skip to content
რესპუბლიკის ამბები

პირველი მაისი

გაზ. „ერთობა , 1919 წლის 1 მაისი, №94.

ამხანაგებო! დედამიწის ზურგზე არ არის მეორე დღესასწაული, რომელიც ყველა ერის მშრომელ ხალხს აერთიანებდეს.

            ეს ერთათ ერთი დღესასწაული – პირველი მაისია.

            მშრომელი ხალხი სხვადასხვა ეროვნებას ეკუთვნის, სხვადასხვა მიწა-წყალზე ცხოვრობს, სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობს. პირველი მაისი სპობს ამ სხვადასხვაობას ენისას, ერისას, ადგილისას, ის თავის გარშემო აერთიანებს მთელი დედამიწის მშრომელ ხალხს სადღესასწაულო ფერხულში.

            ყოველდღიურ ცხოვრებაში მშრომელი ხალხის ფიქრი და გრძნობა სხვადასხვა ნაირია.

            პირველი მაისი ერთადერთი დღეა, როდესაც მთელი ქვეყნის მშრომელი ხალხი ერთის ფიქრით არის შეპყრობილი, ერთის სურვილით გატაცებული, ერთის გრძნობით განსჭვალული.

            პირველი მაისი ყველაზე უდიდესი დღეა თავისი შინაარსით, თავისი მიზნით.

            პირველი მაისი მთელი ქვეყნის მშრომელი ხალხის დღესასწაულია, მხოლოდ მშრომელი ხალხის და სხვა არავისი. ეს დღესასწაული მშრომელი ხალხის გულს ავსებს სიხარულით, ბრძოლისა და გამარჯვების წყურვილით.

            მშრომელი ხალხის მტრებს კი ნაღველს უვსებს.

            წელიწადის დანარჩენი დღეები ყველას ეკუთვნის.

            პირველი მაისი კი მხოლოდ მშრომელი ხალხის დღე არის; ამ დღეში მას ვერავინ შეეცილება; ამ დღის არც ერთ წუთს ის არავის დაუთმობს.

            რატომ?

            იმიტომ, რომ პირველი მაისი მშრომელი ხალხის საბოლოო მიზნის – სოციალიზმის მატარებელია და განა ამ მიზნიდან მშრომელი ხალხი დასთმობს რაიმეს?

            განა ამ მიზნის განხორციელებაზე მშრომელი ხალხი თუნდ ერთი წუთითაც ხელს აიღებს?

            არასოდეს!

            ამხანაგებო! რას გვეუბნება პირველი მაისი?

            პირველი მაისი გვეუბნება, რომ წყობილება ძალმომრეობაზე, ერთი-მეორის დაჩაგვრასა და გაყვლეფაზე აგებული საბოლოოთ მოისპობა და ქვეყნათ დამყარდება სრული ძმობა, თანასწორობა და შრომის ბატონობა ანუ სოციალიზმი.

            პირველი მაისი გვეუბნება, რომ ერთად-ერთი ძალა, რომელიც მოწოდებულია კაცობრიობის განსათავისუფლებლად, რომელსაც შეუძლია ეს განთავისუფლება, – მშრომელი ხალხია – პროლეტარიატი და სოფლის მუშები.

            პირველი მაისი გვეუბნება, რომ დედამიწის ზურგზე არ არის და არც იქნება არავითარი ძალა რომელსაც შეეძლოს ამ დიდი საქმის წაშლა – სოციალიზმის დამყარება.

            ამხანაგებო! მთელი დედამიწის მტაცებლებმა, ევროპის ბურჟუებმა მშრომელი ხალხის სისხლი უმოწყალოთ ჰღვარეს ამ საშინელი ომის განმავლობაში და ახლა პარიზში თათბირობენ ნადავლის გასაყოფათ და თავისი ბატონობის გასამტკიცებლათ.

            მაგრამ მშრომელმა ხალხმა გაიხსენა პირველი მაისი, დაჰკრა ყიჟინა და მთელი დედამიწის ცხოვრების გარდასაქმნელად იბრძვის.

            მუშათა იდეა, ამ მტაცებელთა ძალადობას დაუპირისპირდა.

            მუშათა ინტერნაციონალი, მისი აღდგენილი სოლიდარობა მთელი ქვეყნის იმპერიალისტების წინააღმდეგ არის მიმართული.

            პირველი მაისი ნიშნავს ომიანობის მოსპობას, მუდმივი ჯარის გაუქმებას, მილიტარიზმის შემუსრვას. ძირს ომი, რომელსაც ძმათა დამონება აქვს მიზნათ! ძირს სისხლისღვრა, რომელიც ხელს უშლის ადამიანთა განვითარებას და სოციალიზმის მიღწევას.

            პირველი მაისი მილიტარიზმის უარმყოფელი დღესასწაულია.

            პირველი მაისი ხალხთა შორის მშვიდობიანობის მომასწავებელია.        

            ამხანაგებო! ამასთან ერთათ პირველი მაისი კლასიური დღესასწაულია. იგი მთელი ქვეყნის მშრომელთ აერთებს გამყვლეფთა წინააღმდეგ.

            პირველი მაისი გვასწავლის მუშათა კლასიურ ბრძოლას, და გვიქადაგებს გამარჯვებას.

            პირველი მაისი გვასწავლის, რომ ერთათ ერთი გზა მშრომელი ხალხის საბოლოო მიზნისკენ – სოციალიზმისკენ – არის გზა ბრძოლისა, და ერთათ ერთი თავდები გამარჯვებისა არის მშრომელი ხალხის სოლიდარობა, ერთათ დარაზმა, შეკავშირება და მჭიდრო ორგანიზაცია.

            პირველი მაისი გვიქადაგებს, რომ პროლეტარიატი და სოფლის მუშები – მშრომელი ხალხის ერთ მთლიან ჯარს წარმოადგენენ და ისინი მუდამ ერთათ უნდა იყონ, ერთათ ხელიხელ ჩაკიდებული უნდა იბრძოდენ მდიდართა კლასის წინააღმდეგ და აგრძელებდნენ გზას ბედნიერი მომავლისაკენ.  რა მისცა ჩვენს მშრომელ ხალხს პირველმა მაისმა?

            პირველმა მაისმა, მისი შინაარსის გათვალისწინებამ, მისი მცნებით სიარულმა მისცა ჩვენს მშრომელ ხალხს რუსეთის დიდი რევოლუცია და თავისუფლება, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და დამოუკიდებლობა.

                        პირველმა მაისმა მისცა პროლეტარიატს მოქალაქისა და პოლიტიკური უფლებანი, შრომის სამინისტრო, რვა საათის სამუშაო დღე.

            პირველი მაისის გზით სიარულმა გააუქმა ჩვენში წოდებები, აღადგინა გლეხის პიროვნება და ღირსება, მისცა მას მიწა და სრული თავისუფლება.

            პირველი მაისის გზით სიარულმა გახადა ჩვენი მშრომელი ხალხი ჩვენი ნორჩი რესპუბლიკის მპყრობელათ და ბატონ-პატრონათ.

            პირველი მაისი უნდა უჩვენებდეს ყველას, თუ რა უძლეველ ძალას წარმოადგენს შეერთებული, ერთად დარაზმული და ერთის სურვილით, ერთის გრძნობით შეიარაღებული მშრომელი ხალხი.

ამხანაგებო! ღირსეულ დღეს ღირსეულად შევხდეთ!

ბრწყინვალე დღესასწაული, ბრწყინვალეთ ჩავატაროთ!

ყველა ერთად შევხდეთ ამ დღეს. ყველამ ერთხმათ ვუმღეროთ მას დიდება!

გაუმარჯოს პირველ მაისს!

გაუმარჯოს ერთა სოლიდარობას!

ძირს მილიტარიზმი!

გაუმარჯოს სოციალიზმს!

საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტი

მსგავსი/Related

Back to top button