ძველი ამბები

წითელმა ჯვარმა მესხეთის ომის უპატრონოდ დარჩენილ ბავშვთათვის თავშესაფარი გახსნა

Tags

გაზ. „საქართველო“, 1919 წლის 26 აპრილი, N89.

           ამ მძიმე დროს იშვიათია ისეთი კულტურული დღესასწაული, სადაც კაცს შეეძლოს სულიერად დაისვენოს. ამასწინად შემთხვევა მქონდა ასეთ დღესასწაულს დავსწრებოდი. მთაწმინდის აღმართზე ერთ დიდ შენობაში წითელი ჯვრის ქალთა კომიტეტს მოუწყვია მესხეთ-ჯავახეთის ომის უპატრონოდ დარჩენილ ბავშვთათვის თავშესაფარი. აქ თავი მოუყრია ათას ექვსასზე მეტ ბავშვს სამი წლიდან თექვსმეტ წლამდე. მთელ დაწესებულებას ატყვია საოცარი თავდადებული მუშაობა ხელმძღვანელობისა. როგორც ქალთა კომიტეტს, ისე თავშესაფრის გამგეს ქალბატონ თამარ სუმბათაშვილისას, მის თანაშემწეს მოწყალების დას ნინო პარმაქსიზოვისას და მათ თანამშრომლებს ჩინებულად დაუყენებიათ საქმე. სისუფთავე ირგვლივ, მოვლა და დედობრივი დაყვავება ბავშვებს აქ ისეთ სულიერ განწყობილებას ქმნის, რომ ავიწყებინებს მათ ოჯახის დაკარგვას. გუშინ დავესწარით საღამოს, ბევრი მინახავს ბავშვთა საღამო, მაგრამ ასეთი ბუნებრივი, მართლა საბავშვო საღამოს მნახველი არა ვარ, სადაც საოცარი ბუნებრივათ პატარა ბავშვები მათთვის შესაფერ სცენებს თამაშობდენ. მეტად კმაყოფილი სტუმრები მთელი ქართველობის სახელით დიდი მადლობით გამოემშვიდობენ თავშესაფრის ხელმძღვანელთ.

პ. ს-ძე.

Related Articles

Back to top button