ძველი ამბები

დუშეთის მაზრა დეზერტირობას ებრძვის!

Tags

საქართველის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სამაზრო ერობების შექმნის შემდეგ მოქალაქეთა ჯარში გაწვევის უზრუნველყოფა სამაზრო ერობის გამგეობას ეკისრებოდა („რესპუბლიკა-100“-ის შენიშვნა).

საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 28 აგვისტო, N191.

დუშეთის მაზრის ერობამ შემდეგი მოწოდება გამოაკრა მაზრაში:

            მოქალაქენო! საქართველოს და მის დემოკრატიას დღიდან დამოუკიდებლობის გამოცხადებისა ათასი მტერი გაუჩნდა. შავი რეაქციის მოტრფიალეთ ვერ მოუნელებიათ ის, რომ ჩვენმა დემოკრატიამ შესძლო სწორი გეზის აღება და სამშობლოს გემის აბობექრებულ ზღვიდან მშვიდობიანობის ნაპირს მიყვანა. მემამულეთა გულშემატკივარნი ვერ შერიგებიან ჩვენს გლეხ-კაცობას, რომელიც ეუფლება თავად-აზნაურობისაგან ჩამორთმეულ მიწებს. და აი, კიდეც შემოარტყეს ცეცხლის რკალი ჩვენს ქვეყანას. მაგრამ ჩვენი ხალხი უსიკვდილოთ არავის დაუთმობს თავის უფლებას: ეს მან უკვე დაამტკიცა ახალციხის ბეგებთან და დენიკინის შავ ლაშქართან პირისპირ შეგებებით. შავი მტრის დასამარცხებლათ ჩვენის ახელოვან ჯარის გმირულ თავგანწირვასთან ერთად საჭიროა ყველა მოქალაქის ამ საქმეში მხურვალე მონაწილეობის მიღება. თუ ჩვენ დავმალავთ დეზერტირებს, ხელს დავაფარებთ  მათ და არ გავაგზავნით იქით, საითაც მოუწოდებს განთავისუფლებული სამშობლო, შეუპოვარ მეომართა რწმენაც ფრონტზე შეირყევა, ბრძოლისათვის აღტყინებული ნებისყოფა მოდუნდება და… ვინ იტყვის რა უბედურების წინაშე შეიძლება დადგეს მთელი ერი, ჩვენი დემოკრატია. არაფერი არ გაუტეხს მეომრებს გულს ისე, როგორც მათ ტოლთა დეზერტირობა. ამას ანგარიში უნდა გაუწიოს ყველამ, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლოს თავისუფლება და კეთილდღეობა. ეს უნდა გაითვალისწინოს მრავალ ტანჯულ გლეხკაცობამ, რომელსაც განუხარციელდა ოცნება: გადაიძრო მონობის უღელი, გახდა სრულუფლებოვანი მოქალაქე, ურიგდება მიწები და გამსჭვალულნი ერთი რწმენით უნდა დაეხმარონ ადმინისტრაციას დეზერტირების (1896, 1897 და 1898 წლებში დაბადებულების) შეპყრობისა და ჯარში გაგზავნის საქმეში.

            უკანასკნელი ვადა 4 სექტემბერია; ვინც ამ დრომდე არ დაბრუნდება ჯარში, ის როგორც მოღალატე და ორგული დაისჯება კანონით.

დუშეთის სამაზრო ერობის გამგეობა

Related Articles

Back to top button