Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

ახალციხის მუსლიმი ქართველი გლეხები პრო-ქართულ ორიენტაციაზე დგებიან

(„საქართველოს რესპუბლიკა“, N5, იანვრის 7, 1919)

ახალციხე

გლეხთა ყრილობის მე-2 დღე

კრება გაიხსნა 2 იანვარს 12 საათზე ყადირლ-ალი-ოღლი გვარამაძის თავმჯდომარეობით. დღის წესრიგში 1 კითხვათ სდგას სამაჰმადიანო საქართველოს საკითხი. თეატრის დარბაზი სავსეა ხალხით. გლეხი-დელეგატები ამ კითხვისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ. ჯერ სანამ სხდომა დაიწყებოდეს ჯგუფ-ჯგუფათ სდგანან დარბაზში და ცხარე კამათი აქვთ. ყველა გმობს ბეგების პოლიტიკას, წყევლა კრულვით იხსენიებენ მათ ბატონობას და სამაჰმადიანო საქართველოს შემოერთების საკითხი გადაწყვეტილათ მიაჩნიათ. 12 საათზე ყადირ-ოღლი გვარამაძე ხსნის კრებას. მოხუცი თავმჯდომარე სთხოვს დამსწრე დელეგატებს მეტი ყურადღებით მოეპყრან იმ დიდ კითხვას, რომელსაც შეუძლიან ჩვენი ისევ საუკუნოების განმავლობაში დამონავება, თუ ის დემოკრატიის სასარგებლოთ არ გადაწყდაო.

პირველ მომხსენებლათ გამოდის სამაჰმადიანო საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტის წარმომადგენელი ყადირ შერვაშიძე, მოკლეთ, მარა შინაარსიანათ ახასიათებს სამაჰმადიანო საქართველოს ტრაღიკულ მდგომარეობას, უხატავს გლეხებს საშინელ სიბნელის და დაბეჩავების შედეგებს, რომელიც მათ გასაქანს არ აძლევს.

ადარებს საქართველოს რესპუბლიკას მეზობელ ბურჟუაზიულ და რეაქციონურ ქვეყნებს და ამბობს, რომ თუ სამაჰმადიანო საქართველოს სურს განთავისუფლება მონობისაგან, თუ გლეხკაცობას უნდა მიიღოს ყველა ის ბედნიერება, რაც წილად ხვდა საქართველოს ხალხს, მაშინ ქართველმა მაჰმადიანობამ თვალი უნდა მოაშოროს მის [დამღუპველ?]… ზურგი უნდა აუქციოს ..[…]… რეაქციონერებს და ბეგებს და ხელი  ..[…].. გაუწოდოს ტფილისს, სადაც საქართველოს დემოკრატიის გული სძგერს, სადაც ხალხი თვით არის თავისი თავის ბატონ-პატრონიო (ორატორს გლეხები ხშირად აწყვეტინებენ სიტყვა ტაშის კვრით. ყოველ წუთს გაისმის ხმები „მართალია, მართალია“. ბევრი მადგანი ცრემლებს იწმენდდა.

შერვაშიძის შემდეგ გამოდის ჰაიდარ აბაშიძე, რომელიც თავის გრძელ სიტყვაში ყოველ მხრივათ ასაბუთებს სამაჰმადიანო საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებში დარჩენის აუცილებლობას. მისმა შინაარსიანმა სიტყვამ ყრილობის ოვაციები დაიმსახურა, თვით გლეხთა ტაშის კვრას საზღვარი არ ჰქონდა.

მსგავსი/Related

Back to top button