ძველი ამბები

სამხრეთის ოსები ჯარების გაყვანას ითხოვენ, სრულ ნდობას უცხადებენ რესპუბლიკის მთავრობას

Tags

(საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ცხინვალისა და ჯავის რაიონში ბოლშევიკური გამოსვლების გამო რთული სამხედრო პოლიტიკური მდგომარეობა შეიქმნა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მაქსიმალურად ცდილობდა დაესტაბილურებინა მდგომარეობა და ჩაეცხრო ბოლშევიკური გამოსვლები. სამხრეთის ოსებით დასახლებულ ადგილებში ანტიბოლშევიკურ სამხედრო კამპანიას რესპუბლიკის სახალხო გვარდიის ხელმძღვანელი ვალიკო ჯუღელი ხელმძღვანელობდა, რომელმაც საკმაოდ ეფექტურად იმოქმედა და რეგიონი გაწმინდა ბოლშევიკური დაჯგუფებებისაგან. გარდა სამხედრო მოქმედებებისა გადაიდგა პოლიტიკური ნაბიჯებიც, ნაწილობრივ შეიცვალა ოსთა ეროვნული საბჭოს შემადგენლობა, მოეწყო ადმინისტრაციული აპარატი, თუმცა გარკვეული პოლიტიკური პრობლემები კვლავ რჩებოდა. – რესპუბლიკა-100, Civil.ge)

„საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წლის 17 ივლისი, N156.

სამხრეთ ოსეთის საკითხის გამო ბატონ ქარცივაძის დეპეშა.

            შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გორის მაზრის კომისარ ი. ე. ქარცივაძისგან შემდეგი დეპეშა: „კომისარი გასიევი იტყობინება, რომ ცხინვალში ჯარის ნაწილების დგომა საპროვოკაციო ნიადაგს ამზადებს მთიულ-ოსეთში და უნდობლობას ჰბადებს მთავრობისადმი. ჯავის საზოგადოების 6 ივლისის მოქალაქეთა კრებამ ერთხმად დაადგინა: ითხოვოს, რომ  გაგზავნონ ჯავა-გორის მაზრის კომისარი და მუშათა დეპუტატების ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტის წარმომადგენელი, რათა მათ გაჰფანტონ ყოველივე გაუგებრობა, ამის გამო და აგრეთვე იმიტომ, რომ ოსეთში ადმინისტრაციული აპარატი უკვე დაყენებულია, სოფლის კომისრები ყველა ხელ ახლა დარჩეულია, დანიშნულია, ახალი რაიონის კომისარი და მცხოვრებლები, ჰგმობენ რა ძველ ეროვნულ საბჭოს ყოფაქცევას სრულ ნდობას უცხადებენ რესპუბლიკის მთავრობას, გთხოვთ შეაჩეროთ ჯარის ნაწილების წინ წაწევა და გამოიყვანოთ ჯარი ცხინვალის რაიონიდან.

ტელეგრამა ოსეთის რაიონის კომისარს

            თქვენი დეპეშის პასუხათ გაცნობებთ, რომ ჩვენ საჩქაროთ ავღძარით შუამდგომლობა შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე, როგორც ოსეთში შესული ჯარების შეჩერების შესახებ, აგრეთვე ცხინვალიდან ჯარის გაყვანის შესახებაც. თუ ჩემი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ იქნება, მაშინვე ჩამოვალ ყველა გაუგებრობისა და სადაო საკითხების გამოსარკვევათ. აუხსენით მცხოვრებლებს, რომ ჯარის დგომამ არ უნდა დააფიქროს ისინი, რადგან ჯარი გაგზავნილია წესრიგის აღსადგენათ, რომელიც დაარღვია რამდენიმე ბოროტ-გამზრახველმა პირმა ოსეთის მშრომელი ხალხის საზიანოთ.

            ყველაფერი ამის შეგნების შემდეგ მცხოვრებლებმა ყოველივე დახმარება უნდა აღმოგიჩინოთ, როგორც თქვენ მთავრობის წარმომადგენელს, ისევე ჯარის ნაწილებს. ვიმედოვნებ, რომ მთიულ ოსეთის მცხოვრებლები ყურადღებით და შეგნებით მოეპყრობიან მთავრობის ყოველგვარ ზომებს, არავითარ პროვოკაციას ადგილი არ ექნება და თვითონვე ჩააჩუმებენ ისეთ პირებს, რომელნიც სიძულვილს ჰბადებენ ერთა შორის – ერთი მხრივ და მცხოვრებთა და მთავრობას შორის მეორე მხრივ. შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხს დამატებით გაცნობებთ.

სამინისტროს პასუხი

            ვინაიდან სამხრეთ ოსეთში მყოფმა სამხედრო ნაწილმა უკვე შეასრულა თავისი დანიშნულება და მომავალში მისი იქ დარჩენა აუცილებელ საჭიროებას არ შეადგენს, რადგანაც ამ ჟამად სამხრეთ ოსეთში არავითარ ანარქიულ გამოსვლებს ადგილი არა აქვს და იქ სრული სიმშვიდე დამყარდა და ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სრული ნდობა გამოუცხადეს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სამხედრო სამინისტროსთან შეთანხმებით, უკვე მოახდინა სათანადო განკარგულება, რათა აღნიშნული სამხედრო ნაწილი გამოყვანილ იქნას ხსენებული რაიონიდან.

Related Articles

Back to top button