ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 62-ე რაუნდი
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 62-ე რაუნდი 2024 წლის 5-6 ნოემბერს გაიმართა.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომელსაც საფუძველი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სხდომები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარებს, რომელთაგანაც ერთი მშვიდობისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.
თბილისის პოზიცია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების თემებზე.
ამავე ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზე და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებებზე.
თანათავმჯდომარეების პრეს-კომუნიკე
„მიუხედავად მკვეთრად განსხვავებული პოზიციებისა, მონაწილეებმა მოახერხეს ადგილზე არსებული ვითარების შესახებ პოზიციების გაცვლა“, – ნათქვამია დისკუსიების თანათავმჯდომარეთა პრეს-კომუნიკეში.
დისკუსიების მორიგ რაუნდს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის რანგში პირველად თანათავმჯდომარეობდა მაგდალენა გრონო.
კომუნიკეში ნათქვამია, რომ პირველ სამუშაო ჯგუფში „მონაწილეებმა განაგრძეს დისკუსია 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანხმების განხორციელების შესახებ, რა დროსაც აქცენტი გაკეთდა ძალის გამოუყენებლობასა და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების უზრუნველყოფაზე“.
მეორე სამუშაო ჯგუფში, მონაწილებმა განიხილეს ჰუმანიტარული საკითხები, როგორიცაა გადაადგილების თავისუფლება, საარსებო წყარო, დოკუმენტაცია, განათლება და გაუჩინარებული პირები. თანათავმჯდომარეების თქმით, დევნილთა და ლტოლვილთა საკითხის განხილვა „ზოგიერთი მონაწილის“ მიერ შეხვედრის დატოვების გამო ვერ მოხერხდა.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია, თბილისიდან შემოსული შემრიგებლური სიგნალები პრაქტიკულ ნაბიჯებში გადაიზარდოს და რომ თბილისმა აიღოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულება, ასევე დაიწყოს დელიმიტაციის, შემდეგ კი დემარკაციის პროცესი ცხინვალთან და სოხუმთან.
„ამ ამოცანების აქტუალობა განაპირობა ოფიციალური თბილისის აღიარებამ, რომ თავად საქართველოში და მის მიღმა არებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამუშავებენ გეგმებს რუსეთის წინააღმდეგ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ‘მეორე ფრონტის’ გახსნის შესახებ, ასევე რეგულარუდად ადასტურებენ საქართველოს კონსტიტუციის დებულებებს ქვეყნი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და აგრძელებენ ეროვნული შეიარაღებული ძალების მშენებლობას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „ჰუმანიტარული კუთხით დაბრკოლებად რჩება გაეროს გენერალური ასამბლეის უაღრესად პოლიტიზირებულ რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ, რომელსაც თბილისი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში ყოველწლიურად წარადგენს“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადგილზე არსებული ვითარება შეაფასა როგორც „შედარებით მშვიდი“ და მიესალმა ერგნეთში IPRM-ის ფორმატი მუშაობას. „ხორციელდება ძალისხმევა ანალოგიური ფორმატის გალში ასამოქმედებლად“, – ნათქვამია განცხადებაში
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ვინაიდან შვეიცარიამ ფაქტიურად დაკარგა ნეიტრალური სტატუსი მას შემდეგ, რაც ევროკავშირის „ანტირუსული უკანონო სანქციების ყველა პაკეტს“ შეუერთდა, კიდევ ერთხელ დაისვა საკითხი ჟენევის დისკუსიების სხვა ადგილას გადატანის თაობაზე.
სოხუმის პოზიცია
აფხაზური წყაროების ცნობით, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) საქმიანობის განახლება დისკუსიის მთავარი ელემენტი იყო, სადაც ყველა დელეგაციის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა მექანიზმის აღდგენის მიმართ. თუმცა, მხარეთა ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები IPRM-ის შეხვედრების ტექნიკურ მხარესთან დაკავშირებით დამაბრკოლებელ ფაქტორად დასახელდა.
მეორე სამუშაო ჯგუფში აფხაზმა მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ე.წ. „ეროვნული პასპორტების“ მქონე მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლებაზე. აფხაზური წყაროების ინფორმაციით, დისკუსიების მორიგი რაუნდი ასევე ითვალისწინებს საინფორმაციო შეხვედრის გამართვას და ამ საკითხზე სამუშაო ჯგუფის შექმნას.
ცხინვალის პოზიცია
ცხინვალის წარმომადგენლებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება ძალის არგამოყენების შეთანხმების საკითხზე. მათ ხაზი გაუსვეს IPRM-ის ეფექტურ ფუნქციონირებას, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში სტაბილურობას უზრუნველყოფს.
სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა რუსებთან და აფხაზებთან ერთად კიდევ ერთხელ დააყენეს საკითხი ჟენევიდან რეგულარული რაუნდების ყველა მონაწილისთვის მისაღებ ადგილას გადატანის თაობაზე.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი 2025 წლის მარტში გაიმართება.
- 27/06/2024 – ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 61-ე რაუნდი
- 07/04/2024 – ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მე-60 რაუნდი
- 07/12/2023 – ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 59-ე რაუნდი
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)