Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

ხმა ბორჩალოდან – მხარის გასაჭირი და გერმანულ-ქართულ-აზერბაიჯანული კონტრასტები

გაზ. „ერთობა“, 1919 წლის 26 აპრილი, №90.

            ბორჩალოს მაზრა საერთოთ ერთი საუკეთესი კუთხეთ უნდა ჩაითვალოს ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიაზე თავისი ადგილ-მდებარეობით თუ ბუნებისა და ნიადაგის სიმდიდრით.  მაგრამ თუ ეს კუთხე ჩვენი ქვეყნისა, მიუხედავათ მისი მიწების საარაკო სიმდიდრისა, აქამდის ვერ აყვავებულა, ამის მიზეზი უნდა ვეძიოთ საერთოდ მთელს ჩვენს ჩამორჩენილობაში და კერძოთ კი ამ მაზრის მრავალ-ფეროვან მცხოვრებთა საარაკო უვიცობაში. თუ რა სასწაული შეუძლია მოახდინოს აქ მადლიან მიწაზე, ადამიანის ცოდნამ და მუყაითობამ, ამის ცოცხალ მაგალითს იძლევა ამ მაზრის ერთ რაიონში გაშენებული გერმანელების ახალშენი ეკატერინფელდი.

            მშვენიერი, სუფთა, ელექტრონით განათებული საცხოვრებელი სახლებით, ქალაქის ყაიდაზე გაყვანილი განიერი და სწორი ქუჩებით და სხვა მოწყობილობით, ეს კოლონია ქალაქს უფრო წააგავს, ვიდრე სოფელს. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ მთელი კოლონია გარსშემორტყმულია მშვენიერი ხეხილის ბაღებით, თვალუწვდენელი ვენახებით, ბოსტნებით და შემდეგ საამურათ მობიბინე პურის ყანებით.

           როდესაც ვადარებ ამ კოლონიის სიმდიდრეს პურით, ხორცით, ღვინით, კარაქით, რძით, ხილით, ბოსტნეულობით და სხვა საოჯახო სურსათით, ჩვენი ქვეყნის სხვა კუთხეების ზოგიერთ მუდამ დამშეულ სოფლებს, გაოცებული ვეკითხები ჩემს თავს: სად იყო აქამდის ეს საცოდავი ხალხი, რომ ვერ მოვიდა აქ, ვერ დასახლდა და ვერ მოხნა რამოდენიმე ქცევა მიწა, რომ მუდამ სიმშილის აჩრდილი თავიდან აეცილებია მეთქი. მაგრამ რად შორს წავიდეთ, ავიღოთ სოფლები ქართველებისა, ან თათრების, რომლებიც აქვე კოლონიის მეზობლათ არის გაშენებული. რა საცოდავი, რა ბეჩავი არიან ისინი გერმანელთა კოლონიასთან შედარებით. დაარსებიდან თავის საკუთარ ნაგავში ჩაფლულნი, ერთი მეორეში მიდგმული ქოხმახები, თუ მიწური სახლები, ვინმე გამქცევის ბინებს უფრო მოგაგონებენ, ვიდრე ასეულ წლებით გაშენებულ სოფლებს. აბა სხვა შნოზე და სილამაზეზე, ან რაიმე კულტურაზე ლაპარაკიც ხომ ზედმეტია. ცხოვრობენ ასე საცოდავათ და პირზე ნერწყვი ადგებათ, შურთ გერმანელების კეთილდღეობას რომ უცქერიან.

რატომ ხართ ასე დასაწყლებული და მოუწყობელი, რატომ არ შეხედავთ და არ წაბაძავთ გერმანელებს, ეკითხები ამ სოფლების მცხოვრებთ, და გესმის პასუხად: „რა ვქნა, შენი ჭირიმე, შეგვჭამეს მაგ ქიტე ძაღლებმა, რაც კი მიწები იყო სუ მაგათ ჩაიგდეს ხელში, ეგენი სუ ნასწავლი ხალხია, თავრობაც სუ მაგათ ეხმარებოდა და აბა ჩვენ რას გავხდებოდით ამ სხვისი მიწის მუშაობით“.  იმას კი არ იტყვიან, თუ როგორ შრომობენ ისინი, როგორ ღამიანათ გამოდიან სამუშაოთ ქალიან-კაციანათ, როგორ რწყავენ და ანოყიერებენ თავიანთ მიწებს და სხ. ეხლა კითხე გერმანელებს, თუ რას გიპასუხებენ ისინი ამავე გარემოების შესახებ: ჩვენ შურით გვიცქერიან აქაურები, ეხარბებათ ჩვენი სიმდიდრე, იმაზედ კი არ ფიქრობენ, რომ მეტი ნაყოფი გამოაღებინონ მიწას. ჩვენ რომ აქ ორმოცი ვერსიდან არხი გამოგვყავდა, მაშინ ესენი დაგვცინოდნენ და სხ.“

 ბევრი, ძლიერ ბევრი რამ არის საჭირო ითქვას საერთოდ ბროჩალოს მაზრის შესახებ, მარა  ყოველივე ეს ამჟამად ძლიერ შორს წაგვიყვანდა. ვიტყვი მხოლოდ, რომ ამ მაზრაში ჯერ კიდევ სრულებით არ სჩანს ნაყოფი ჩვენი საერთო კულტრული მუშაობისა. ის ჩამორჩენილი და მივიწყებულია ყოველ მხრივ. არც არავითარი იდეური მუშაობა, არც რიგიანი სკოლები, არც გზები, არც საექიმო დახმარება ამ მაზრას ჯერ სათქმელათაც არ ღირსებია. ბევრი ძლიერ ბევრი საქმეა გასაკეთებელი აქ და კარგი იქნება, რომ თფილისში არსებული სასოფლო კომისია ცოტა უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევდეს ამ კუთხეს. მაშინ ადგილი აღარ იქნებოდა იმ ათასგვარ გაუგებრობას და რყევას, რასაც დღეს აქ ვამჩნევთ სხვადასხვა პირობების წყალობით. საჭიროა ერობის შემოღების დაჩქარებაც, თუმცა ისიცი უნდა ითქვას, რომ ეს მხარე ისეთი ღარიბია მცოდნე პირებითა და საერობო მოღვაწეებით, რომ პირველ ხანებში ერობაც ბევრს ვერას გააწყობს, თუ მთავრობამაც არ გაუწია ჯეროვანი დახმარება.

          რ. რ-ლი

მსგავსი/Related

Back to top button