ახალი ამბები

საპარლამენტო კვირა: 22 აპრილი – 3 მაისი

Tags

საკომიტეტო სხდომები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

23 აპრილს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში საპენსიო სააგენტოს დირექტორს ლევან სურგულაძეს მოუსმინეს, რომელმაც სააგენტოს მუშაობისა და საინვესტიციო საბჭოს ფორმირების პროცესზე ისაუბრა. მოსმენა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ინიციატივით გაიმართა.

ანგარიშის დასრულების შემდეგ, დეპუტატებმა მას შეკითხვები დაუსვეს. ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობას საპენსიო სააგენტოს დირექტორისგან აინტერესებდა, თუ როგორ მიმდინარეობს საპენსიო თანხების მობილიზება და ასევე მოქალაქეების მხრიდან საკუთარი თანხების კონტროლის მექანიზმი.

  • საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტი

23 აპრილს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრს, ვანო მაჭავარიანს მოუსმინეს, რომელმაც გახმაურებულ საკითხებთან დაკავშირებით – კომპანია „ომეგას“, საბანკო რეგულაციების, საპენსიო რეფორმის, შრომის ანაზღაურების ფონდის შესახებ ისაუბრა. საკომიტეტო მოსმენა ევროპული საქართველოს მოთხოვნის საფუძველზე გაიმართა.

მინისტრს კრიტიკული კითხვები ოპოზიციის დეპუტატებმა დაუსვეს. მათი კითხვები ძირითადად სიღარიბეს, ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას, სოციალურ ფონს და საპენსიო რეფორმას შეეხებოდა. დეპუტატებს აინტერესებდათ თუ რა კეთდება სახელმწიფოს მხრიდან არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად.

კომპანია ომეგასთან დაკავშირებით დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ მინისტრმა განაცხადა, რომ „ყველასთვის, ვინც ჩახედულია ამ სფეროში, საქმე არის ნათელი და უბრალოდ პოლიტიკური მიზნებისთვის არის გამოყენებული ეს კითხვა. აქ იყო საქმე აღიარებულ საგადასახდო დავალიანებასთან”.

საბანკო რეგულაციებთან მიმართებით მაჭავარიანმა განმარტა, რომ „ჩვენ, ძირითადად, ეროვნულ ბანკთან გვაქვს თანხმობა მთავარ პრინციპებზე და ხედვაზე. უმნიშვნელო განაკვეთებზე შეიძლება იყოს განსხვავება და ეს არის ნორმალური”.

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი

1 მაისს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის ინიციატივით, მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს, შრომის უსაფრთხოების თემაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა.

კილაძის ინიციატივითვე „თემატური მოკვლევის ჯგუფი“ შეიქმნება, რომელიც შრომის უსაფრთხოების საკითხებს დეტალურად შეისწავლის და მათზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

პლენარული სხდომები

30 აპრილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული კანონპროექტები განიხილეს. დამოუკიდებელმა პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ სხდომაზე, პირველი მოსმენით „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი წარმოადგინა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები წარდგენისა და შერჩევის წესს არეგულირებს.

ბესელიას განმარტებით, კანონპროექტში, პრინციპების დონეზე, გაზიარებულია ის რეკომენდაციები, რაც ვენეციის კომისიას, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისს (OSCE/ODIHR) და საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონდათ. კანონპროექტის განხილვა თითქმის ცარიელ დარბაზში მიმდინარეობდა.

1 მაისს გამართულ სხდომაზე პარლამენტმა ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილეს და 87 ხმით 33-ის წინააღმდეგ მიიღეს. ოპოზიცია მმართველ გუნდს საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნებას სთავაზობდა. ოპოზიციის შეფასებით, მსგავსი გადაწყვეტილებით, კანონმდებლებს საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის მხრიდან გამოთქმული რეკომენდაციების შესახებ არსობრივი მსჯელობის შესაძლებლობა მიეცემოდათ. თუმცა, ქართულმა ოცნებამ ოპოზიციის შეთავაზება არ გაითვალისწინა და კანონპროექტს კენჭი მაინც უყარა.

ამავე სხდომაზე დეპუტატებმა საერთო სასამართლოების შესახებ ეკა ბესელიასა და კიდევ 13 დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტსაც უყარეს კენჭი. მას მხარი მხოლოდ 29 დეპუტატმა დაუჭირა. შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივა ჩავარდა.

2 მაისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, პარლამენტის წინაშე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წარსდგა, რომელმაც სტრუქტურაში მიმდინარე რეფორმებზე და სიახლეებზე ისაუბრა. მინისტრის გამოსვლის შემდეგ სხდომა კითხვა – პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

მინისტრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დეპუტატების ძირითადი კითხვები დავით გარეჯსა და პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს, კრიმინალის გაზრდილ სტატისტიკას, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე დაკავებულებს, დავით კირკიტაძის პატიმრობას, ასევე ია კერზაიას, თემირლან მაჩალიკაშვილისა და ხორავას ქუჩის საქმეებს ეხებოდა.

მინისტრის პასუხების შემდეგ, სიტყვა დეპუტატებს დაეთმოთ. ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებით, მათ დასმულ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღეს.

3 მაისს პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა მესამე მოსმენით ერთხმად მხარი დაუჭირეს სექსუალური შევიწროვების შესახებ კანონპროექტს, რომლის მიხედვით სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდება.

3 მაისს დეპუტატების წინაშე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური მოხსენებით წარსდგა და დეპუტატებს 2018 წლის ანგარიში გააცნო, რის შემდეგაც სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.

შეხვედრები

  • 29 აპრილს ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ლილიან მორი პასკიეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემები ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები იყო.
  • 30 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველ დირექტორს ტომას მაიერ ჰარტინგს შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობისა და ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ იმსჯელეს.
  • 1 მაისს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფი სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე დეზინფორმაციის და პროპაგანდის გავრცელების საკითხები განიხილეს საოკუპაციო ხაზის, ქვეყნის საზღვრისპირა და უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში. პარლამენტის ინფორმაციით, ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ანტიდასავლურ საინფორმაციო პროპაგანდაზე ისაუბრა.
  • 3 მაისს ირაკლი კობახიძე ევროპისა და აზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯორჯ კენტს შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგისა და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე ინსტიტუციური რეფორმის შესახებ ისაუბრეს.

ვიზიტები

  • 25-26 აპრილს საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ბრიუსელში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული „როუზ-როს“-ის რიგით მე-100 საიუბილეო სემინარში მიიღო მონაწილეობა. პარლამენტის ინფორმაციით, სემინარის მთავარი თემა ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობა, ალიანსის გაფართოება, ნატოსა და რუსეთის ურთიერთობები იყო.
  • ევროპული საქართველოს დეპუტატი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ბელარუსში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან გამართა შეხვედრა. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს და ბელარუსს შორის ურთიერთობები განიხილეს და ყველა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს გაუსვეს ხაზი.

სხვა ღონისძიებები

  • 30 აპრილს ირაკლი კობახიძემ პარლამენტში საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა გახსნა. სხდომაზე ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ოცი წლის წინ საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნის პროგრესის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. სხდომას საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან ერთად, საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტიც დაესწრო. მათ კანონმდებლებს სიტყვით მიმართეს.
  • 30 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მან სამხედროებს სიტყვითაც მიმართა და განაცხადა: „საქართველო აღარასოდეს შეეგუება არა მარტო თავისუფლების, არამედ ჩვენი დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის თუნდაც უმცირესი ნაწილის დაკარგვასაც კი. ამ ბრძოლაში თქვენ, საქართველოს თავდაცვის ძალები ჩვენი ყველაზე საიმედო ავანგარდი ხართ“.
  • 1 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ რუსთაველის თეატრში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. „ჰოლოკოსტი არ იყო მხოლოდ ებრაელი ხალხის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ეს იყო ცივილიზებული სამყაროს დიდი ტკივილი, დიდი ჭრილობა, რომელიც ბოლომდე ჯერ კიდევ მოუშუშებელია“, – განაცხადა მან სიტყვით გამოსვლისას.
  • 3 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენლებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე მიულოცა. შესაბამისი განცხადება ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე გააკეთა და ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
  • 3 მაისს პარლამენტში პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფოტოგამოფენაც მოეწყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button