გრძობდა, შეატყობდი, რომ სწუხდა და გულწრფელად გაურბოდა, რომ მისთვის განსაკუთრებით ეცათ პატივი.

შეიძლება ადამიანმა არცერთი ლექსი არ დასწეროს, მაგრამ მიუხედავათ ამისა მთელი თვისი ბუნებით ნამდვილი პოეტი იყოს.

რაფიელში პოეტის ბუნება, პოეტური სული იყო.

სოფელი, ბუნება და ოცნება მას მეტათ უყვარდა.

ერთხელ, როდესაც ყვირილაში მთვარიანი ღამით ვტკბებოდით, წარმოსთქვა: რა ვწუხვარ, რომ სოფელში პატარა სახლი არა მაქვს; სოფელი და ბუნება ახალისებს ადამიანს და ახალ ძალას ჰმატებსო.

მას უყვარდა ბუნების სილამაზე, მშვენიერება, ჰქონდა ნიჭი მითი დატკბობისა და იცოდა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მშვენიერებას ადამიანის ცხოვრებასა და მოქმედებაში.

მისი მჭევრმეტყველობისა და გავლენის სათავე იმის პოეტურ ბუნებაშია.

როგორც საზოგადოთ მოღვაწეს, რაფიელს ერთი თვალსაჩინო ადგილი უკავია. საქმის დროს ის იყო დაუღალავი, დაუზარებელი; დასვენება რა იყო, არ იცოდა, სხვებს აძლევდა მაგალითს, თუ როგორ უნდა მუშაობა და საქმის კეთება და სხვისგანაც ითხოვდა საქმეს.

ნახევრათ საქმის კეთება, გასაკეთებელის გადადება მას ჭირივით ეჯავრებოდა; ყოველსფერს სიყვარულით, გატაცებით აკეთებდა და სხვებისაგანაც ითხოვდა სიყვარულს, საქმისადმი გატაცებას.

როგორც პარტიული მუშაკი, რაფიელი მუდამ იწვევდა გაკვირვებას და თან აღტაცებას თავისი ენერგიით, თავდავიწყებით და გატაცებით.

ის იღებდა მხურვალე მონაწილეობას პარტიულ ორგანიზაციებში, იყო ბევრგან წევრათ და სადაც კი საჭირო იყო მისი მუშაობა, მისი დახმარება, მისი სიტყვა, მისი პრაქტიკული გამოცდილება, ის ყველგან მიდიოდა დაუღალავათ, დაუზარებლათ.

ყველგან და ყოველ წამს, რაფიელი მხნე, მედგარი და მტკიცე დამცველი იყო პარტიული ინტერესებისა და თან პარტიული სიწმინდისაც.

ერთგან სოფელში არჩევნების წინ თათბირი გქვონდა; რა ღონე ვიღონოთ, რომ ხალხმა გულგრილობა არ გამოიჩინოს და საარჩევნო ყუთებთან მოვიდესო.

ერთმა სოციალდემოკრატმა-ახალგაზრდამ წინადადება შემოიტანა, კომისარს შევუთვალით, ხალხი გამოიყვანოსო.

რაფიელი გაცეცხლდა ამ სიტყვების გაგონებაზე და წამოხტა.

-ამხანაგებო! თუ მართლა ასეთი რამ გულში გაქვთ, ეს არის პარტიის დამცირება და შერცხვენა. ჩვენ რომ მტავრობის პარტია ვართ, ეს კიდევ იმას არ ნიშნავს, რომ არჩევნებში კომისრები და მილიცია დავიხმაროთ. არც ერთი სოფელი არ უნდა დატოვოთ მოუვლელი, ყველგან უნდა დაიაროთ, აუხსნათ ხალხს ჩვენი პროგრამა და ამათი მოიზიდოთ და არა კომისრებითო.

ამ სიტყვებით მიმართა რაფიელმა იქ დამსწრე ამხანაგებს.

რაფიელი კავშირი იყო სოფელსა და ქალაქს შუა და თუ გლეხობას სწამს ერთობა მუშებთან, თუ გლეხობის დიდი უმრავლესობა ჩვენს პარტიას ენდობა და მიჰყვება, აი აქ რაფიელს მეტათ დიდი ღვაწლი მიუძღვის.

რაფიელს მთელი საქართველო შემოუვლია. თამამათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაფიელის წრფელი სიტყვა, გრძნობით და აზრით სავსე, მთელ ქართველ გლეხობასა და მუშებს სმენიათ.

დაეკითხეთ გურიას, იმერეთს, ქართლს, კახეთს.

აქაური გლეხობა არა თუ იცნობს რაფიელს, მას უყვარს რაფიელი განსაკუთრებით და გლეხობაში რაფიელს ისეთი გავლენა აქვს, რომ ამ გავლენას მას დიდხანს ვერავინ შეეცილება.

თელავში, სიღნაღში, დუშეთში, გორში, ბორჯომში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, თფილისში, სამტრედიაში, ჭიათურაში, შორაპანში, ხაშურში, ყვირილაში, – ერთის სიტუვით, ჩვენი დაბა ქალაქების მუშებს მრავალჯერ მოუსმენიათ რაფიელის აღზნებული, ხან ნაზი, ხან მქუხარე და მუდამ გულწრფელი სიტყვა:

რაფიელი დემოკრატიის ოქროპირია, სახალხო ტრიბუნია და ეს ოქროპირობა მას შესწავლილი, შეძენილი კი არა აქვს, არამედ ბუნებრივი და თან დაყოლილი.

პირველ შეხვედრაზედ რაფიელი არ ახდენდა განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას. საზოგადოებაში რაფიელს ვერც კი შეამჩნევდით, რადგანაც მას თავის გამოჩენა, ყურადღების მიქცევა არ უყვარდა.

პარლამენტში, დაფუძნებელ კრებაში რაფიელი საკმაოთ არა სჩანდა იმიტომ, რომ რაფიელის გარემო, მისი სფერო სულ სხვა იყო. მუშები, გლეხები, მიტინგი – აი, სად სჩანდა რაფიელი, აი სად იყო ის არწივივით ფრთა გაშლილი, ალვის ხესავით ამაყათ ამართული, მტკიცე და შეუპოვარი, ვით სალი კლდე, გრიგალივით მქუხარე და ზღვის ტალღასავით ეირიშიანი.

ვისაც აი ეს რაფიელი არ უნახავს, ის რაფიელს არ იცნობს: რაფიელი საზოგადოებაში და რაფიელი მიტინგზე ორი სხვადასხვა პიროვნებაა.

დავითაშვილის სიტყვები: მუშა ვარ და მიტომ ვიცი მუშბის გულის პასუხებით, რაფიელზე არის ზედგამოჭრილი. რაფიელი თვალის ერთი განსჭვრეტით შიგ გაულში წვდებოდა მუშას, გლეხს და საუცხოვოთ იცოდა, როდის, როგორ უნდა მიდგომოდა მათ და როგორ უნდა დაესწყო ლაპარაკი.

ის ჯერ გააშუქებდა მუშის, გლეხის, ყოველდღიურ ცხოვრებას, ყოველდღიურ საჭიროებას, დაიმორჩილებდა თავის აუდიტორიას და შემდეგ თანდათანობით გადადიოდა ქვეყნის საჭიროებისა და კაცობრიობის ცხოვრებაზედ.

აღებული საკითხის თეორიულ მხარეს ის მოკლეთ და ზოგადათ, გაკვრით გააშუქებდა, როცა გლეხებს ელაპარაკებოდა. პრაქტიკულ მხარეზე კი უფრო ვრცლათ შეჩერდებოდა და ამით იპყრობდა და იმორჩილებდა გლეხების მთელ ყურადღებას.

რაფიელი ქორივით დატრიალებდა თავისი გრძობით სავსე თვალებით აუდიტორიას და სწრაფათ შეამჩნევდა, როდესაც მსმენელნი დაიღლებოდნენ ან გაგონილს საკმაოთ ვერ ინელებდენ.

საუცხოვო შედარებებით, მხატვრული სახეებით, მოხდენილი ოხუნჯობით, ანდაზებით ან იგავებით რაფიელი გამოაცოცხლებდა, გამოაფხიზლებდა აუდიტორიას და შემოუტრიალდებოდა სალაპარაკო საგანს უფრო გასაგები და მარტივი მხრიდან.

გლეხებთან რაფიელი უფრო დემოკრატია. ის მდაბიურათ, უბრალო მაგალითებით უხსნის გლეხებს დემოკრატიული წყობილების სახესა და მნიშვნელობას.

მუშებთან ის ძვალ-რბილში გამჯდარი, შეურყეველი რწმენის სოციალდემოკრატია და პარტიის გუშაგი.

თუ გლეხების უმთავრეს ყურადღებას ის დემოკრატიულ წყობილებას აქცევს და სოციალიზმზე მოკლეთ ლაპარაკობს, საერთოთ ახასიათებს მას, სამაგიერროთ მუშებთან ის უმთავრესათ სოციალიზმზე ბაასობს, სოციალიზმის ინტერესით და თვალსაზრისით აშუქებს ყოველ საკითხს.

რაფიელის სიტყვა არის უბრალო, მარტივი, მდაბიო, ხალხური, ადვილათ გასაგები და თან მკაფიო, მოხდენილი. ენა მისი ტკბილია, ლამაზი, მოკაზმული და ფერადებიანი; ხოლო ბასრი, დამცინავი, თუ ვინმემ რაფიელი მოთმინებიდან გამოიყვანა.

მოთმინებიდან კი რაფიელი მხოლოდ მაშინ გამოდიოდა, როდესაც იმის რწმენას, იმის პარტიას ვინმე ტლანქათ შეახებდა ხელს.

მაშინ რაფიელი მკაცრი, შეუბრალებელი იყო, გაცეცხლებული, რკინასავით გავარვალებული.

მისი ლაპარაკი მუდამ წრფელი, მომხიბლავი, სიყვარულით სავსე, გატაცებული, შეურყეველი რწმენით მოქარგული და მუსიკალური.

ხმა რაფაელისა საამოა, მოალერსე, ხან ნაზი, ხან მქუხარე, ხან დინჯი და წყნარი, ბევრჯერ კი აღელვებული, ნერვიული, ოდნავ სევდიანი იშვიათათ, უფრო კი იმედით აგიზგიზებული.

საერთით ყოველი სიტყვა რაფიელისა, დამთავრებული პოეტური ნაწარმოებით, წრფელის გრძობით გამთბარი, ღრმა და შეურყეველი რწმენის ნაკარნახევი.

ხალხმა იცნო, მიიღო, ხალხმა დააფასა, იწამა და შეიყვარა რაფაელი ყველა ამ თვისებათა წყალობით და აი აქ არის რაფიელის მნიშვნელობა ჩვენი პარტიისთვათვის.

რაფიელმა პარტია ხალხთან მიიყვანა და ხალხი პარტიასთან.

რაფიელმა გლეხობა და პარტია ერთი-მეორეს დაუკავშირა, ამით ორივე გააძლიერა და დემოკრატიის გაცნობიერება და მომავალი სწორ გზაზე დააყენა.

ჩვენი პარტიის ხსოვნაში რაფიელი მუდამ დაუვიწყარი იქნება, ჩვენი დემოკრატიის გულში მარად საყვარელი და უკვდავი.

რაფიელის სიცოცხლე ხანმოკლე იყო, მაგრამ მეტათ ნაყოფიერი. ჩვენი დემოკრატიის ისტორიაში მან ღრმად წაუშლელი კვალი გაავლო და მუდამ მოძრავი, დაუღალავი, მოუსვენარი, საქმის სიყვარულით გატაცებული და პარტიის სიწმინდისა და სიმტკიცის ფხიზელი დარაჯი რაფიელი მუდამ დარჩება ჩვენში, როგორც საუკეთესო მაგალითი ნამდვილი, ხალხისათვის თავდადებული მოღვაწისა.

ივ. გომართელი

მსგავსი/Related

Back to top button