skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა სექსუალური შევიწროვების შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით, ერთხმად მიიღო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 3 მაისს, სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდება, მესამე მოსმენით მიიღეს. კანონპროექტს მხარი 100-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არცერთი იყო.

საქართველოს შრომის კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, სექსუალური შევიწროება დისკრიმინაციის განმარტებაში ჯდება და განსაზღვრულია, როგორც პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახავ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.

საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, სექსუალური ხასიათის ქცევად მიიჩნევა სექსუალური ხასიათის ფრაზების თქმა ან/და მიმართვა, გენიტალიების ჩვენება ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ნებისმიერი არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა.

საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში, კიდევ ერთი ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა, სადაც საზოგადეობრივ ადგილებში პირის მიმართ სექსუალური შევიწროებისთვის შესაბამისი სანქციებია გაწერილი:

  • პირველ ჯერზე სექსუალური შევიწროება 300 ლარის ოდენობის ჯარიმას გამოიწვევს;
  • სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, პირი იმავე ქმედების ჩადენის შემთხვევაში, 500 ლარით ლარით დაჯარიმდება ან ერთ თვემდე გამოსასწორებელი სამუშაოები დაეკისრება;
  • სექსუალური შევიწროება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით, 500-დან 800 ლარამდე დაჯარიმებას ითვალისწინებს;
  • იგივე ქმედება ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში ან ორი ან ორზე მეტი პირის მიერ კი, 800-დან 1000 ლარამდე დაჯარიმებას ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით ითვალისწინებს.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მიღებისას გათვალისწინებულ იქნა „არაერთი“ საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი, მათ შორის, გაეროს კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რომელიც სექსუალურ შევიწროებას კრძალავს. გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის (CEDAW) კომიტეტის რეკომენდაცია, საქართველოს მოუწოდებს შეიმუშავოს და გააძლიეროს სექსუალური შევიწროების პრევენციისა და აღმოფხვრის ეფექტური ზომები.

ასევე, ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენცია (მე-40 მუხლი), რომლის ხელმომწერიც საქართველოცაა, მხარეებს ავალდებულებს მიიღონ ყველა საკანონმდებლო ან საჭირო ზომა, რომ სექსუალური შევიწროება დაექვემდებაროს სისხლის სამართლის ან სხვა სახის სამართლებრივ სანქციებს.

განმარტებითი ბარათის თანახმად, სექსუალური შევიწროების შესახებ კანონის მიღებისას, გათვალისწინებულ იქნა კვლევაც (გენდერული თანასწორობა საქართველოში: ბარიერები და რეკომენდაციები), რომელიც რეკომენდაციებს სექსუალური შევიწროების კუთხითაც გასცემს.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში მომზადდა და მისი ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, რატი იონათამიშვილი, გუგული მაღრაძე, ენძელა მაჭავარიანი და გიორგი ტუღუში. კანონპროექტს აქტიურად ლობირებდნენ ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button