ძველი ამბები

თბილისში დაარსდა ღარიბ მოქალაქეებზე სოციალური მზრუნველობის საზოგადოება

Tags

„ერთობა“, 1919 წელი, 24 მაისი, №113.

            მოქალაქენო! ქალაქის თვითმმართველობასთან დაარსდა ქალაქის ღარიბ მცხოვრებთა სოციალური დამხმარებელი მზრუნველობა. ამ დაწესებულებაში შედიან: ქალაქის გამგეობის, დამფუძნებელი კრების, ქალაქის საბჭოს, შრომის კომისიების, შრომის სამინისტროს, შრომის ბირჟის, ქალაქის გამგეობის მედიკო-სანიტარული და სასწავლებლის განყოფილებების, სახალხო უნივერსიტეტის, სამინისტროების, სომხების, რუსებისა და ებრაელების ეროვნული საბჭოების წარმომადგენლები.

            მზრუნველობის მიზანია აღმოუჩინოს ფართე სოციალური დახმარება მცხოვრებლებს. მოაწყოს სახელოსნოები, საზოგადო სამუშაოები უმუშევართათვის, სამუშაო სახლი ქუჩის ბავშვთათვის, სამეცნიერო აღმზრდელი სასწავლებლები, ბავშვების თავშესაფრები, სასადილოები, ბიბლიოთეკები და სხვა. მზრუნველობას მიზნათ აქვს მოაწყოს ლექციები ჰიგიენაზე, საბაღოსნო, საბოსტნო, და საჭირო საგნებზე. მზრუნველობის დასახული მიზნების განსახორციელბლად საჭიროა საშვალება, რომელიც მზრუნველობის აზრით შეიძლება გამოიძებნოს სპეციალური გადასახადებიდან სხვადასხვა გასართობ ადგილების ბილეთებზე, მაგრამ არც ეს არი საკმარისი. წინასწარ საჭირო ხარჯებისათვის მზრუნველობა აპირებს ივნისში გამართოს წარმოდგენები, სეირნობა, ლექციები, დიდი ლატარია და სხვა. – რადგანაც ლატარიისთვის საჭიროა 25 000 ნივთი, მზრუნველობა იმედოვნებს, რომ ამ ნივთებს შეაგროვეს კერძო პირებისაგან და სავაჭრო-სამრეწველო დაწესებულებებიდან, როგორც შემოწირულობებს. მოგმართავთ რა, თქვენ, მოქალაქენო, მზრუნველობა იმედოვნებს, რომ უყურადღებოდ არ დასტოვებთ და შემოსწირავთ ლატარიისთვის სხვადასხვა საჭირო ნივთებს.

            შემოწირულობების მომგროვებელთ თან უნდა ჰქონდეთ სათანადო მოწმებები, მზრუნველობის თავმჯდომარეს ამხანაგის ნინო რუსიას და ნ. გიკის ხელმოწერით მზრუნველობის ბეჭდის დასმით.

            შემოწირულობა მიიღება ქალაქის შრომის ბირჟაში (მადათოვის ქუჩა №11, ალექსანდრეს ბაღის ქვემოთა ნაწილის პირდაპირ). ყოველ დღე 8-დან 2 საათამდე.თუ ვინმე მოისურვებს ნივთების შეწირვას, ვთხოვთ ასეთ პირებს ტელეფონით გვაცნობოს 8-12, გაგზავნილი იქნება საგანგებო პირი ნივთების მისაღებათ.

მზრუნველობის გამგეობა

Related Articles

Back to top button