Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

ტფილისში დაარსდა ჯარისკაცთა “უნივერსიტეტი”

გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წლის 2 ივლისი, N143.

            ქალაქ თბილისში მყოფ ჯარის-კაცთათვის დაარსდა უნივერსიტეტი, რომლის მიზანია ჯარში შეიტანოს სწავლა-განათლება და ამით ხელი შეუწყოს მათ გონივრულ განვითარებას.

            ვინაიდან ქ. ტფილისში ბევრი ჯარის ნაწილებია და ისინი სცხოვრობენ ქალაქის სხვა და სხვა უბნებში, შეუძლებელი ხდება ამნაირი უნივერსიტეტის მხოლოდ ერთ ადგილას არსებობა, აი, ამიტომ სხვა და სხვა უბნებში გაიხსნება რამდენიმე უნივერსიტეტი.

            ჯარის-კაცთა უნივერსიტეტი იქნება დაყოფილი შემდეგ რაიონებათ:

I რაიონი: შუაგულ ქალაქში მდგომი ნაწილები (შოთა რუსთაველის ქუჩა) და ახლო მახლო, სამხედრო სამინისტრო, სტამბა და სხვა…

II რაიონი: ავლაბარი (ავლაბარში მდგომი ნაწილები).

III რაიონი: არსენალი და რკინის გზის ლიანდაგზე მდგომი  ჯარის ნაწილები.

IV რაიონი: ნავთლუღში მყოფი ჯარის ნაწილები.

            პირველი რაიონის ლექციები შესდგება სანაპირო ჯარების შტაბის ეზოში (ბროსეს ქ.).

            მეორე რაიონის ლექციები შესდგება ხოლმე მეხუთე რაზმის შენობაში (მინგრელსკის ყაზარმაში)

            მესამე რაიონის ლექციები შესდგება ხოლმე არსენალში.

            მეოთხე რაიონის ლექციები შედგება ნავთლუღის პირველ ცხენოსან რაზმის ყაზარმაში (ყოფილი ნიჟეგოროდის ყაზარმა).

  1. ლექციის ადგილი, თემა და ლექტორის ვინაობა წინასწარ იქნება გამოცხადებული გაზეთების ქრონიკაში.
  2. ჯარის-კაცნი მოვალენი არიან სისტემატურად იარონ ხოლმე ლექციებზე, ამის ასრულებას ყურს უგდებენ ჯარის ნაწილების უფროსები.
  3. ყველა ნაწილებში შესდგება სია იმ ჯარის-კაცების, რომლებიც იქნებიან მუდმივი მსმენელნი უნივერსიტეტისა.
  4. ლექციების წაკითხვის დრო და ნაწილი წინასწარ ეცნობებათ ჯარის ნაწილების უფროსებს.
  5. ლექციები წაიკითხება შეძლების და გვარად ბუნდოვანი სურათების საშუალებით, რომელიც უფრო დააინტერესებს ჯარის-კაცებს.

მსგავსი/Related

Back to top button