რესპუბლიკის ამბები

საუკუნის შემდეგ ქართული ეკლესია წმინდა მირონს ისევ ამზადებს

გაზ. „საქართველო“, 1920 წლის 4 აპრილი, N73.

          ერთი საუკუნის განმავლობაში საქართველოს ეკლესიას არ დაუმზადებია თავის სარწმუნოებრივი საჭიროებისათვის წმინდა მირონი. განთავისუფლებისთანავე საქართველოს ეკლესიამ აღიდგინა უფლება წმინდა მირონის დამზადებისა. პირველად წმინდა მირონი საქართველოს განთავისუფლებულმა ეკლესიამ დაამზადა განსვენებულ კათალიკოზ-პატრიარქის კირიონის დროს, თითქმის ორი წლის წინად. წრეულს საქართველოს ეკლესიას მეორედ უხდება წმინდა მირონის დამზადება. ეს ადვილი საქმე არ იყო ორი წლის წინეთაც ახლა ხომ თითქმის შეუძლებელი იყო საჭირო მასალების უქონლობის გამო. ფარმაცევტ ბ. ვ. ახვლედიანის უანგარო შრომას უნდა მიეწეროს, თუ წრეულსაც საქართველოს ეკლესია შესაძლებლად სთვლის წმ. მირონის დამზადებას. მან დიდის გაჭირვებით გამონახა ყოველივე საჭირო მასალა და თავის თავზე უსასყიდლოდ მიიღო წმ. მირონის ხარშვის ზედამხედველობა. თანახმად ჩვეულებისა, წმ. მირონის დამზადება დაიწყება ვნების კვირის ორშაბათს. ამ დღეს, ნაშუადღევს პირველ საათზე, მათი უწმინდესობა, კათალიკოზ-პატრიარქი ლეონიდე, თბილისის სამღვდელოების სრული შემადგენლობის თანამოსამსახურეობით, შეასრულებს წყლის კურთხევის წესს და შემდეგ ამისა აკურთხებს წმ. მირონისათვის დამზადებულ ძვირფას და იშვიათ მასალას, თავის ხელით აავსებს მირონის ქვაბს ზეთით, ღვინით და სუნნელებით და აღანათებს მის ქვეშ ცეცხლს, რომელიც არ დაჰქრება, სანამდის წმ. მირონი არ დამზადდება. შემდეგ ამისა იქვე თბილისის მღვდელ-დეკანოზი – შეუდგებიან წმ. სახარების განუწყვეტლად კითხვას, ხოლო დიაკონნი გასწევენ მორიგეობას წმ. მირონის ქვაბთან. მსურველთ აქვთ სრული უფლება დაესწრონ წმ. მირონის ხარშვას.

მსგავსი/Related

Back to top button