skip to content
ახალი ამბები

მეთიუ მილერი: აშშ არ მოერიდება დამატებითი ზომების მიღებას

4 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ხალხს და მის მისწრაფებებს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ და არ მოერიდება დამატებითი ზომების მიღებას „ქართული ოცნების“ არადემოკრატიული ნაბიჯების საპასუხოდ.

მილერმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს საქართველოს ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ. „ჩვენ, მოგეხსენებათ, გადახედვის პროცესში გვაქვს … მნიშვნელოვანი ოდენობის დახმარება, რომელსაც საქართველოს მთავრობას ვუწევთ და 95 მილიონი დოლარის დახმარება შევაჩერეთ“, – აღნიშნა მილერმა.

„ჩვენ კვლავაც შევაფასებთ იმას, არის თუ არა საჭირო დამატებითი ზომების მიღება და თუ ასე იქნება, არ მოვერიდებით მათ გამოყენებას“, – განაცხადა მილერმა და დასძინა, რომ მოცემულ მომენტში მას არაფერი აქვს სათქმელი იმის შესახებ, თუ რა დამატებითი სანქციები შეიძლება განახორციელოს აშშ-მა.

დღემდე მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ აღიარა არჩევნების შედეგები, მათ შორის არიან აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, უნგრეთი, ირანი და ჩინეთი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button