skip to content
რესპუბლიკის ამბები

ეკატერინე გაბაშვილი ქალთა წრეებს პროფესიონალური სკოლის დაარსებისკენ მოუწოდებს

(თბილელ ქალთა წრეების მართველთა საყურადღებოდ)

გაზ. „საქართველო“, 1919 წლის 27 ივნისი, N132.

ყველას მოეხსენება, რომ თბილისში დიდი ხნიდგან არსებობს ქალთა ერთი პატარა წრე, რომელიც აწარმოებს პატარა სკოლას და ყოველ წლივ უგზავნის ქართველ საზოგადოებას ოცდა-ათიდან ორმოცდა ათამდე, რიგიანად მომზადებულ ხელოსან ქალებს.

            დღეს, როდესაც ჩვენი დედა ქალაქი ხვთის და გარემოების წყალობით თავისუფალ მოქალაქობრივ ცენტრად იქცა, სადაც ყოველი ხელოვნება და ხელოსნობა შეერთებულის ძალით აგანიერებს თავის დარგს მუშაობისას, ქართველ ქალთა პროფესიონალური სკოლის გამგეობაც მიმართავს სხვა ქალთა წრეებს, რომელნიც კარგა ბლომათ მოიპოვებიან თბილისში და სთხოვს ამათ შეჰკრან საერთო კავშირი და შეერთებულის ძალით გააფართოვონ ეს აუცილებელი და ფრიად საჭირო საქმე.

ქალთა წრეები აწარმოებენ: „ძმური ნუგეშის“ საჩაიეს, სასადილო „იმედს“, „განათლებას“ ქალთა წრე, კავკასიელ ქალთა ქართული განყოფილების წრე და სხვა. რასაკვირველია, ყველა ეს წრეები პატიოსნად და წარჩინებით აწარმოებენ თავიანთ საქმეს, მაგრამ ისევ პატარას და განმარტოვებულად, როგორც „ჭრა-კერვის“ მწარმოებელი საზოგადოება.

            რომ შეერთდნენ კი ეს წრეები მაშინ მათი ძალა და მნიშვნელობა ერთი-ათად გაღონიერდება და მოიტანდა შესანიშნავ შედეგს თვალსაჩინო გახდებოდა ქართველ ქალთა სახელობით არსებული დაწესებულება და სამაგალითო ცენტრად იქცეოდა პროვინციისთვის, რომელიც ყოველთვის გაფაციცებით ადევნებს თვალს ქალაქში დაწყებულ საქმეებს.

            ამ ოცი წლის განმავლობაში ქალთა წრეები მრავლად აღმოცენდნენ ჩვენ დაბა ქალაქებში და თითქმის ყველგან აწარმოებენ პროფესიონალურ სწავლის დარგვას, ობლის ქალთა წრის მიხედვით, ვგონებ. ქართლი, კახეთი, იმერეთი ერთმანეთს ეჯიბრება ამ შემთხვევაში და მათშიაც კი გაიხსნა რამდენიმე საპროფესიონალო ქალთა სკოლა. ეს მოვლენა დიდად საყურადღებოა და ჩვენ თბილელმა ქალებმა უთუოდ უნდა სისტემურად მოვაწყოთ და გავაგანიეროთ პროფესიონალური აღზრდის საქმე, რომ ხელმძღვანელობდეთ პროვინციას.

            ამისათვის უთუოთ საჭიროა შეერთებული ძალა და ერთი დიდი თვალსაჩინო საქმის წარმოება, მაგალითად, დღეს არსებული პატარა „ჭრა-კერვის“ სკოლის პროგრამა ისე უნდა გაფართოვდეს, რომ ყოველი ქალთა საჭირო სამკაულის განყოფილება, მაგალითად ბაშმაკების, ჩულქების, საცვლების, ტანისამოსის, ქუდების და ხელოვნურად სახელოსნოები აკმაყოფილებდნენ, თუ სრულებით არა, თვალსაჩინოთ მაინც, ჩვენ მოთხოვნილებას და თან ამ სახელოსნო სკოლებში მზადდებოდნენ მასწავლებელნი პროვინციისთვის.

            ამ გაფართოვებულ საქმესთან და ფართე სადგურში მოწყობილთა, მოეწყობოდა „საჩაიე“, სასადილო, ქალთა კლუბი, რომელთა წევრები ამასთანავე იქნებოდნენ წევრებად და მზრუნველებად ყოველივე ზემოდ ჩამოთვლილ დაწესებულ სახელოსნო სკოლების.

            ჩვენ ბევრი გიმნაზიები გვაქვს, სადაც ქალები იღებენ საზოგადო განათლებას და შემდეგ მიდიან მოხელეებათ, მასწავლებლებად და კერძო კანტორებში სამუშაოდ. საპროფესიონალო განათლება კი, თითქმის უყურადღებოდ არის მიტოვებული. უმრავლესობა ხალხისა კი, თხოულობს იმისთანა ცოდნას, რომელიც გააუმჯობესებს ხელოსნობას, ოჯახში შეიტანს აუცილებელ ცოდნას შეგნებულად და ხელოვნურად მიღებულს.

            რასაკვირველია, ფრიად საჭირონი არიან ჩვენთვის საზოგადო განათლების და უმაღლესი განათლებით აღჭურვილი ქალნი, მაგრამ ხელოსანნი და კულინარნი ქალები ერთი ათასად უფრო მომეტებულნი უნდა გვყავდეს, თუ გვინდა ხალხში შევიტანოთ კულტურულად მოწყობილი საქმიანობა.

            ქალთა ამხანაგობის „ჭრა-კერვის“ სკოლის საზოგადო წლიური კრება დანიშნულია კვირას, 29 ივნისს, სკოლის სადგურში, (გაბაან ქუჩა #3) 12 საათზედ. საჭიროა ამ წრის წევრების გარდა, შიეკრიბონ სხვა ქალთა წრეების წარმომადგენლებიც და საერთო მსჯელობა იქონიონ ამ ჩემ წინადადებაზე.

            ვგონებ დროა ცალკცალკე კუთხეებში ჯდომას და პირად თავმოყვარეობას თავი დავანაბეთო და შეკავშირებულნი ერთობით ერთი დიდი რამ და მშვენიერი შევქმნათ ჩვენ დედა ქალაქში, რომ პროვინციამ იცოდეს ვის მიმართოს ხელმძღვანელობისთვის და ვისგან შეიძინოს მომზადებული მოსწავლეები, რომლებთა მოთხოვნილება დიდია და დაკმაყოფილება კი პატარა სკოლას არ სძალუძს.

            „ჭრა კერვის“ სკოლას აუარებელი წერილები მოსდის დახელონებული ხელოსნის მოთხოვნილებით, მაგრამ იშვიათად ახერხებს ასრულებას, რადგან ძლიერ ცოტანი არიან და ვინც არიან დიდ ქალაქებს ამჯობინებენ ბევრნი კი რომ იქნებიან და დიდი ქალაქები აივსებიან, მაშინ მომატებულნი პროვინციასაც მიატანენ.

            მაშ ასე, კვირას 29 ივნისს, 12 საათზედ ქართველ ქალთა ჭრა-კერვის სადგურში შეიკრიბებიან ყველა ქართველი წრეების წარმომადგენლები და შეეცდებიან მოაწყონ ის საქმე, რომელიც ზემოთ ავღნიშნე და, რომელიც უეჭველია, ყოველი ქართველი დედაკაცის თანაგრძნობას იპყრობს.

გამგე ქართველ ქალთა ჭრა-კერვის სკოლისა

ეკატერინე გაბაშვილი

მსგავსი/Related

Back to top button